вторник, 4 октября 2016 г.

სიცრუის თეორია

გილოცავთ, ერთი მატყუარა დასჯილია. ექვს მილიარდ ნახევარი დაგვრჩა. (ფილმი "სიცრუის თეორია") 

ალბათ იცით სერიალი "სიცრუის თეორია". ეს საკმაოდ საინტერესო, შეიძლება ითქვას, შემეცნებითი სერიალია. მაგრამ ამასთანავე მისი ყურება ცოტა არ იყოს სევდას იწვევს, იმიტომ რომ ამ ფილმში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, ადამიანები ძალიან ხშირად იტყუებიან. 


ძირითადად წვრილმან ტყუილებს ამბობენ, მაგრამ ამ მცირე წვრილმანებით საბოლოო ჯამში დიდი სიცრუე იზრდება, რომელიც საკუთარ თავს მაშინ წარმოაჩენს, როდესაც ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია მისი პატრონისათვის. 



სიცრუის თეორია - ეს რა თქმა უნდა არც მათემატიკური ფორმულაა და არც კონკრეტული ფსიქოლოგიური პორტრეტი, იმიტომ რომ ყველა განსხვავებულად ტყუის. სიცრუის თეორია - ეს ალბათ უფრო კანონზომიერების ნაკრებია რომლის წყალობითაც შესაძლებელია იმ განტოლების ამოხსნა - იტყუება ადამიანი თუ არა.



მთელი ეს დემაგოგია სტატიის დასაწყისში მხოლოდ იმისთვისაა მოყვანილი, რომ შემდგომი სიუჟეტის განვითარებას შეუწყოს ხელი, რომელიც ძალიან კარგად ჯდება ამ თეორიაში. ეს სიუჟეტი რა თქმა უნდა ბიბლიასთან და მის სწავლებებთანაა დაკავშირებული, რადგანაც ეს ბლოგი ამ საკითხებს ეძღვნება და არა სერიალების განხილვას. მაგრამ მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვით დავიწყო: სად გადის ზღვარი ტყუილსა და შეცდომას შორის? 
როგორ განვასხვავოთ ტყუილი - შეცდომისაგან? 
ადამიანი თუ სიმართლეს არ ამბობს, ის ცრუობს თუ ცდება? აქ ალბათ ასე შეიძლება ითქვას: თუ ადამიანმა დანამდვილებით იცის, რომ მისი სიტყვები ჭეშმარიტებას არ შეეფერება, მაშინ ის ცრუობს. ხოლო ის თუ გულწრფელად დარწმუნებულია, რომ მართალია და ამავდროულად სიმართლეს არ ამბობს, მაშინ ის, რაღა თქმა უნდა, უბრალოდ ცდება. 
მაგრამ თუ ადამიანმა იცის, რომ მის დასკვნებს ძალიან სუსტი საფუძველი აქვს, და არსებობს სხვა, უფრო სანდო ფაქტები, ის კი მაინც თავის აზრზე დარჩენას განაგრძობს, ამ შემთხვევაში ის ცრუობს თუ ცდება? რას ამბობს ამის შესახებ სიცრუის თეორია? ალბათ ამ შემთხვევაში ის ამბობს, რომ ადამიანი უბრალოდ ცბიერობს.

არა, ის არ ცრუობს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმიტომ რომ ის თავისი სიმართლის დამამტკიცებელ საბუთებს პოულობს, თუნდაც სხვებისათვის არც თუ ძალიან ძლიერს. და მას გულწრფელად სურს იმის დაჯერება, რისიც სჯერა, რადგან მას საყოველთაოდ მიღებულ მოსაზრებად მიიჩნევს. ასე ფიქრობენ მისი მეგობრები, მისი ეკლესია, მისი ოჯახი და ის თუ სხვანაირად იფიქრებს, ის დაკარგავს ამ ყველაფერს. 
ერთმა ჩემმა მეგობარმა ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოსწია: რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, რომლებიც არმაგედონამდე ვერ მოასწრებენ ჭეშმარიტების გზაზე დადგომას? იქნებ ადამიანი უშუალოდ სასამართლო დღის წინ დაინტერესდეს ღმერთით და ბიბლიის შესწავლა დაიწყოს, რა ბედი ეწევა მას? 
იცით, მან რამოდენიმე ადამიანის მაგალითი მოიყვანა, რომლებსაც ფაქტიურად სულ რამოდენიმე თვე ეყოთ იმისათვის, რომ ჭეშმარიტება გაეგოთ, მიეღოთ ის, საკუთარი თავი შეეცვალათ და მონათლულიყვნენ. მან მოიყვანა მაგალითები, როდესაც ადამიანი ქრისტიანი ხდებოდა მოკლე დროის განმავლობაში, თანაც ისეთ "არახელსაყრელ" მდგომარეობაში ყოფნისას, რომ მაშინვე იმაზე ფიქრობ, თუ რა იოლად იყო ყველაფერი შენს შემთხვევაში, თანაც ამ ყველაფრამდე არაერთი წელი მიდიოდი. 
და იცით, ამის შემდეგ მან მნიშვნელოვანი აზრი თქვა: ადამიანს ჭეშმარიტების მიღებაში მხოლოდ ერთი რამ შეიძლება უშლიდეს ხელს - მისი ცბიერება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია სიცრუის თეორიაში... 
გახსოვთ იესოს იგავი ადამიანზე, რომელმაც მინდორში განძი იპოვა? 
ზეციერი სამეფო მინდორში დამალულ განძს ჰგავს, რომელიც კაცმა იპოვა და დამალა, და გახარებული მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს ყიდის და იმ მინდორს ყიდულობს. (მათე 13:44)


წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იპოვეთ მინდორში განძი, როგორ მოიქცევით? მინდორი თქვენი არ არის და ამიტომ უბრალოდ მისი ამოთხრა არ შეგიძლიათ, განძი თქვენ არ გეკუთვნით. როგორ მოიქცევა ცბიერი ადამიანი? თეორია იოლ პასუხს გვცემს: ის წავა და მას ღამე ამოთხრის. მას განძიც ექნება და თავის ხარახურასაც შეინარჩუნებს. მაგრამ პატიოსანი ადამიანი ასე არ მოიქცევა, ის მზად არის მსხვერპლად გაიღოს ის რაც გააჩნია, უფრო უკეთესის სანაცვლოდ! 
როდესაც ადამიანი ჭეშმარიტების, ამ მართლაც განძის შესახებ, ეს-ესაა იგებს, მასაც არ შეუძლია ხშირად უბრალოდ მისვლა და მისი აღება. მას რაღაცის მსხვერპლად გაღება სჭირდება. და ზუსტად ამ დროს მიდის მასთან სიცრუის მამა - სატანა, რომელსაც ბიბლიაში ტყუილად როდი ეწოდება ბოროტი. 
ვინც ისმენს სიტყვას სამეფოს შესახებ, მაგრამ აზრს ვერ სწვდება, მასთან ბოროტი მივა და მოსტაცებს გულში ჩათესილს. ეს არის გზის პირას დათესილი. (მათე 13:19) 
და აი მიდის ეს ბოროტი ადამიანთან და ყურში ჩასჩურჩულებს: 
- რაში გჭირდება ეს ყველაფერი? იქნებ ეს ჭეშმარიტება, განძი კი არა, უბრალოდ ბუტაფორიაა? შენ ყველაფერს მსხვერპლად გაიღებ მისთვის, შემდეგ კი გამოფხეკილი დარჩები! ამას სჯობია ღამე მიხვიდე და ამოთხარო! ჰა?

მაგრამ ჭეშმარიტება - ეს არაა პირდაპირი გაგებით მინდორში ჩამარხული განძი, ღამე მას ვერ იპოვი. და აი ასეთი ცბიერი ადამიანი პირადის ძიებაში დაეხეტება სიცრუიდან ტყუილამდე, კონფესიიდან ეკლესიამდე, და "ჭეშმარიტებას" ეძებს. სინამდვილეში კი ის ჭეშმარიტებას კი არა, რაღაც პირადს ეძებს. იესომ, უბრძენესმა ადამიანმა, კარგად აჩვენა ეს ასეთი სიტყვებით: 

ვისაც მისი ნების შესრულება უნდა, გაიგებს, ღვთისგან არის ეს სწავლება თუ ჩემით ვლაპარაკობ. (იოანე 7:17) 

ჭეშმარიტებას მხოლოდ ის იპოვის, ვისაც ღმერთს უნდა ასიამოვნოს და არა საკუთარ თავს. სულ ეს არის ეს საიდუმლო, ხოლო თუ ადამიანი უკვე მრავალი წელია რაც ჭეშმარიტებისაკენ მოხოხავს, მაშინ ამაში დამნაშავე არც ღმერთია, არც ბიბლია, არც ადამიანები, არც მისი გარემოება, არც მტკიცებულებების უკმარისობა, არამედ მხოლოდ ერთი რამ - მისი ცბიერება. სინამდვილეში უკვე დიდი ხანია რაც ეს უკვე თეორია კი არა, აქსიომაა. 

მე ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტი, როდესაც ჩემს წინაშეც დადგა ოდესღაც ასეთი არჩევანი. ერთ მშვენიერ მომენტში, მე ჩემი ტვინის მთელი ქერქით მივხვდი, რომ ის, რის შესახებაც ბიბლიიდან გავიგე - სიმართლეა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მე არჩევნის წინაშე აღმოვჩნდი: მოვერიო თავს თუ თავი მოვიტყუო? 

საქმე იმაშია, რომ იმ მომენტში მე თამბაქოს ვეწეოდი, პერიოდულად ვთვრებოდი, ვუსმენდი გახრწნილ მუსიკას, ვიგინებოდი, სამსახურში ცოტას ვიპარავდი, სხვის ცოლთან ვცხოვრობდი, ხანდახან მსუბუქ ნარკოტიკებს ვიღებდი, საშინლად უნებისყოფო ნიყავი... მოკლედ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, ყველაფრის კანდიდატი ვიყავი, ღვთისმოშიში ადამიანის გარდა. 

და იცით, რისი კეთება დავიწყე ამ გააზრების შემდეგ? საკუთარ თავთან დავიწყე ცბიერება და ვცდილობდი ბიბლიაში და იმ ხალხში, რომლებსაც მისი სწამდათ,  შეცდომები მეპოვა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, მე გულწრფელად გამოვუტყდი საკუთარ თავს: პრობლემა ღმერთში და ბიბლიაში კი არა, ჩემშია.

მხოლოდ რამოდენიმე წლის გასვლის შემდეგ მოვახერხე ჩემი ჩვევების მიტოვება და სხვა ადამიანად ქცევა, მაგრამ ზუსტად იმ დროს იქნა დადებული ჩემი ინტელექტუალური პატიოსნების ქვაკუთხედი, რომლის შენარჩუნებისთვისაც შემდეგ კიდევ არაერთხელ მომიწია ბრძოლა.

მაგრამ ამავდროულად მე უამრავ ისეთ ადამიანს ვიცნობ, რომლებისთვისაც ინტელექტუალური პატიოსნება დაბრკოლების ქვად ქცეულა, რომელსაც ფეხს წამოკრავდნენ და ძირს ეცემოდნენ. 
ასე რომ, ის თქვენთვის არის ძვირფასი, რადგან მორწმუნეები ხართ, ურწმუნოებისთვის კი "მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა კუთხის თავი გახდა",   "დაბრკოლების ქვა და შეფერხების კლდე". ისინი იმიტომ ბრკოლდებიან, რომ სიტყვას ეურჩებიან. სწორედ ამისთვის არიან განწესებულნი.  (1 პეტრე 2:7,8) 
ადამიანი ჭეშმარიტების გაცნობას იწყებს, მაგრამ როდესაც დაბრკოლების ქვამდე მიდის, სწავლებამდე, რომლის მიღება და შეთვისებაც არ შეუძლია, ეცემა. არა, მას რომ რაიმე მასზე უკეთესი ეპოვა, კიდევ შეიძლება გაგეგო ადამიანს, მაგრამ ის უბრალოდ ჩერდება, ხშირად კი დეგრადაციასაც კი განიცდის, იმიტომ რომ იმასაც კარგავს, რაც უკვე შეიძინა. 
ბოლო დროს ძალიან ხშირად მიწევს კათოლიკებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ის ქალაქი, რომელშიც დღეს ვცხოვრობ, ადრე პოლონეთის ტერიტორიაზე იყო. მინდა ავღნიშნო, რომ კათოლიკები გაცილებით ღვთისმოსავები არიან, ვიდრე მართლმადიდებლები. ათეისტები აქ იშვიათი შემთხვევაა, ძირითადად ყველა მორწმუნეა. 
ხოდა როდესაც ასეთ მორწმუნეებთან საუბრობ, ნებით თუ უნებლიედ სულიერ საკითხებსაც ეხები. თითოეული მათგანი, გამონაკლისის გარეშე, სიამაყით ირტყავენ მუშტს მკერდზე და აცხადებენ, რომ კათოლიკები არიან და კოსტიოლში (ასე ჰქვია მათ ტაძარს) დადიან. და მართლაც, შაბათ-კვირას მათ სრული ანშლაგი აქვთ, ხანდახან ხალხი პირდაპირ ეკლესიის კარებთან დგას მუხლებზე და ისე ლოცულობენ. ეს მათი გულწრფელი ღვთისმოსაობა გარკვეულ აღფრთოვანებასაც კი იწვევს.

მაგრამ ზუსტადაც რომ ღვთისმოსაობა და არა რწმენა. შემდეგ საუბრისას მე ჩვეულებრივ მარადიული სიცოცხლის პერსპექტივაზე ველაპარაკები ხოლმე, სამოთხეში, დედამიწაზე. 
ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს. (იოანე3:16) 
და აქ ყოველთვის ირთვება სიცრუე, ან ცბიერება, ვისთან როგორ. 
- არა, - ამბობს ადამიანი, - ეს შეუძლებელია
- როგორ, - მე ვეუბნები,  - ეს ხომ იესომ თქვა! ანუ გამოდის, რომ ან იესო ცრუობს, ან ყველა ის მორწმუნე, ვისაც ამის არ სწამს, სინამდვილეში მორწმუნე არაა, არამედ, არც კი ვიცი ვინ... 
პასუხად ჩვეულებრივ სიჩუმე და ცბიერი ღიმილი. არა, ადამიანი რა თქმა უნდა არ იტყვის, რომ იესო ცრუობს, მაგრამ მისი ურწმუნოება აჩვენებს, რომ ის ასე ფიქრობს.... სიცრუის თეორია შეიცავს ერთ პატარა პუნქტს, რომელსაც ასე შეიძლება ეწოდოს: ადამიანი თუ სდუმს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ არ ცრუობს. 
მაგრამ როგორც უკვე საუბრის დასაწყისში ვთქვი, ეს თეორია კიდევ ერთ ჰიპოთეზას მოიცავს საკუთარ თავში: შეცდომა, თუ ის გამოაშკარავებულია და ადამიანი თავის აზრს არ იცვლის, სიცრუედ იქცევა. 
სულ ცოტა ხნის წინ ერთ ბაპტისტთან მქონდა დიალოგი (ან რაღაც მისი მსგავსი). არ მახსოვს საიდან დაიწყო ყველაფერი, მაგრამ სულის უკვდავების შესახებ თემას შევეხეთ. ჩვენი განხილვის თვალსაწიერში მოხვდა ღვთის კანონი, რომელიც კანონის წიგნშია ჩაწერილი. 
არ იყოს შენში თავისი ვაჟის ან ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას და ამ სისაძაგლეთა გამო დევნის მათ შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი;  (კანონი 18:10-12) 
პირდაპირ ვკითხე მას:
- რატომ კრძალავს ღმერთი მკვდრებთან ურთიერთობას და სისაძაგლედაც კი თვლის ამას? 
- ასეთია ღვთის კანონი, - მიპასუხა მან. 
- მე მესმის, რომ ასეთი კანონია, მაგრამ რა არის ამ აკრძალვის მიზეზი? აკრძალვა - ეს შედეგია, მიზეზი რაღაშია? აი მე, სულ მცირე ხნის წინ ბებია გარდამეცვალა. კარგი ბებია იყო, მორწმუნე, სიკეთის მეტს არაფერს აკეთებდა. ალბათ ეხლა სამოთხეშია, ზეცაში. მაშინ რატომ მიკრძალავს ღმერთი მასთან ურთიერთობას?  - შევეკითხე მე. - დაე მელაპარაკოს, მომიყვეს სამოთხის შესახებ, მე უფრო მეტად ვიწამებ ღმერთს და უფრო მეტად შევეცდები რომ კარგად მოვიქცე. 
- სისაძაგლეა და მორჩა, ღმერთს შეეკითხეთ,  - მიპასუხა ამ მორწმუნემ. 
- მადლობა, - ვუთხარი მე, - და თქვენ რა, არ იცით? აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი მანდარინის ყიდვას გთხოვთ, თქვენ კი ეუბნებით, რომ არ შეიძლება. - რატომ? - გეკითხებათ ბავშვი. - ექიმი არ გვაძლევს უფლებას, - პასუხობთ თქვენ. - და რატომ არ გვაძლევს?  - არ გეშვებათ ბავშვი. - წადი და იმას ჰკითხე, - პასუხობთ თქვენ.

აბა, განა ეს დიალოგია? შენ თუ ნამდვილი მორწმუნე ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენი რწმენა ბრმა უნდა იყოს. სრულიადაც საპირისპიროდ. 
ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით, რადგან რაკი არ იცოდნენ ღვთის სიმართლე და საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ, არ დაემორჩილნენ ღვთის სიმართლეს.  (რომაელები 10:2,3) 
ამის შემდეგ ამ ადამიანს ვუთხარი: - და თქვენ უშვებთ იმას, რომ ღმერთმა იმიტომ მისცა ასეთი კანონი, რომ არავითარი სული და საიქიო ცხოვრება უბრალოდ არ არსებობს? ყურადღება მიაქციეთ, რომ წმინდა წერილის იმ ადგილას, მკვდრებთან ურთიერთობის აკრძალვის პარალელურად, დემონიზმთან დაკავშირებული ყველა საქმიანობაა ჩამოთვლილი. ანუ ეს ნიშნავს, რომ მკვდრებთან ურთიერთობასაც მასთან აქვს კავშირი? ესე იგი, მკვდრების ნაცვლად ადამიანებს დემონები ელაპარაკებიან? 
მაგრამ ამ ადამიანს არ სურდა ასეთი აზრის დაშვება, მას პერანგის სახელოში უკვე აქვს დამალული "წყვილი ტუზი". მან, როგორც უკვდავი სულის მტკიცებულება, მდიდარისა და ლაზარეს შესახებ იგავი მომიყვანა. მაგრამ ამ ადამიანს აზრადაც არ მოსდიოდა, რომ სიცრუის თეორიას კიდევ ერთი განტოლება აქვს, რომლითაც ყველა ცრუ რელიგია სარგებლობს: პირდაპირ გასაგებ მცნებებს - სიმბოლურად იგებენ და პირდაპირ ესმით ის, რაც სიმბოლურსა და იგავს წარმოადგენს. 
მე ვერ შევძელი მისი დარწმუნება, და არც მქონია მსგავსი მიზანი, იმიტომ რომ საბოლოოდ თვითონ ადამიანი წყვეტს, რა შავია მისთვის და რა თეთრი, და თუ მისი ცბიერება საღ აზროვნებაზე ძლიერია, მაშინ რა თქმა უნდა პირველი გაიმარჯვებს.

როგორი დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრიდან? 
სიცრუის თეორია  - უბრალოდ ფილმი არაა, ეს ჩვენი ცხოვრებაა. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვებრძოლოთ საკუთარ ცბიერებას, იმიტომ რომ ისაა ერთადერთი ზღუდე, რომელსაც ღმერთთან დაახლოებაში და მისი კეთილგანწყობის მიღებაში ხელის შეშლა შეუძლია. 
გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას? (იერემია 17:9) 
ღმერთმა იცის თქვენი გული, ის ყველაფერს ხედავს, მაშ რა აზრი აქვს ცბიერებას? ვის გინდათ რომ მოატყუოთ?
----------------------------------------------------

ნათარგმნია: www.teonote.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий