четверг, 15 сентября 2016 г.

ღმერთო, როდემდე?!


აბა გამოიცანით, რომელია ყველაზე საძულველი, ყველაზე საზიზღარი სახელი ბიბლიაში, თანამედროვე ქრისტიანების უმრავლესობისათვის. 

რაც უფრო მეტი დრო გადის, რაც ამ ბლოგს ვწერ და კომენტატორებთან მაქვს ურთიერთობა, მით უფრო მეტად მეუფლება ის გრძნობა, რომელმაც აიძულა ფსალმუნმომღერალი, რომ წამოეძახა:



ღმერთო, როდემდე უნდა შეურაცხგყოფდეს მტერი? ნუთუ მუდამ უპატივცემულოდ უნდა ეპყრობოდეს მტერი შენს სახელს? …გახსოვდეს: მტერი შეურაცხგყოფს, იეჰოვა, და უგუნური ხალხი უპატივცემულოდ ეპყრობა შენს სახელს (ფსალმუნები 74:10,18 (73:10, 18)).

როდესაც ახალ ცასა და ახალ მიწაზე ვფიქრობ, რომლებზეც დამკვიდრებული იქნება სიმართლე (2 პეტრე 3:13), მე ყველაზე ხშირად ვფიქრობ არა ჯანმრთელობაზე და მარადიულ სიცოცხლეზე, არა სახლზე და გაზონზე. ჩემი ფიქრები სხვა რამით კავდება: ბოლოს და ბოლოს უწმინდურები ღვთის სახელის შეურაცხყოფას შეწყვეტენ! ბოლოს და ბოლოს ის სრულიად გასუფთავდება, გაქათქათდება და განიწმინდება! მაგრამ, რამდენად დიდია იეჰოვას მოთმინება! ეს ფუჭი საღვთისმეტყველო საკითხი როდია. ის გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც სამყაროს, ასევე თითოეული მისი მცხოვრების ბედ-იღბალში. შემოქმედის სახელის შეურაცხყოფა – ეს თავად შემოქმედის შეურაცხყოფაცაა, რადგან შეუძლებელია პატივს სცემდე მას, ვისი სახელიც გძულს. ესაა ყველაზე დამღუპველი ქმედება, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. ის კოლოსალურ ზიანს აყენებს როგორც მას, ასევე მის გარშემო მყოფებს. ტყუილად როდი დგას, სანიმუშო ლოცვაში "მამაო ჩვენო", თხოვნა ღვთის სახელის განწმენდის შესახებ პირველ ადგილზე (მათე 6:9). სხვა ლოცვაში იესო კვლავ იმეორებს: «მამა! განადიდე შენი სახელი!» (იოანე 12:28). და მამა მაშინვე პასუხობს: «განვადიდე და კვლავაც განვადიდებ».

დიახ, ღმერთმა მძლავრად განადიდა თავისი სახელი პირველ საუკუნეში. და შემდეგ რა მოხდა? უკვე ორი ათასი წელია რაც, ვითომ და ქრისტიანები მიზეზს მიზეზზე იგონებენ იმისათვის, რომ ღვთის სახელი განდევნონ. თავიდან ეს იყო უპიროვნო ეპითეტი «უფალი», რომლის დახმარებითაც სახელი მთელი ბიბლიიდან ამოკვეთეს. შემდეგ გამოჩნდა მისტიკური წმინდა სამება. შუა საუკუნეებში არსებული ზოგიერთი ჯგუფები იქამდეც მივიდნენ, რომ განაცხადეს, თითქოს იეჰოვა – ეს ეშმაკის ერთ-ერთი სახელია ბიბლიაში. დღეს ადამიანების მასები ამტკიცებენ, რომ ღვთის სახელმა და თავად ღმერთმა ადგილი ქრისტეს უნდა დაუთმონ, თუმცა თავად ქრისტე ყოველთვის მამას აქებდა და ადიდებდა (იოანე 7:16, 18). სხვები სრულიად აბსურდულ მიზეზებს ეპოტინებიან, ვითომდა ფილოსოფოსების აზრებს, ფარისეველთა წეს-ჩვეულებებს ან სახელის სწორად წარმოთქმის დადგენის შეუძლებლობას. ეს ბოლო ფაქტორი სულაც არ უშლის მათ ხელს სხვა ნებისმიერი ებრაული სახელების წარმოთქმაში. ნებისმიერი სხვა სახელის, თუნდაც იუდას, თუნდაც ბაალის – კი ბატონო, რა პრობლემაა. იეჰოვა? არა, არაფრის გულისთვის, არავითარ შემთხვევაში, ფუი, განვედ! იეჰოვა რომ ბიბლიის ყველაზე უმნიშვნელო ან ცუდი პერსონაჟი ყოფილიყო, კიდევ შეიძლებოდა ამის გაგება. მაგრამ… საქმე სრულიად საპირისპიროდაა.

ღვთის სახელი საუკუნეების განმავლობაში თითქოსდა სირცხვილის დაფაზეა გამოკრული. როგორ შეიძლება აისხნას ასეთი ალერგია სახელზე, რომელიც ბიბლიაში ჩაწერილ სხვა სახელებზე ცუდი არაფრით არაა? რატომ ჩამოყალიბდა მის მიმართ ასე განსაკუთრებული, უჩვეულო დამოკიდებულება? თანამედროვე ქრისტიანებს თუ მოვუსმენთ – მათთვის ესაა ყველაზე არასასიამოვნო, ყველაზე საზიზღარი სიტყვა, რომლის გაგონებაზეც ისინი იჭმუხნებიან. ისინი ყველაფერზე მიდიან, ოღონდ კი არ წარმოთქვან და არ გაიგონონ ის. მათ სურთ, რომ მას იგივე გაუკეთონ (და უკვე გაუკეთეს კიდეც ბიბლიის მრავალ თარგმანებში), რაც სატანის სახელს – ის არსად არ იხსენიება. და თანაც ეს მაშინ, როდესაც ეს სახელი ბიბლიაში უფრო მეტჯერაა მოხსენიებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახელი. სიტუაცია იმაზე უარესი გახდა, ვიდრე ბიბლიურ დროში იყო, როდესაც ღვთის სახელს მსოფლიო მაშტაბით არ შეურაცხყოფდნენ. ბუნებრივია, რომ შემდეგი რაც ასეთმა «ქრისტიანებმა» განაცხადეს ის იყო, რომ ღვთისადმი რწმენა, მისადმი ლოცვა და მისი თაყვანისცემა აუცილებელი არაა, არამედ მისი ძის თაყვანისცემაა საჭირო. შედეგად წარმოიშვა რელიგია თაყვანისცემის განუსაზღვრელი ობიექტით, რომლის მიმდევრებსაც იმის ახსნაც კი არ შეუძლიათ, თუ ვის უნდა მიმართონ ლოცვით. 

ჩემ თავს ვიხსენებ ხოლმე, როდესაც ბიბლიის გაცნობას ვიწყებდი. მე მასში ვხედავდი ღვთის სახელს, თანაც სინოდალურ თარგმანში (რუსეთის საპატრიარქოს თარგმანი (მაგ. გამოსვლა 15:3)), ვხედავდი იესო ქრისტე როგორ მიუთითებდა მასზე, და ამას სრულიად ბუნებრივად აღვიქვავდი. ჩვეულებრივი სახელია, ყველაფერი რიგზეა. მე ვერ ვხედავდი ვერავითარ პრობლემებს, ვერავითარ მიზეზებს დავისათვის, მე არ მქონდა არავითარი ალერგია, ზიზღი ან მისი რაიმეთი ჩანაცვლების სურვილი. მე მესმოდა, რომ წინათ ებრაელები ალბათ ამ სახელს ისე არ წარმოთქვავდნენ, როგორც თანამედროვე ქართველები (და თანამედროვე ებრაელებიც კი), მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ ამის გამო მის გამოყენებაზე უნდა მეთქვა უარი.

ამიტომ მე კარგად მესმის საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, რომ ბიბლიის ბუნებრივად წაკითხვისას ნებისმიერი მკითხველი ამ სახელს აბსოლუტურად ისევე გამოიყენებს, როგორც ნებისმიერ სხვას, იმიტომ რომ, საკითხს თუ სუფთა ლიგვისტურად მივუდგებით, იეჰოვა – ესაა უბრალოდ ბიბლიის ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი. არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისათვის, რომ გამოვარჩიოთ და მის გარშემო ზიზღის ატმოსფერო შევქმნათ. მხოლოდ აბსოლუტურად არაბუნებრივი და გარეშე ფაქტორებით შეიძლება აიხსნას ღვთის სახელისადმი ის სპეციფიური დამოკიდებულება, რომელიც დღეს ქრისტიანულ მასებში დომინირებს. წარმოიდგინეთ, რომ კითხულობთ «ომსა და მშვიდობას» და ამბობთ, რომ პრინციპულად არ გამოიყენებთ ანდრეი ბოლკონსკის სახელს, სხვა სახელების მიმართ კი თქვენ პრეტენზია არ გაქვთ. როგორც მინიმუმ უცნაურია, ხომ მართალია? ღვთის სახელთან მიმართებაში არსებული ასეთი «უცნაურობა» შემთხვევითი არ არის. მას ღრმა ფესვები აქვს.

ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ ისეთ დროს, როდესაც იეჰოვას სახელს მრავალმილიონიანი გუნდი განადიდებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით, აღმოსავლეთიდან - დასავლეთამდე, დღე და ღამე. განადიდებენ საუბრებში და ლოცვებში, ქადაგებაში და სიმღერაში, ინტერნეტში, თვით ცხოვრების წესშიც კი. ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ მალაქიას 1:11-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულებას: «მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში». ეს ისტორიის უპრეცენდენტო დროა. ეს გუნდი უკვე აღარასოდეს გაჩუმდება, იმიტომ რომ ის ასევე ანგელოზებისა და მთელი ზეციერი ლაშქრის გუნდიცაა, რომელიც ხმამალა მღერის ოთხჯერად «ალილუიას!» – «ადიდეთ იეჰოვა!» (გამოცხადება 19:1–6).

მაგრამ ამასთანავე მე ვგლოვობ იმის გამო, რომ არანაკლები რაოდენობის ხმები, ისევე ხმამაღლა შეურაცხყოფენ, დევნიან, არცხვენენ, ცილს სწამებენ, დასცინიან და იგნორირებას უკეთებენ წმინდა სახელს. გახსოვდეს!

--------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий