среда, 30 ноября 2016 г.

წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალე

ადამიანები — ჰელიუმით გაბერილი ბუშტები არიან, რომელთაც ხშირად ფეხებზე, წინასწარშექმნილი ცუდი აზრის გირი აქვთ გამობმული. 

დღევანდელ მსოფლიოში მრავალ ადამიანს აქვს ცუდი მხედველობა. სათვალე, როგორ ლამაზ ჩარჩოშიც არ უნდა იყოს ჩასმული და როგორც არ უნდა უხდებოდეს ადამიანს, მაინც ერთგვარ "ხელჯოხს" წარმოადგენს, რომელიც დაავადებასთან გამკლავებაში გვეხმარება, მაგრამ ვერანაირად ვერ გვკურნავს მისგან. 

ხოლო როგორც ზოგიერთი ექიმები ამტკიცებენ, სათვალეები უფრო აუარესებენ კიდეც დაავადებას, ხელს უშლიან თვალებს "ვარჯიშში" და ფორმის შენარჩუნებაში.



მაგრამ ფიზიკურ სიბრმავეზე კიდევ უფრო უარესი - სულიერი სიბრმავეა. და ჩვეულებრივი სიბრმავისაგან განსხვავებით, ის ზუსტად მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანი სათვალეს იკეთებს - წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალეს. 
ერთხელ, როდესაც პატარა ვიყავი, გადავწყვიტე ბებიაჩემის სათვალე მომეზომებინა. როდესაც ისინი გავიკეთე, მე პრაქტიკულად ვეღარაფერს ვხედავდი. თვალებში ყველაფერი ამერ-დამერია და პირდაპირი გაგებით არ შემეძლო "მარჯვენის - მარცხენისაგან" გარჩევა. მაშინ საკუთარ თავში ასეთი დასკვნა გავაკეთე: ჯანმრთელ ადამიანს სათვალე არ სჭირდება, ის მას პირიქით უფრო ხელს უშლის კარგად ხედვაში. 
სათვალეებით ჩატარებული ეს უბრალო ექსპერიმენტი კარგად გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალის გაკეთების შემდეგ, ადამიანმა ვეღარ დაინახოს ყველაზე უბრალო და გასაგები რამეებიც კი. და მაშინაც კი, თუ ძალიან დიდ ძალისხმევას მოვახმარდით, შეუძლებელია მისთვის რაიმე გვესწავლებინა, როგორც უსინათლოსათვის ხატვის სწავლებაა შეუძლებელი. ადამიანს კი უშუალოდ ის ორი ლინზა აბრმობს, რომლებიც ამ წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალეშია ჩასმული: სიამაყე და უგუნურება.

სიამაყე ადამიანს სწავლასა და სხვისი აზრის გათვალისწინებაში უშლის ხელს, იმიტომ რომ მან "ისედაც ძალიან ბევრი იცის" - არ არის საჭირო მისთვის რაიმეს სწავლება. უგუნურება კი - ფუჭყვავილაა, რომელიც რთული საკითხებისადმი ზედაპირული მიდგომის ნიადაგზე იზრდება. ის იგივეა რაც - გონებაშეზღუდულობა და ცალმხრივი აზროვნება. 
გარკვეული ხნის წინ რადიო "ვერცხლის წვიმას (Серебряный дождь)" ვუსმენდი. შესანიშნავი რადიოა, რომელზეც ხშირად განიხილავენ საინტერესი აზრებს, ხანდახან კი საკმაოდ ჭკვიანურსაც. იმ დროს ამ რადიოზე ერთ-ერთი გადაცემა ცნობილ ჟურნალისტს, ვლადიმერ სოლოვიოვს მიჰყავდა. ჭკვიან ადამიანს, თუმცა საკმაოდ ამბიციურს. მაგრამ ეხლა ამაზე როდი ვსაუბრობ. 
ერთ-ერთ თავის გადაცემაში ის ბიბლიას შეეხო, კერძოდ იმ შემთხვევას, როდესაც ებრაელებმა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ოქროს ხბო ჩამოასხეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მოსე 40 დღით ავიდა მთაზე. როდესაც ის უკან დაბრუნდა და ეს უმსგავსობა დაინახა, მან გრძნობათა მოზღვავების გამო დაამტვრია ფიქალები, ოქროს ხბო გაანადგურა, მტვრად აქცია ის და შემდეგ ხალხს ამ მტვრით გაჯერებული წყლის სმაც კი აიძულა.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყვავილები იყო, იმიტომ რომ  შემდგომ ხდება ის, რაც ვლადიმერ სოლოვიოვისათვის ნამდვილ დაბრკოლებად იქცა, ისევე როგორც მრავალი სხვა ადამიანისთვის, რომლებსაც გაგონილი ან წაკითხული აქვთ ეს ტრაგიკული ეპიზოდი: 
დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და თქვა: ვინც იეჰოვას მხარესაა, ჩემკენ! შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე. უთხრა მათ: "აი რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: "შეიბით თითოეულმა თქვენ-თქვენი მახვილი. მოიარეთ მთელი ბანაკის კარიბჭეები და მოკლას თითოეულმა თავისი ძმა, მოძმე და ახლობელი".   (გამოსვლა 32:26,27) 
ეს როგორ! ღმერთმა ადამიანების დახოცვა უბრძანა? კი მაგრამ ის ხომ მოსიყვარულე ღმერთია?! მათ ხომ სულ რაღაც სტატუეტკა ჩამოასხეს, განა ამის გამო შეიძლება სიკვდილით დასაჯო?! ეს რა სადამსჯელო ოპერაციაა საკუთარ ერში - "მოკალით მოძმე და ახლობელი"! 
უკვე არაერთხელ მომისმენია, თუ როგორ სდებენ ღმერთს ბრალს ამ ისტორიის საფუძველზე სისასტიკესა და ბოროტებაში. და მართლაც, თუ ტექსტის მხოლოდ ამ ნაწყვეტს წავიკითხავთ, მაშინ მართლაც ყველაფერი ასე გამოდის - ღმერთი ძალიან სასტიკია და ებრაელებს საკუთარი მეგობრებისა და ახლობლების დახოცვას უბრძანებს! 
მაგრამ მოდით წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალე მოვიხსნათ და ამ სიტუაციას ნათელი მზერით შევხედოთ. დაე სიამაყემ და უგუნურებამ, რომელიც მუდამ თან სდევს ზედაპირულ მსჯელობას, ხელი არ შეგვიშალოს. წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალის მოხსნისთანავე შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ ეს ისტორია ამ ტრაგიკულ მოვლენებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე დაიწყო და მას გაგრძელებაც აქვს. 
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ფაქტიურად ამ მოვლენის წინ ღმერთი მოელვარე ცეცხლში გამოეცხადა მთელ ერს და მათ მცნებები გამოუცხადა: 
მესამე დღე რომ გათენდა, დაიწყო ქუხილი და ელვა, ჩამოწვა მთაზე შავი ღრუბელი, გაისმა საყვირის ძლიერი ხმა და ბანაკში მყოფი მთელი ხალხი კანკალმა აიტანა.  (გამოსვლა 19:16)

წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია? როგორც წერია: "მთელი ხალხი კანკალმა აიტანა", როდესაც ეს დიდებული სურათი იხილეს. და ამის შემდეგ ღმერთი მთელ ერს ათ მცნებას უცხადებს, მათ შორის მცნებას თაყვანისცემისათვის გამოსახულებების გაკეთების აკრძალვის შესახებ: 
თქვა ღმერთმა ეს სიტყვები: "...  არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი ვარ, ვსჯი ძეებს მესამე და მეოთხე თაობამდე ჩემი მოძულე მამების დანაშაულის გამო..."  (გამოსვლა20:1,4,5) 
ყველაფერი ნათლად და გასაგებადაა ნათქვამი, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. მაგრამ იქნებ ეს სიტყვები მხოლოდ მოსეს ესმოდა? გავაგრძელოთ კითხვა: 
უთხრა იეჰოვამ მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის ძეებს: "თქვენი თვალით იხილეთ, რომ ზეციდან გელაპარაკეთ; არ გააკეთოთ ვერცხლისა და ოქროს ღმერთები და არ გყავდეთ ისინი ჩემ გვერდით." (გამოსვლა 20:22,23) 
არა, ის მთელ ერს ელაპარაკებოდა და მათ გარკვევით მოისმინეს მითითება, რის შემდეგ მათ მოსესაც კი უთხრეს: 
უთხრეს მათ მოსეს: "შენ გველაპარაკე და ჩვენ მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით."  (გამოსვლა 20:19) 
კარგი, მოისმინეს და მოისმინეს. აღელდნენ და დაივიწყეს. მაგრამ არა, შემდგომ ჩვენ ვკითხულობთ, რომ მოსემ მათ კვლავ გაუმეორა ყველაფერი. და უფრო მეტიც, მათ მაშინვე შეთანხმება დადეს სისხლის საფუძველზე და დაიფიცეს, რომ შეასრულებდნენ  ღვთის ყველა ამ მოთხოვნებს. 
აიღო (მოსემ) შეთანხმების წიგნი და ხალხის გასაგონად წაიკითხა. მათ თქვეს: "ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა, და მორჩილები ვიქნებით." აიღო მოსემ სისხლი, ხალხს შეასხურა და თქვა: "ეს არის სისხლი შეთანხმებისა, იეჰოვამ რომ დაგიდოთ ამ სიტყვების გამო."  (გამოსვლა 24:7,8) 
ჯარში თუ გიმსახურიათ, მაშინ თქვენთვის ცნობილია, რომ მამაკაცი იურიდიულად მხოლოდ ფიცის მიღების შემდეგ ხდება ჯარისკაცი. მანამდე, ის უბრალოდ ახალწვეულია, და ის თუ ამ დროს თვითნებურად დატოვებს სამხედრო ნაწილს, ის ვერ ჩაითვლება დეზერტირად, არამედ მხოლოდ სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლად. ეს კი ისეთი დიდი დანაშაული როდია, რადგან დეზერტირობა გაცილებით მკაცრად ისჯება, ვიდრე სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება. ომიანობის დროს კი დეზერტირობა სიკვდილით ისჯება.

ისრაელიანების ამ სიტუაციის შესახებ სრულიად დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ისინი სამხედრო რეჟიმით ცხოვრობდნენ. ღვთისადმი დადებული მათი აღთქმა ფიცის დადებას შეიძლება შეედაროს. მათ ის ნებაყოფლობით დადეს, ისევე როგორც ეგვიპტიდან გამოვიდნენ ნებაყოფლობით - ძალით არავის წამოუყვანია ისინი. და აი, ერთი თვეც კი არაა გასული, ისინი კი მასიურად "დეზერტირობენ", ღვთის სრულიად ნათელი მცნებებისაგან. საომარი პერიოდის კანონის თანახმად ისინი სიკვდილს იმსახურებდნენ, იმიტომ რომ "ფიცი" დაარღვიეს: 
მიმიშვი, რომ აენთოს მათზე ჩემი რისხვა და შევმუსრო ისინი, შენ კი დიდ ხალხად გაქციო. (გამოსვლა 32:10) 
უმაღლესმა მთავარსარდალმა გადაწყვიტა სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა თავისი ჯარისათვის. სამართლიანი იყო თუ არა ის? კი, ღმერთს ამის სრული უფლება ჰქონდა, ისევე როგორც სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, რომ სამშობლოს მოღალატეები დასაჯოს სიკვდილით. განა ამ შემთხვევაში ღვთის ღალატი უფრო დიდი დანაშაული არაა? რადგან მან ხომ იმაზე გაცილებით მეტი მოგვცა, ვიდრე ჩვენმა სამშობლომ - მან ხომ სიცოცხლე მოგვცა! 
აი ამგვარად, როდესაც წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალე მოვიხსენით, ჩვენ გაცილებით ნათელი სურათი დავინახეთ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც შემდეგ მოხდა: 
მოსემ ვედრება დაუწყო იეჰოვას, თავის ღმერთს, გულის მოსალბობად: "იეჰოვა, რატომ უნდა აენთოს შენი რისხვა შენი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ეგვიპტის მიწიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით გამოიყვანე?"  ... შეიწყალა იეჰოვამ თავისი ხალხი და აღარ დაატეხა უბედურება, როგორც ნათქვამი ჰქონდა.   (გამოსვლა32:11,14) 
უმაღლესმა მთავარსარდალმა, თავისი გულმოწყალებისა და ჯარისადმი სიყვარულის გამო გააუქმა საკუთარი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი განაჩენი. მან რამოდენიმე მილიონი ადამიანი დაინდო, რომელთაგან უმეტესობაც სიკვდილს იმსახურებდა. და აქ სრულიად ნათელი ხდება, რომ ღვთის სისასტიკეში და ბოროტებაში ყველა ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალე, რომელიც სულიერ სიბრმავეს იწვევს, სრულიად დალეწილია. მაგრამ ჯერ არც ესაა დასასრული.

აქ ყურადღებიანი მკითხველი წამოიძახებს: "და ის 3000 როგორღა, რომლებიც მოსეს ბრძანებით იქნენ მოკლულნი, რომელმაც ამასთანავე ისიც თქვა, რომ ეს ბრძანება მას ღმერთმა გადასცა?" 
მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევის ძეები და იმ დღეს სამი ათასამდე კაცი დაეცა.  (გამოსვლა 32:28) 
მე ყურადღება მივაქციე, რომ არსად არ წერია, ხალხის დახოცვის ბრძანება რომ ღმერთს მიეცეს. აქ ნათქვამია, რომ ასე მოსემ თქვა, ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით. შესაძლოა მოსემ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ღვთის სახელით ელაპარაკა, როგორც მისმა წარმომადგენელმა.  რადგან როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ მთაზე დაბრუნდა და ღმერთთან დაიწყო ლაპარაკი, მან თქვა: 
დაბრუნდა მოსე იეჰოვასთა და უთხრა: "ეჰ, მეტისმეტად დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა - ოქროს ღმერთი გაიკეთა!"  (გამოსვლა 32:31) 
მოსე ღმერთს იმის შესახებ უყვება, რაც ერმა ჩაიდინა. მაგრამ მოჯანყეების დახოცვის ბრძანება თუ მან გასცა, განა არ იცოდა მან რა სიტუაცია იყო? მაშინ რისთვის უყვება მოსე მას იმის შესახებ, რაც მოხდა? ეს ცოტა უცნაურად გამოიყურება. 
ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ ამ ყოველივეს მე ასე ვხედავ: მოსეს ძალიან ეწყინა ერის ღალატი, იმდენად ეწყინა, განრისხდა და ის ფიქალებიც კი დაამტვრია, რომლებიც თავად ღმერთმა გააკეთა! კარგი იქნება თუ გავიხსენებთ, რომ მოსე, ძალიან თვინიერი ადამიანი კი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა საკმაოდ ემოციური იყო, დრო და დრო კი ფეთქებადიც. ორმოცი წლის წინ, გრძნობა მოზღვავებულმა ეგვიპტელიც კი მოკლა მხოლოდ იმის გამო, რომ ის მის თანამოძმეს ამცირებდა. 
ამ შემთხვევის გამო დატოვა მან ეგვიპტე და უდაბნოში გაიქცა, სადაც ფარაონის რისხვას ემალებოდა. ორმოცი წლის განმავლობაში ღმერთი ამშვიდებდა მის "მგზნებარე" ხასიათს, და მხოლოდ ამის შემდეგ მიანდო ეგვიპტიდან საკუთარი ხალხის გამოყვანა. და თუმცა მოსე ამ ორმოცი წლის განმავლობაში ეჭვგარეშეა ძალიან თვინიერი ადამიანი გახდა, მგზნებარე ხასიათი მაინც აგრძელებდა მის გულში "ცხოვრებას": ადამიანის ტემპერამენტის შეცვლა შეუძლებელია - ეს მის არსს წარმოადგენს, რომელიც დნმ-ის მოლეკულაშია ჩაწერილი.

მაშ რა მოხდა, ნუთუ მოსე არასწორად მოიქცა, როდესაც საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობა აიღო? არსებითად ღმერთმა თავის ერს მოსეს თხოვნის გამო აპატია, ასე რომ ეხლა მას სრული ძალაუფლება გააჩნდა მათზე, იმიტომ რომ ზუსტადაც რომ მის წინაშე იყვნენ სიცოცხლის გამო ვალდებულნი. და როგორც ამ არმიის გენერალი, მოსე გადაწყვეტილებას იღებს, რომ სრულიად დაუსჯელი არ დატოვოს მათი საქციელი. მას რომ ყველაფერი ეპატიებინა, ერი ვერაფერს ვერ ისწავლიდა. ამიტომ მოსე ბრძანებას გასცემს, რომ ღვთის წინააღმდეგ ამ აჯანყების ყველა დამცველი დასაჯონ. 
და ყურადღება მიაქციეთ: 3 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 3 ათასი იქნა დასჯილი: ათასიდან ერთი! არა ყოველი მეათე, როგორც ამას სასტიკი მხედარმთავრები აკეთებდნენ. და არც ასიდან ერთი, არამედ ათასიდან ერთი! განა ეს ღვთისა და მოსეს მხრიდან წყალობის მაგალითი არ არის? 
მაგრამ ჩვენ ამ სიტუაციის შესახებ დროის პრიზმის მიღმა ვმსჯელობთ, რომლის სისქეც სამნახევარი ათასი წელია. ეს პრიზმა ძალიან სქელია და ისევე როგორც წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალეს, მას მნიშვნელოვნად შეუძლია ამ სიატუაციაზე ჩვენი გაგების დამახინჯება. განა უკეთესი არ არის თუ სიტყვას მათ მივცემთ, ვინც ეს სიტუაცია გადაიტანა? მათ, ვისაც ზარალი მიადგა, ვისი ახლობელიც იქნა იმ დროს დასჯილი?

სიტუაციაში, როდესაც ადამიანს უსამართლოდ ექცევიან, ის ყოველთვის ერთნაირად რეაგირებს - სწყინს, იკეტება და ცოტ-ცოტა ზიზღიც კი ვითარდება მასში. ებრაელებს თუ დაემართათ იგივე? განაწყენდნენ თუ არა ყველა მათგანი მოსეზე მისი "უსამართლო" განაჩენის გამო? შემდგომ მომხდარი მოვლენები სრულიად ნათელ პასუხს სცემენ ამ შეკითხვას. ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, მოსემ განკარგულება გასცა: 
აუკრიფეთ იეჰოვას შესაწირავი. ვისაც გული გაუწევს, ყველამ მოიტანის იეჰოვას შესაწირავი: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი...  (გამოსვლა 35:5) 
მოსემ ხარკის გადახდა კი არ უბრძანა, მან სთხოვა რომ ნებაყოფლობითი შესაწირავი გაეღოთ კარვისა და კიდობნისათვის. ებრაელები რომ ღმერთზე და მოსეზე განაწყენებული ყოფილიყვნენ, როგორი იქნებოდა მათი რეაქცია? "კი, როგორ არა! ვერ მოგართვით!" - ალბათ ასე იტყოდნენ საკუთარ გულებში. მაგრამ დღევანდელი "წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სქელი ლინზების" თაყვანისმცემლების გასაკვირად, მათ ასე არ გააკეთეს. წავიკითხოთ: 
მივიდა ყველა, ვისაც გულმა გაუწია, და ყველამ მიიტანა, ვინც სულმა აღძრა, იეჰოვას შესაწირავი შეხვედრის კარვის გასაკეთებლად, მასში მსახურების შესასრულებლად და წმინდა ტანსაცმლის დასამზადებლად. მიდიოდნენ კაცებიცა და ქალებიც; ვისაც გულმა გაუწია, იეჰოვასთვის შესარხევ შესაწირავად ყველას მიჰქონდა ოქრო: გულსაბნევები, საყურეები, რგოლები და ქალის სამკაულები, ყველანაირი ოქროს ნივთი.  (გამოსვლა 35:21,22) 
მაგრამ, იქნებ ისინი ცოტანი იყვნენ, თითზე ჩამოსათვლელი ერთეულები? 
და ეუბნებოდა მოსეს: "ხალხს ბევრად მეტი მოაქვს, ვიდრე მსახურებისთვის, იმ სამუშაოებისთვის არის საჭირო, რომელიც იეჰოვამ ბრძანა."  (გამოსვლა 36:5) 
არა, ისინი ბევრნი იყვნენ! როგორც ეწერა: ხალხს ბევრად მეტი მიჰქონდა. თითქმის მთელ ერს მიჰქონდა, ანუ ყველა მათ, ვისაც რამის მოტანა მაინც შეეძლო. და მანამ მოჰქონდათ, სანამ მოსემ არ თქვა: 
ბრძანა მოსემ, რომ მთელ ბანაკში გამოეხცადებინათ: "აღარც კაცებმა და აღარც ქალებმა აღარაფერი გაამზადოთ წმინდა შესაწირავად". შეწყვიტა ხალხმა შესაწირავის მიტანა.  (გამოსვლა 36:6) 
ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ თავად ერი არ თვლიდა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. მათ არ მოუწყვიათ აჯანყება ამ სიტუაციაში, თუმცა ისინი კიდევ არაერთხელ აწყობდნენ ბუნტს გაცილებით უმნიშვნელო მიზეზების გამო. ისინი მართლა დამნაშავეებად თვლიდნენ საკუთარ თავს და როგორც დამნაშავე ბავშვებს, სურდათ მამის კეთილგანწყობა მოეპოვებინათ, ისე როგორც შეეძლოთ. 
რა ბევრს ვკარგავთ, როდესაც სამყაროს წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალით ვუყურებთ. ეს ბიბლიური ეპიზოდი მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც ბიბლიის ღრმა და მიუკერძოებელი გამოკვლევის მნიშვნელობას გვიჩვენებს. ამის გარეშე მისი ღრმა აზრების გაგება უბრალოდ შეუძლებელია. 
... ჭკვიანებს დაუფარე ეს ყოველივე და ჩვილებს გაუმჟღავნე. დიახ, მამა, რადგან ასე იყო მოსაწონი შენთვის. (ლუკა 10:21)

თუ რაიმე არ გესმის ბიბლიაში ან რაიმეს არ ეთანხმები, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენ მართალი ხარ, ის კი არა. 
იქნებ, მკაფიოდ დანახვაში წინასწარშექმნილი ცუდი აზრის სათვალე გიშლის ხელს? უბრალოდ მოიხსენი ისინი...
---------------------------------------------

ნათარგმნია: www.teonote.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий