вторник, 18 октября 2016 г.

რას ფიქრობდნენ და რას ფიქრობენ ღვთის სამეფოს შესახებ


წამოწეულ საკითხთან დაკავშირებით თავიდან საჭიროა ავღნიშნოთ, რომ ღვთის სამეფო იესოს ქადაგების ძირითად თემას წარმოადგენდა. მაგალითად, ჰენრი ა. ვერკლერის წიგნში «ჰერმენევტიკა. ბიბლიის განმარტების პრინციპები და პროცესი» მოცემულია შემდეგი მტკიცებულება, რომელიც აღებულია ევანგელისტი თეოლოგის, გ.ე. ლადის ნაშრომიდან «ახალი აღთქმის თეოლოგია» (George E. Ladd. A Teology of the New Testament. Grand Rapids: Eerdmans, 1974, p.57): 
«თანამედროვე ღვთისმეტყველები ერთსულოვნები არიან იმაში, რომ ღვთის სამეფო იყო უმთავრესი იესოს სწავლებაში».

      ასეთივე აზრს გადმოსცემს თანამედროვე ანგლიკანელი ბიბლეისტი და ღვთისმეტყველი ნ.ტ. რაიტი: 
«სხვადასხვა საუკუნეებში მცხოვრები ღვთისმეტყველების დიდი უმრავლესობა იმაში თანხმდებიან, რომ ღვთის სამეფო იესოს სწავლების მთავარი თემა იყო» [1, გვ.30].


      ასევე ახალი აღთქმის მრავალი ადგილიც ამაზე მიუთითებს (ყველა ბიბლიური მუხლი მოყვანილია გამოცემიდან: «წმინდა წერილები. ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).

      მაგალითად, ლუკას 8:1-ში იესოზე ნათქვამია, რომ «ამის შემდეგ ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ», ცოტა უფრო ადრე კი იესო ასევე მიუთითებდა თავისი დავალების, როგორც ღვთის წარმოგზავნილის, უმთავრეს ამოცანაზე: «როცა გათენდა, ის უკაცრიელი ადგილისკენ გაემართა. ხალხმა ძებნა დაუწყო, მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო. მან კი უთხრა მათ: “სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი”» (ლუკა 4:42,43). ხოლო თავისი მოწაფეების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, როდის დადგებოდა არსებული ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული, მან ამ დროის ნიშნებზე მიუთითა, რომელთა რიცხვს ესეც მიეკუთვნება: «ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელს მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული» (მათე 24:14).

      თავის მხრივ, გამოცემაში «ახალი ჟენევური სასწავლო ბიბლია», სტატიაში «ღვთის სამეფო» ნათქვამია: 
«ღვთის სამეფოს თემა ორივე აღთქმას გასდევს და ყურადღებას იმ მიზნისკენ მიმართავს,  რომლისკენაც ღმერთი მიმართავს მსოფლიო ისტორიის სვლას».


      მაშ ასე, როგორ ესმოდათ და როგორ ესმით ღვთის სამეფო? ამასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. 

      მაგალითად, ზოგისთვის ღვთის სამეფო – ესაა ის, რაც ადამიანის გულში იმყოფება. ჩვეულებრივ ასეთი დასკვნა კეთდება შემდეგი სიტყვების საფუძველზე: “ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია”, რომელიც ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ლუკას 17:21-შია მოცემული, მათ შორის საპატრიარქოს თარგმანშიც. თუმცა ბიბლიის მრავალ ძველ თუ თანამედროვე თარგმანებში სიტყვათაწყობა “თვითონ თქვენშია”-ს ნაცვლად დგას “შორის თქუენსა არს” ან “თქვენ შორისაა” (მცხეთური ხელნაწერი - გ. მთაწმინდელი, ადიშის ოთხთავი 897 წ., ახალი ქვეყნიერების თარგმანი), (რუსული თარგმანები: Новый Завет. Современный русский перевод (издание РБО, 2011), Восстановительный перевод, Смысловой перевод, перевод С. Аверинцева). ამასთანავე, თუმცა ისეთ თარგმანებში, როგორებიცაა перевод Л. Лутковского, перевод епископа Кассиана, Новый Завет в современном русском переводе под ред. М.П. Кулакова, თუმცა კი წერია “თვითონ თქვენშია”, ამ სიტყვების კომენტარებში ნათქვამია, რომ სხვა შესაძლო თარგმანს წარმოადგენს “თქვენ შორისაა”.

     ის, რომ თარგმანი “თქვენ შორისაა” სწორია, იქიდან გამომდინარეობს, რომ, როგორც მრავალი ბიბლეისტი აღნიშნავს, იესო, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, ფარისეველებს მიმართავდა, რომლებზეც, თუ ამ სახელწოდების უპირატესად ნეგატიურ კონოტაციას გავითვალისწინებთ სახარებებში, საეჭვოა ითქვას, რომ ღვთის სამეფო მათ სიმბოლურ გულებში იყო. მაგალითად, ასეთი განმარტებაა მოცემული გამოცემაში «ბიბლიის განმარტება; ან კომენტარები წმ. წერილის ყველა წიგნზე. ძველ და ახალ აღთქმაზე» (ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მეორე გამოცემა, სტოკჰოლმი, 1987). როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, იესო საკუთარ თავს გულისხმობდა, როგორც ამ სამეფოს მეფეს, როგორც იმას, ვისაც მიცემული აქვს “მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე” (მათე 28:18; დანიელი 7:13,14).

      მაგალითად, ახალი აღთქმის თანამედროვე რუსი მთარგმნელი ვ.ნ. კუზნეცოვა, გერმანელი პროტესტანტი ბიბლეისტისა და ეგზეგეტის ი. იერემიასის (1900 - 1979) ნაშრომზე, «ახალი აღთქმის ღვთისმეტყველება», დაყრდნობით, ლუკას 17:21-ის კომენტირებისას წერს: 
«სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სიტყვა “ენტოს” ნიშნავს “რაიმეს გარემოცვაში”, “ფარგლებში”, “შორის”;  სეპტუაგინტის ბერძნულ ენაში ამასთანავე არსებობს მნიშვნელობა “(ვინმეს) შიგნით” … თუმცა დღეისათვის მნიშვნელობა “შიგნით” შეიძლება გაბედულად გამოვრიცხოთ. ვერც ძველ იუდაიზმში და ვერც ახალი აღთქმის სხვა ადგილებში – ვერსად ვერ ვპოულობთ წარმოდგენას ღვთის სამეფოს შესახებ, როგორც ისეთი რამის, რომელიც ადამიანის გულებში ინახება; მსგავსი სპირიტუალისტური გაგება როგორც იესოსათვის, ისევე პირველქრისტიანული გადმოცემისათვის სრულიად გამორიცხულია. შესაბამისად, რჩება მნიშვნელობა “შორის”» [2].

       ზემოთ უკვე აღნიშნული ღვთისმეტყველი ნ.ტ. რაიტი ამასთან დაკავშირებით წერს: 
«პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველისათვის რომ მიგემართათ, სიტყვებით “მოახლოვდა ღვთის სამეფო”, და განგემარტათ ამბებით ახალი სულიერი განცდების, მიტევების განახლებული გაგებისა და თქვენი სულიერი სამყაროს უჩვეულო გარდაქმნის შესახებ, ის, სავარაუდოდ, თქვენთან ერთად გაიხარებდა, მაგრამ ვერანაირად ვერ მიხვდებოდა, თუ რა კავშირშია ეს ყველაფერი ღვთის სამეფოსთან» [1, გვ.131].


      ღვთის სამეფოს შესახებ კიდევ ერთ გავრცელებულ მოსაზრებას წარმოადგენს ის, რომ ეს თითქოსდა ის ადგილია, სადაც სიკვდილის შემდეგ მართლების სულები მკვიდრობენ. ზუსტად ამიტომაა, როდესაც ვინმე კვდება, რომ ეუბნებიან “სასუფეველი დაუმკვიდროსო”.

     მაგალითად, იგივე ნ.ტ. რაიტი აღნიშნავს, რომ ეს გაგება მართლების «სიკვდილის შემდგომ სამყოფელს არ ეხება» [1, გვ.33]. მსგავს დასკვნას აკეთებს ასევე ახალი აღთქმის თანამედროვე მართლმადიდებელი რუსი მთარგმნელი ვ.ნ. კუზნეცოვა: «ღვთის სამეფო არ წარმოადგენს იმ ადგილს, სადაც სიკვდილის შემდეგ მართლები ხვდებიან» [3].


       მესამე მოსაზრება დაკავშირებულია ღვთის სამეფოს, ეკლესიასთან, როგორც მორწმუნეთა მსოფლიო  საზოგადოებასთან, გაიგივებასთან. 

       ის, რომ ღვთის სამეფო – არ არის რაღაც, რაც ადამიანის გულშია ან მისი სულის მდგომარეობაა, რომ არაა ის ადგილი სადაც გარდაცვლილი მართლების სულები იმყოფებიან და რომ არაა ეკლესია, როგორც მორწმუნეთა მსოფლიო საზოგადოება, ახალი აღთქმის მრავალი ადგილებიდან ჩანს. ქვემოთ, მაგალითისათვის მოყვანილი ბიბლიური მუხლები ლუკას სახარებიდან, არანაირად არ მიუთითებს ამაზე:


       -  «არავინ ივარგებს ღვთის სამეფოსთვის, ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს და თან უკან იყურება» (ლუკა 9:62)

       -  «რომელ ქალაქშიც შეხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რასაც წინ დაგიდებენ, განკურნეთ ავადმყოფები და უთხარით ყველას, ღვთის სამეფო მოგიახლოვდათ-თქო“» (ლუკა 10:8,9) 

       -   «აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში» (ლუკა 18:25).


       მაშინ რა არის ღვთის სამეფო?

       ზემოთ ნახსენები ბიბლეისტი ნ.ტ. რაიტი წერს, რომ ღვთის სამეფო «აღნიშნავს ზეციურ, ანუ ღვთიურ, მმართველობას … “მოვიდეს სუფევა შენი, –  ამბობდა იესო, –  იყოს ნება შენი, როგორც ცაში ისე ქვეყანაზედაც”. მის თანამედროვეებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ შემოქმედ ღმერთს დედამიწაზე მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარება სურდა. უცნობი მხოლოდ ის იყო, თუ როგორ მოხდებოდა ეს, როდის და ვისი მეშვეობით» [1, გვ.33] (კურსივი ციტატის ავტორისაა).

       ბ.ნ. კუზნეცოვა ამასთან დაკავშირებით წერს: 
«როდესაც იესომ თავისი მსახურება და სამეფოს შესახებ ქადაგება დაიწყო, ის იმაზე საუბრობდა, რაც გასაგები იყო მისი მსმენელებისათვის… ღვთის სამეფოს შესახებ გაგება ისრაელი ერის მთელი რელიგიური არსის ქვაკუთხედს წარმოადგენდა... ესაა დინამიური გაგება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს წინადადებით: “ღმერთი მეფობს”» [3].

        პროტესტანტი ღვთისმეტყველი ულრიხ ლეცი კი წერს, რომ «მალხუტ იაჰვე, ღვთის სამეფო – ცენტრალური ბიბლიურ-იუდაური გაგების გამოხატულებაა» და რომ ეს გაგება «უფრო აღწერილი უნდა იყოს დინამიურ-ფუნქციონალურად: ღმერთი მეფობს, და ადამიანები მისი ძალაუფლების ქვეშ არიან. მეფობა ნიშნავს “ძალაუფლებას”». შემდგომ ის აღნიშნავს, რომ «ღვთის სამეფოს მოსვლა ახალი ქვეყნიერების დასაწყისს ნიშნავს» [4]. 

        მაშ ასე, ღვთის სამეფოში უნდა გვესმოდეს ის წყობა, რომელიც ღმერთმა გაითვალისწინა იმისათვის, რომ, პირველი, ერთხელ და სამიდამოდ გამართლდეს მისი მმართველობა (ანუ დამტკიცდეს, რომ ადამიანებს არ ძალუძთ საკუთარი თავის მართვა შემოქმედის ხელმძღვანელობის გარეშე ადამიანთა საზოგადოებაში ჰარმონიის მისაღწევად), და, მეორე, რათა საბოლოოდ აღასრულოს დედამიწასთან დაკავშირებული თავდაპირველი ჩანაფიქრი, რომელზეც მარადიულად უნდა იცოცხლონ ღვთის მორჩილმა და სიმართლის მოყვარულმა ადამიანებმა. ზუსტად ამიტომ ასწავლიდა იესო თავის მოწაფეებს, რომ ამ სამეფოს მოსვლის შესახებ ელოცათ (ცნობილი ლოცვა «მამაო ჩვენო»), რადგან მისი მოსვლა უშუალოდაა დაკავშირებული ღვთის ნების შესრულებასთან, “როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე” (მათე 6:10).



წყაროების სია:

1. ნ.ტ. რაიტი - იესო. პოსტმოდერნისტული სამყაროს იმედი / თარგ. ინგ. – Черкассы: Коллоквиум, 2006. – გვ.33–34. (რუს.) 
2. ვ.ნ. კუზნეცოვა - ლუკას სახარება. კომენტარები. – М.: Фонд имени Александра Меня. Общедоступный православный университет, 2004. ¬¬– გვ.387-388. (რუს.)
3. ვ.ნ. კუზნეცოვა -  მათეს სახარება. კომენტარები. – М.: Фонд имени Александра Меня. Общедоступный православный университет, 2002. ¬¬– გვ.82. (რუს.)
4. უ. ლუცი, ა. მიხაელსი. - იესო თუ ბუდა. ცხოვრება და სწავლება შედარებებში (Серия «Диалог»)  / თარგ. გერმ. А. Лукьянова. – М.: Издательство ББИ, 2005. – გვ.49-51. (რუს.)
----------------------------------------------------------  

ნათარგმნია: jwantibiotic.blogspot.com

1 комментарий: