четверг, 10 ноября 2016 г.

ამაოებათა ამაოება

"ამაოებათა ამაოება! - თქვა შემკრებმა. - ამაოებათა ამაოება! ყველაფერი ამაოებაა! (ეკლესიასტე 1:2) 

დიახ, თუ სოლომონის დროს იყო ცხოვრება ამაოებათა ამაოება, მაშინ რას იტყოდა, ჩვენს გადარეულ დროში რომ მოხვედრილიყო? ამაოებათა ამაოება კვადრატში! ეკლესიასტემ, იგივე სოლომონმა, მთელი წიგნი დაწერა ცხოვრების ამაოების შესახებ. და ის, როგორი დასკვნებიც მან გააკეთა, უბრალოდ მისი წარმოდგენის ნაყოფი კი არ იყო, არამედ რეალური გამოცდილების შედეგი. მას, როგორც იმ დროისათვის უმდიდრეს ადამიანს, ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ყველაფერი გამოეცადა და გაესინჯა. და მის მსჯელობას თუ ბოლომდე არ წავიკითხავდით, მაშინ მართლაც შეიძლება ისეთი დასკვნა გაგვეკეთებინა, რომ ჩვენი ცხოვრება - მხოლოდ და მხოლოდ ამაოებათა ამაოებაა, რომელსაც არც აქვს და არც შეიძლება აზრი ჰქონდეს.






მაგრამ ზუსტადაც რომ მისი კვლევის ბოლო აბზაცები აწყობენ ყველაფერს თავთავის ადგილებზე. მაგრამ ამაზე მოგვიანებით. 
თავიდან მოდი გავიგოთ, თუ რა არის ამაოება და რატომაა ის ადამიანისათვის ასე საზიანო.
ამაოება - ესაა უმიზნო, ნაჩქარევი გარჯა. გადამეტებული სიჩქარე მოძრაობებში, საქციელში და მუშაობაში. 

ამაოება – ესაა ყოველივე ის, რაც  ფუჭია, უმნიშვნელოა, არ წარმოადგენს ფასეულს.
როგორც ხედავთ, ამაოება სხვადასხვანაირი არსებობს - ფიზიკური და სულიერი. თუ პირველთან მიმართებაში ყველაფერი გასაგებია, იმის შესახებ თუ რა არის სულიერი ამაოება, ცოტამ თუ იცის. 
მოდით წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელსაც ფაციფუცი სჩვევია. ასეთი ადამიანი ჩვეულებრივ ერთდროულად ბევრ საქმეს კიდებს ხელს და ამიტომ ვერცერთი მათგანი ვერ მიჰყავს ბოლომდე ან ვერ ახერხებს საკმაოდ კარგად მათ გაკეთებას. მას სჯერა ზღაპრისა იულიუს კეისრის შესახებ, რომელსაც, როგორც ამბობენ, რამოდენიმე საქმის ერთად კეთება შეეძლო. მას სიამოვნებს იმაზე ფიქრი, რომ ასეთ დიდებულ ადამიანებთან შეუძლია ერთ სიმაღლეზე დგომა. მაგრამ, იქნებ, ზუსტად ამ ფაციფუცის ჩვევამ დაღუპა დიდებული იმპერატორი?

- შენც, ბრუტუს?  - გაოცებულმა ჰკითხა მან თავის მეგობარს, როდესაც მან მეგობრულად დაარტყა მას საკუთარი ხანჯალი. როგორც ჩანს, იულიუსი როგორც ყოველთვის ერთდროულად ბევრ საქმეს აკეთებდა და ამიტომ ვერ შეძლო გარკვევით შეემჩნია ის შავი ღრუბლები, რომლებიც მის თავს ზემოთ გროვდებოდნენ. დაკავებული იყო, ფაციფუცობდა. 
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა, მაგრამ ყველა ხუმრობაში ყოველთვის არსებობს წილი სიმართლე. როდისმე ტყეში სოკო თუ გიგროვებიათ? რას აკეთებთ მაშინ, როდესაც სოკოს პოულობთ და მისკენ იხრებით? პირადად მე, როდესაც ნაპოვნ სოკოს ვჭრი, შემდეგ მის გარშემო მიდამოს ვუკეთებ სკანირებას, ვამოწმებ სხვა სოკოებიც ხომ არ არის ახლო-მახლო.

იცით, რა ჰქვია ამას? 1997 წელს გაჩნდა ტერმინი - "პერმანენტული ნაწილობრივი ყურადღება". ამ გაგების ქვეშ ცხოვრების ისეთი რეჟიმი იგულისხმება, რომელშიც ადამიანი გამუდმებით სკანირებას უკეთებს ამ ცხოვრებას ახალი შესაძლებლობების არსებობაზე, რომ არაფერი გამორჩეს და ცხოვრების ფორთოხლიდან მთლიანად შეძლოს წვენის გამოწურვა, ბოლო წვეთამდე. მისი კანისაგან კი ცუკატები გააკეთოს. 
ამ ყოველივეს იქამდე მიყავს, რომ ადამიანი საკუთარ თავს აჩვევს არაფერზე გაამახვილოს ყურადღება დიდი ხნის განმავლობაში, და რა თქმა უნდა მეტი ეფექტურობისათვის, ერთდროულად რამოდენიმე საქმე აკეთოს. შედეგი - ამაოებათა ამაოება! მედიცინაში ეწოდება: გაფანტული ყურადღების სინდრომი.

ბოლო წლების განმავლობაში ამაოებათა ამაოების ამ სინდრომით სულ უფრო მეტი ადამიანი ავადდება. ახალი ტექნოლოგიები, როგორც სასუქი, ნიადაგს ამზადებს, საიდანაც, როგორც წვიმის შემდეგ სოკოები, სულ ახალი და ახალი გასართობები, მოსაცდენები და ყურადღების გადასატანები იზრდებიან. ასობით ხელოვნური მოსაცდენი, რომელზეც ადამიანი ისედაც ხანმოკლე ცხოვრების უძვირფასეს საათებს ხარჯავს, მის ცხოვრებას ამაოებათა ამაოებად აქცევს. ხოლო თუ ამავდროულად ადამიანს სიხარბე ახასიათებს, მაშინ ამაოებათა ამაოებამ ძალიან იოლად შეიძლება ის გადაყლაპოს.

აი ჩემი პირადი გამოცდილება. გახსოვთ ის დრო, როდესაც მხოლოდ სატელეფონო dialup მოდემები გვქონდა, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტს ვუკავშირდებოდით? მათ "ფანტასტიური" სიჩქარე ჰქონდათ, 56 კილობიტი წამში, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს მაინც პატარა სასწაულს წარმოადგენდა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა. თქვენ, ალბათ, კარგად გახსოვთ, რომ მაშინ ულიმიტო ინტერნეტზე ლაპარაკიც კი არ იყო, თანაც მაშინ ჩამოქაჩული ინფორმაციის მოცულობის მიხედვით კი არ ვიხდიდით, არამედ ქსელში გატარებული დროის მიხედვით. ხოდა ჩვენც ყველანაირად ვცდილობდით, რომ ეს დრო რაც შეიძლება ეფექტურად გამოგვეყენებინა. პირადად მე გავხსნიდი გვერდს, შემდეგ ინტერნეტს ვთიშავდი, ვკითხულობდი ამ გვერდს, შემდეგ კვლავ ვრთავდი, კიდევ ვხსნიდი გვერდს, ვთიშავდი, ვკითხულობდი და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ჩართული ინტერნეტი ამაოდ, იმიტომ რომ ფულები მიდიოდა! 
შემდეგ უკვე ულიმიტო მძლავრი ინტერნეტი გაგვიჩნდა. და იცით, რა შევამჩნიე საკუთარ თავს? მე ძალიან მიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერი, შეიძლება უბრალოდ მდგარიყო ჩართული! თუ ინტერნეტი ჩართულია, ესე იგი ის რაღაცას უნდა ქაჩავდეს! ხოდა მეც ვქაჩავდი ყველაფერს, რისი ჩამოქაჩვაც კი შეიძლებოდა: როგორც საჭიროს, ისე არც თუ საჭიროს. ამაოებათა ამაოება მოქმედებაში! იმ შესაძლებლობების ძიება, რომლებიც აბსოლუტურად არასაჭიროა. 
ფაციფუცში ჩამოქაჩული ფაილები, მალე ანაგვიანებდნენ კომპიუტერს და მართლა ფასეული ინფორმაციისათვის აღარ ტოვებდნენ ადგილს. ფაციფუცში გაკეთებული საქმეები, ცხოვრებას ანაგვიანებენ და ადგილს აღარ ტოვებენ მართლაც მნიშვნელოვანი საქმეებისათვის. 
საინტერესოა, როგორ გადაწყვიტა ამაოებათა ამაოების საკითხი თავის შემოქმედებაში ცნობილმა მწერალმა პოლ ფორდმა. მან თავის დროზე მრავალი სხვადასხვა სახის კომპიუტერული "ხელსაწყო" მოსინჯა, იმიტომ რომ თავადაც პროგრამისტი იყო პროფესიით. მაგრამ საბოლოოდ ის მიხვდა, რომ ყველა ამ ხელსაწყოებს, რომლებიც მისი შემოქმედების გაადვილებისათვის, გაიოლებისათვისა და დაჩქარებისათვის იყო განკუთვნილი, სინამდვილეში მხოლოდ მისი ყურადღება გადაჰქონდათ ყველაზე მთავარი რამიდან - სამუშაოზე ღრმა კონცენტრაციის პროცესისაგან. ყველაზე ღრმა აზრები ყოველთვის სიჩუმეში იბადებიან, როდესაც მხოლოდ შენი გულის მეტრონომს უსმენ. 

საბოლოოდ, პოლ ფროდი მიხვდა, რომ მთელი ეს ტექნიკა მხოლოდ ამაოებათა ამაოებაა და სრულიად უარი თქვა მის გამოყენებაზე. მან საკუთარ სამუშაო ადგილზე ელექტრო საბეჭდი მანქანა დადგა და მისი შრომითი წარმადობა მაშინვე მკვეთრად გაიზარდა. მას აღარაფერი უფანტავდა ყურადღებას. 
"აქ არ არის არავითარი ვიკიპედიები, არავითარი ელექტრონული ფოსტები, არავითარი გამუდმებით ცვალებადი mp3 და არავითარი ჩამოქაჩვები და ყოველივე ის, რაც მუშაობაში ხელის შემშლელია" - წერდა ის. მთელი ეს ამაოებათა ამაოება - მხოლოდ დახმარების ილუზიაა, სინამდვილეში კი, თუ ღრმად ჩაუფიქრდები, მიხვდები, რომ ეს ყოველივე, შეგვიძლია შევადაროთ დათვს, რომელიც მუშაობისას ზურგს უკან გიდგას და ყოველ წამს ყურში ჩაგჩურჩულებს: 
- იქნებ, რამით დაგეხმარო? ნებისმიერი სამსახური სრულიად უფასოდ!

მე არავითარ შემთხვევაში არ მოგიწოდებთ უარი თქვათ კომპიუტერებზე, იმიტომ რომ თავადაც ძალიან აქტიურად ვსარგებლობ მისით, მე უბრალოდ ვცდილობ ძალიან მნიშვნელოვანი აზრი მოვიტანო თქვენამდე: 
"ამაოებათა ამაოება - ესაა ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისა და მათი მტერი, ვისაც ასეთად ქცევა სურს." და ჩვენ ხშირად, ისე რომ თავადაც კი ვერ ვხვდებით, ჩვენ ცხოვრებაში ამ დაუპატიჟებელ სტუმარს ვიწვევთ. 
სულიერი ამაოება მაშინ იწყება, როდესაც ვკითხულობთ, მაგრამ წაკითხულზე არ ვფიქრობთ, დაუფიქრებლად ვმოქმედებთ და კი ვცხოვრობთ – მაგრამ არ ვიცით რისთვის. 
ბიბლიის კითხვა, პირადი შესწავლა და ლოცვა - ესენია ის, რასაც გონების ღრმა კონცენტრაციით უნდა ვაკეთებდეთ. 
"შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ."  (მათე 6:6) 
იესოს დღეს რომ ეთქვა ეს სიტყვები, ეჭვგარეშეა, ის აუცილებლად დაამატებდა: 
- …შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი, გამორთე ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი და რადიო...

ამ ყველაფრის შესახებ დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამა თუ იმ დონეზე მრავალს აქვს ეს პრობლემა. ამაოებათა ამაოება - ესაა ბადე, რომელსაც სატანა ამ ქვეყნიერების წყლებში აგებს. და ძალიან ყურადღებით ყოფნაა საჭირო, რომ ამ ბადეში არ გავებათ. რადგან თუ მასში გაებმები, თავის დახსნა ძალიან რთულია. ნებისმიერი დაავადებისაგან თავის დაცვა უფრო ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა. ამაოებათა ამაოება - დაავადებაა: გონებისა და გულის დაავადება. დაავადება, რომელიც ადამიანს ღრმად აზროვნების და იმის დანახვისა და გაგების შესაძლებლობას ართმევს, თუ როგორ სცემს სხვისი გული. 
"ამაოებათა ამაოება! - თქვა შემკრებმა, - ყველაფერი ამაოებაა". (ეკლესიასტე 12:8) 
მაგრამ ნუთუ ამ ქვეყნიერებაში - ყველაფერი ამაოებათა ამაოებაა? კიც და არაც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რისთვის ცხოვრობ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, საით მიდიხარ. ნებისმიერ გზაზე ორი მიმართულებით შეიძლება სიარული. ცხოვრების გზასაც ორი მიმართულება აქვს: შეიძლება ამაოების მიმართულებით იაროს ადამიანმა, შეიძლება მისი საპირისპირო მიმართულებით. შეგვიძლია გამუდმებით გავართულოთ ჩვენი ცხოვრება უსარგებლო საქმეებითა და საზრუნავით, ან შეგვიძლია ის გავაიოლოთ, რათა მასში ყოველთვის რჩებოდეს ადგილი უმთავრესისთვის. ხოლო უმთავრესის შესახებ სოლომონმა თავისი წიგნის სულ ბოლოში დაწერა: 
"ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება; ყოველ საქმეს ჭეშმარიტი ღმერთი გაასამართლებს, ყველაფერს, რაც დაფარულია, და გაარჩევს, კარგია თუ ცუდი." (ეკლესიასტე 12:13,14)  
რატომ ჩაწერა ეს მნიშვნელოვანი აზრი, ეს ცხოვრების საიდუმლო, მაინც და მაინც ბოლოს? შესაძლოა იმისათვის, რომ ის უგულო და სულელ ადამიანებს ვერ გაეგოთ – ისინი ხომ ასეთ ბრძნულ წიგნებს ბოლომდე არასოდეს კითხულობენ. უბრალოდ რამოდენიმე ფურცლის ათვისებაც კი არ შეუძლიათ. წიგნს სასწრაფოდ ხურავენ და ჭკვიანური გამომეტყველებით აკეთებენ "ავტორიტეტულ" დასკვნას: "სისულელეა!" 
მაგრამ ადრე თუ გვიან ნებისმიერი გზა მთავრდება. ამაოებათა ამაოებას ყოველთვის მხოლოდ ჩიხში მივყავართ. 
"...როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვავდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ …და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება..." (მათე 24:38,39) 
რა ხშირად გვესმის დღეს ადამიანებისაგან: "რაში მჭირდება ამ ყველაფრით თავის გამოჭედვა?"

მაშინვე სურვილი გიჩნდება კაცს, უპასუხო: "ის ისედაც გამოჭედილი გაქვთ, ოღონდ არა იმით რითიც საჭიროა!" 
მაგრამ ჩვენ ხომ ტაქტიანი ადამიანები ვართ, ამიტომ ასე ვუპასუხებთ: 
- განა აზროვნების გარეშე ცხოვრება  - ისაა, რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ? ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, ასე არაა? 
"შეიძინე სიბრძნე და მასთან ერთად გაგების უნარიც. დააფასე ის და აგამაღლებს. თუ ჩაეჭიდები, განგადიდებს. თავზე მშვენიერ გვირგვინს დაგადგამს, ლამაზ დიადემას გიბოძებს."  (იგავები 4:7-9) 
გახსოვდეთ: სიბრძნე თავზე სიცოცხლის გვირგვინს დაგადგამთ, ამაოება კი სრულიად სხვა გვირგვინს დაგადგავთ – სამგლოვიარო გვირგვინს!
--------------------------------------------------

ნათარგმნია: www.teonote.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий