воскресенье, 1 января 2017 г.

რატომ არ მწამს სამების?



სამების შესახებ სწავლების მიღება ძალიან რთულ საქმედ მიმაჩნია. და არა მარტო იმის გამო, რომ რთულია მისთვის ბიბლიური საფუძვლის პოვნა. და არა მარტო მისი არალოგიკურობის გამო. სამწუხაროდ, ჩემთვის ეს სწავლება მიუღებელია თუნდაც იმიტომ, რომ მე ის ჩიხურ სწავლებად მიმაჩნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას არა მხოლოდ არ მივყავარ ღმერთთან, არამედ, პირიქით, მაშორებს კიდეც მას.   

რამდენიც არ ვეცადე, ტრინიტარების მხრიდან, სამების დასაცავად წარმოთქმული მტკიცებულებების გაანალიზება, აზრობრივად მე ყოველთვის სულიერ ჩიხში აღმოვჩნდებოდი ხოლმე, თანაც უმთავრეს საკითხში: «როგორ დავუახლოვდე ღმერთს?» 




გასაგებია, რომ ტრინიტარები მეტყვიან, საჭიროა გვწამდეს ქრისტესი, რადგან იესომ თავად თქვა, რომ ის არის «გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ» (იოანე 14:6, საპატრიარქოს თარგმანი). და ეს სწორი სიტყვებია. ოღონდ მათ თუ ყურადღებით დავაკვირდებით აღმოჩნდება, რომ ტრინიტარული კონცეფცია მათში ვერანაირად ვერ თავსდება. რატომ?

რატომ და იმიტომ რომ იესომ ამ უმნიშვნელოვანესი სიტყვებით თავისი როლი დაგვანახა ღვთის განზრახვაში, დაიახლოვოს ცოდვილი ადამიანები. და ეს ფორმულა უბრალოზე უბრალოა. ის (იესო) არის გზა. სად მიმყვანი გზა? მამასთან (ანუ ღმერთთან). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ უმთავრესი მიზანი – მამაა. ძე კი – აუცილებელი საშუალება, რომელიც მამასთან გვაახლოვებს. იესოს კვალდაკვალ მიყოლით, ჩვენ ჭეშმარიტ მიზანთან - ზეციერ მამასთან, ჭეშმარიტ ღმერთთან დაახლოება შეგვიძლია (იოანე 17:3). აქ თითქოსდა ყველაფერი ადვილზე ადვილია. ეს კი იმიტომ, რომ ამ მომენტამდე ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიური გაგებით ვხელმძღვანელობთ.    

მაგრამ როგორც კი ვცდილობ, რომ სამების მომხრეს ვკითხო: «ძეს ვიცნობ. ეხლა მისი მამის შესახებ მომიყევით», აი ზუსტად ამ ადგილას იწყება მოულოდნელად რაღაც გაუგებარი განმარტებები. პასუხად მესმის, რომ ეს სულაც არ არის აუცილებელი ჩემი ხსნისათვის, და რომ ძის ცნობა სრულიად საკმარისია. და თანაც ასეთი სიტყვები ძალიან ბევრჯერ მაქვს მოსმენილი.

უკაცრავად! მაგრამ ბიბლიისა და პირადად იესოს იმ მრავალრიცხოვან მითითებებს რაღა ვუყოთ, რომლებიც უშუალოდ უსვამენ ხაზს იმას, რომ ჩემი გადარჩენისათვის საკმარისია ვიცნობდე არა მხოლოდ იესოს, არამედ მის ზეციერ მამასაც? თანაც, როგორც ეს იოანეს 17:3-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან ჩანს, მამის შესახებ ცოდნას პირველხარისხოვანი პრიორიტეტიც კი გააჩნია:

«მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს»

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ჟღერს ეს მუხლი ტრინიტარების საყვარელ საპატრიარქოს თარგმანში – «რომ გიცნობდნე შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს», – მე ვსვავ კითხვას: «მაშ, დამეხმარეთ იმის გაცნობაში, ვინც იესოს და ასევე ჩემს მამას წარმოადგენს!» მაგრამ პასუხად ისევ და ისევ გაუგებარი ფრაზები ისმის, ისაო, ხსნა ჩვენ ძეში მოგვეცაო. მერე, არც ვდაობ იმაზე, რომ მე ხსნა ძის მეშვეობით მომეცა, ჩემი უფლისა და გამომსყიდველის. მე ის ჩემს მხსნელად ვაღიარე. მაგრამ მე მისი გაცნობაც მაინტერესებს, ვინც ძის მიერ ეს ხსნა მომცა. მისი, ვინც უშუალოდ გამოგზავნა ის ჩემს სახსნელად! ნუთუ ეს ასე რთულია? ან იქნებ იესო ყოველთვის რაღაც არასწორს, რაღაც ზედმეტს ლაპარაკობდა, როდესაც ჩვენს ყურადღებას უმთავრესად თავისი მამისაკენ მიმართავდა, ვისი ნების შესასრულებლადაც იყო გამოგზავნილი?

და ასე ხდება ყოველთვის, როდესაც ამ თემაზე სამების სწავლების მომხრეებთან მიწევს საუბარი. ხოდა აბა მითხარით, სად შემიძლია ამ სწავლებაში დავინახო სინათლის სხივი ჩემი სურვილისათვის, რომ გავიცნო არა მარტო ძე, არამედ ჩემი ზეციერი მამაც? ვაი რომ, მე მას ვერ ვხედავ. პირიქითაც კი, ეს სწავლება მე სულ უფრო მეტად და მეტად მაბნევს და სასოწარკვეთილებასა და სევდას იწვევს ჩემში…




სხვა შეკითხვას დავსვავ. თუ ძეს აქვს სახელი (იესო), მაშინ რა თქმა უნდა, მის მამასაც უნდა ჰქონდეს სახელი. მით უმეტეს, რომ მამის სახელის შესახებ ასე ხშირადაა საუბარი ბიბლიაში (გამოსვლა 15:3; ფსალმუნები 83:18; ესაია 42:8). იესოც გამუდმებით უსვამდა ხაზს საკუთარი მამის სახელის მნიშვნელოვნებას (იოანე 5:43; 8:54; 10:25; 12:28; 17:6,26). ასე რომ, მაჩვენეთ ბიბლიაში ჩემი ზეციერი მამის სახელი! მე მინდა იესოს იმ მითითებას მივყვე, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს ამ მნიშვნელოვან მომენტზე, ყველაზე ცნობილი ლოცვის მაგალითში «მამაო ჩვენო»:

«ლოცვით ასე ილოცეთ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი...» (მათე 6:9)

თუ პატიოსნად მივყვები იესოს ამ მითითებას, მაშინ ლოცვით უნდა მივმართო ჩემს და მის (იესოს) მამას, ამასთანავე უნდა მოვუხმო და წმინდავყო მისი სახელი. მაგრამ ამის გასაკეთებლად, მამის სახელის წარმოთქმაა აუცილებელი. განა ასე არ არის? თუ მამისადმი იესოს სახელით მიმართვისას იესოს სახელი უნდა წარმოვთქვა, განა ამავდროულად მამის სახელსაც არ უნდა წარმოვთქვავდე?  

მე მინდა ისე დავუახლოვდე მამას და მისი სახელი წარმოვთქვა, როგორც ამას ბიბლია მასწავლის. ასე რომ ამიხსენით, რომელია მამის სახელი? თუ სამების შესახებ სწავლებაში, რომელში ჩემს დარწმუნებასაც ასე ცდილობენ მისი მხარდამჭერები, ზეციერი მამის სახელს ღირსეულ ადგილი უკავია, მაშინ ჩემი თხოვნა არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს…

მაგრამ რა მესმის პასუხად? პასუხად კი ისევ ისეთივე უხერხულ მცდელობებს ვხედავ იმაში დამარწმუნონ, რომ მამის არავითარ კონკრეტულ სახელზე არ უნდა ვფიქრობდე. (მაშინ რატომ ლაპარაკობდა იესო საერთოდ მისი სახელის განწმენდაზე?) წარმოიქმნება რაღაც უცნაური თეორიები «სახელის ჩანაცვლებაზე» და რომ «სახელი აუცილებელი არაა».

მამის სახელი – უფალი ღმერთია? მოიცადეთ, კი მაგრამ თქვენ ხომ ძესაც უფალ ღმერთად მიიჩნევთ, თუმცა მიუხედავად ამისა სახელითაც მოიხსენიებთ მას. მაშ თუ ძეს მოიხსენიებთ სახელით (იესო), მაშინ მისი მამის სახელის ხსენება რატომ არ გინდათ? ანუ გამოდის, რომ ძეს აქვს სახელი, მამას კი არ აქვს? ცოტა უცნაური ხომ არ არის?

მამის სახელი – სამებაა? შესანიშნავია, ოღონდ ეს სახელი თუ შეიძლება ბიბლიაში მაჩვენეთ. აბა სხვაგვარად როგორ ვიყო იმაში დარწმუნებული, რომ ამ სახელით ღვთისადმი მიმართვით, მე ადამიანების მიერ გამოგონილ ტრადიციებს კი არ მივყვები, არამედ მკაფიო ბიბლიურ მაგალითს? 

ღმერთის სახელია – მე ვარ? სხვათა შორის ამ ფრაზას ძალიან ხშირად იყენებენ ადამიანები, ღვთის სახელზე ყოველგვარი მინიშნების გარეშე. მაგალითად, როდესაც თავად მორწმუნეები ამბობენ «მე ვარ – იურისტი», ისინი რა, გულისხმობენ, რომ ისინი იმავე სახელს ატარებენ, რასაც ღმერთი? გასაგებია, რომ «მე ვარ» არანაირად არ წარმოადგენს სახელს. ეს, ალბათ უფრო, აღწერილობითი შტრიხია, მით უმეტეს, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ამ ტექსტის პირველწყაროს - გამოსვლის 3:14-ს. 

მამის სახელი – უბრალოდ «მამაა»? თქვენ მართლა გჯერათ ამის? შეუძლიათ თუ არა ტრინიტარებს, ასეთივე წარმატებით თქვან, რომ ძის სახელი – უბრალოდ «ძეა»? თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ ღვთის სახელის ცოდნა აუცილებელი არაა და საკმარისია მას მხოლოდ სიტყვა "მამით" მივმართოთ, მაშინ როგორი რეაქცია გექნებათ, თუ ანალოგიური სახით გეტყვიან, რომ ასევე ძის სახელის (იესო) ცოდნაც არაა აუცილებელი? 


ტრინიტარების მიმართ დასმული შეკითხვა კვლავ ღია რჩება: რა არის მამის სახელი? ზუსტად იმ ზეციერი მამის, რომელთან დაახლოებასაც გვასწავლის მისი ძე? თუ ტრინიტარებმა ძის სახელი იციან, მაშინ რატომ ვერ მისახელებენ მისი მამის სახელს? რატომ აიძულებს ასე უბრალო საკითხი მათ, რომ ხანგრძლივი და ჩახლართული სიტყვიერი პირუეტები გამოიყენონ, მაშინ როდესაც შეკითხვაზე «რა ჰქვია ძეს?» ისინი მზად არიან უბრალოდ და მკაფიოდ უპასუხონ: «იესო»? მაშ რა უშლის მათ ხელს, რომ ასეთივე მკაფიო და უბრალო პასუხი გასცენ შეკითხვას «რა ჰქვია მამას?»? რაში მდგომარეობს სირთულე?

როგორც ჩანს, სირთულე ზუსტადაც იმაში მდგომარეობს, რომ ტრინიტარებმა დღემდე ვერ შეძლეს მამის გაცნობა. დიახ, ისინი დაადგნენ გზას, რომელსაც ღვთისაკენ მიჰყავს. ეს გზა, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, იესოა, ღვთის ძე (იოანე 14:6). დიახ, ისინი ამ გზას დაადგნენ, მაგრამ… მაგრამ მასზევე გაჩერდნენ. ისინი არ მისულან მამასთან და არ გაუცვნიათ ის. მათ დაავიწყდათ, რომ იესოს არასოდეს დაუყენებია საკუთარი თავი უმთავრეს მიზნად, არამედ გვაჩვენა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ შუამავალია, რომელიც მიზანზე – ზეციერ მამაზე (მისი და ჩვენი) მიგვითითებს! დიახ, იესოა - ის ერთადერთი, ვისი მეშვეობითაც გვეძლევა გადარჩენა, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც შუამავალია! ადამიანებსა და მათ ჭეშმარიტ ღმერთს შორის, მათ ზეციერ მამას შორის (1 ტიმოთე 2:5,6; იოანე 17:3) იმიტომ რომ ის თავად კი არ მოევლინა და თავად კი არ გაუღია გამოსასყიდი ადამიანებისათვის, არამედ ეს საკუთარი მამის დავალებით გააკეთა. 




და ამაზე იესო მთელი მისი მიწიერი (და არა მარტო მიწიერი) ცხოვრების განმავლობაში მიუთითებდა, გამუდმებით ხაზს უსვამდა მის მამისადმი მორჩილებას, მაგალითად, როდესაც ამბობდა, რომ «მამა ჩემზე უმეტესია» (იოანე 14:28 სგ). ან როდესდაც უკვე მკვდრეთით იყო აღდგენილი, მიუთითებდა, რომ მამა მის ღმერთს წარმოადგენდა, ისევე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისათვის (გამოცხადება 3:12). ან, როდესაც ბიბლია ამბობს, რომ «ქრისტეს თავი — ღმერთი[ა]» და რომ «ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას» [ანუ მამას] (1 კორინთელები 11:3; 15:27,28). მსგავსი ბიბლიური მითითებები უამრავია! მაგრამ… 

მაგრამ ტრინიტარული გზის ჩიხურობა, როგორც მე ვრწმუნდები, იმაში ვლინდება, რომ ეს დოქტრინა ადამიანებს ერთ ადგილზე აჩერებს და საშუალებას არ აძლევს ჭეშმარიტი გზით (ძით) ჭეშმარიტ მიზანთან (მამასთან) მივიდნენ, ზუსტად იმ მიზანთან, რომლისკენაც სახარების ფურცლებზე ძე მიგვითითებს. ამის მაგივრად მათ ყურადღება შუამავალზე გაამახვილეს და დაივიწყეს, თუ ვის უნდა დაუახლოვდნენ მისი მეშვეობით და ვისი სახელი უნდა «წმინდაჰყონ» (მათე 6:9). და ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ტრინიტარები, ძის შესახებ ასე ბევრი და ლამაზი საუბრებისას, სრულ უძლურებას ავლენენ, როგორც კი საუბარი ზეციერ მამას შეეხება. ტრინიტარიზმის მკაცრი შემზღუდველი ჩარჩოების პირობებში სხვაგვარად ვერც იქნება…


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ საკითხში ტრინიტარები, როგორც ჩანს, ისე რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ, გასაოცარი სიზუსტით ჰგვანან იმ ისრაელებს, რომლებიც ღმერთს ეგვიპტიდან აღთქმულ მიწაზე გამოჰყავდა. ძალიან და ძალიან მსგავსი დამოკიდებულებაა ღვთისა და იმის მიმართ, ვინც მაშინ აქცია მან მათ მხსნელად! 

ვინ გამოიყენა ზეციერმა მამამ ისრაელიანების გადასარჩენად? მესია. ცხებული. პირდაპირი მნიშვნელობით, «ქრისტე», თუ პირდაპირი მნიშვნელობით მივყვებით ბიბლიურ ტექსტს ებრაელების 11:26-ს. ვინ იყო ის «მესია», რომელიც ღმერთმა «მხსნელად» გაგზავნა მონობაში მყოფი ისრაელიანებისათვის? მოსე. ისრაელები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ «ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ» (საქმეები 7:25). დიახ, მოსე, ღვთის განზრახვის თანახმად, ისე უნდა აღექვათ ისრაელიანებს, როგორც «მხსნელი». მხსნელი, რომელიც ზეციერმა მამამ მოავლინა! «ქრისტე», როგორც მას ზემოთ მოყვანილ ბიბლიურ მუხლში ეწოდება (ებრაელები 11:26). 

ისრაელმა ისე მიიღო მოსე, როგორც მამის მიერ მოვლენილი მხსნელი. მათ დაიჯერეს მისი და გაჰყვნენ მას. მაგრამ რაში მდგომარეობდა ისრაელიანების პრობლემა? ისინი მოსეს კი აღიარებდნენ თავის «მხსნელად», მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზეციერი მამის მიმართ მათი რწმენა სუსტი იყო! მათ მოსე კი მიიღეს «ქრისტედ» («ცხებულად»), მაგრამ გულში ვერ მიიღეს ღმერთი – ის, ვინც მათ ზეციერ მამას წარმოადგენდა; ის, ვინც მათ ეს «მხსნელი» გაუგზავნა. თუმცა მოსე გამუდმებით ცდილობდა, რომ მათი ყურადღება მიემართა არა საკუთარი თავის, არამედ მათი ზეციერი მამის  მიმართ, ისრაელიანებს აშკარად პრობლემები ჰქონდათ ჭეშმარიტი ღმერთის მიღების საკითხში.

«ასე ექცევით იეჰოვას, სულელო და უგუნურო ხალხო?! განა ის შენი მამა არ არის, შენი გამჩენი, შემქმნელი და განმამტკიცებელი?!» (კანონი 32:6).

ისრაელი, უფრო მეტად, მათი ოფიციალური მხსნელის, მოსეს ავტორიტეტს მიჰყვებოდა, ვიდრე თავის ზეციერ მამას. ასეთ უგუნურ დამოკიდებულებას შეუძლებელია შედეგები არ მოჰყოლოდა. საკმარისი იყო მოსეს ორმოცი დღით დაეტოვა ისრაელიანთა ბანაკი, რომ მათ აბსოლუტური დაბნეულობა და საკუთარი ზეციური მამის პიროვნების აბსოლუტური არცნობა გამოავლინეს. მოსეს გარეშე მათ არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ. და მთელი მათი «რწმენა» იეჰოვას, ზეციერი მამის მიმართ, მაშინვე სადღაც გაქრა. შესაძლოა, ის არც არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ სანამ მათ გვერდით მათი მხსნელი მოსე იყო, მათ მიაჩნდათ, რომ მათ ღმერთის სწამდათ. 

ისრაელებმა ღვდელმთავარ აარონს განუცხადეს:

«მოდი, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება, რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგვიყვანა» (გამოსვლა 32:1).

მომენტალურად იქნა დამზადებული ოქროს კერპი, რომელიც, ისრაელიანების გაგებით, მათი ზეციერი მამის სიმბოლო შეიძლება ყოფილიყო:

«ამბობდნენ, ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანაო» (გამოსვლა 32:4).




ისე რომ დიდხანს არც უფიქრიათ, ამ ფონზე მათ «იეჰოვას დღესასწაულიც» (გამოსვლა 32:5) კი გამართეს. მათი ვიწრო გაგებით, მამის მიმართ ასეთი დაუდევარი დამოკიდებულება, არ წარმოადგენდა რაიმე აღმაშფოთებელს, არასწორს. შესაძლოა, ისინი ასე ფიქრობდნენ: «იეჰოვა… მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის და როგორია ის… მნიშვნელობა არ აქვს როგორი პიროვნებაა ის… ჩვენ ფორმალურად გვწამს მისი და მას რელიგიურ თაყვანისმცემლობასაც კი ვუსრულებთ. განა ეს საკმარისი არ არის? ბოლოს და ბოლოს, ადამიანებიდან ის არავის უნახავს. აი მოსეს კი ყველა მშვენივრად იცნობს. ის – ჩვენი წინამძღოლი და მხსნელია! ღმერთი მისი მეშვეობით ახდენს სასწაულებს! ასე რომ თუ მოსეს მივყვებით, მაშინ ღმერთთანაც შევძლებთ საქმის მოგვარებას»,… 

ისრაელის ასეთ პოზიციაზე თავად ღმერთის რეაქცია და მისი სამწუხარო შედეგები ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. მაგრამ რით ჰგავს ეს მაგალითი, დღევანდელი მორწმუნე ადამიანების უმრავლესობის მაგალითს? 

ალბათ, ზეციერი მამის მიმართ ისეთივე ნაკლებმნიშვნელოვანი დამოკიდებულებით. ისინი წარმატებით დათანხმდნენ მისი ძის თავის მხსნელად აღიარებას. ისინი აცხადებენ, რომ ქრისტეს მიჰყვებიან. ისინი იესოს სახელს მოუხმობენ, ისე საუბრობენ საკუთარ თავზე, როგორც მის მიმდევრებზე… მაგრამ რა იციან მათ მისი მამის შესახებ? რამდენად ძლიერია მათი რწმენა მამის მიმართ და რაში გამოიხატება ეს? ცდილობენ ისინი მისი სახელის განწმენდას, იეჰოვას დიდების გაცხადებით? გამუდმებით გაცხადებით და არა დრო და დრო, იშვიათ ჰიმნებში თუ სიმღერებში მისი მოხსენიებით... მოუწოდებენ თუ არა ისინი ადამიანებს, რომ იესოს მეშვეობით იეჰოვას დაუახლოვდნენ, როგორც მათ ზეციერ მამას? იესოს მსგავსად, ხაზს უსვამენ თუ არა, მამის უპირატესობას ძესთან მიმართებაში? 

სამწუხაროდ, ფაქტები უფრო საპირისპიროზე მეტყველებენ. თანაც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად საყურადღებოს წარმოადგენს, ამგვარი მორწმუნეების მიერ ღმერთის სახელის ბიბლიის თარგმანებიდან ამოღება! პრაქტიკულად ბიბლიის ყველა თანამედროვე თარგმანებმა (ხმას აღარ ვიღებ საპატრიარქოს თარგმანზე) საფუძვლიანად «გაწმინდეს» თავისი ფურცლები იეჰოვას სახელისაგან, რითაც ზეციერი მამა პრაქტიკულად უსახელოდ აქციეს. შვიდი ათასი ბიბლიური ადგილი, სადაც ძველ პირველწყაროებში ეს სახელი არის, შეგნებულად იქნა შეცვლილი მათ მიერ, რომლებიც ლამაზად საუბრობენ ძის სიყვარულის შესახებ! მაგრამ თავად ძე თუ იწონებს ღვთის სიტყვის ასეთ «გაწმენდას»? 




ნეტა რას იტყოდნენ ეს «მორწმუნეები» წინადადებაზე, რომ ბიბლიის მსგავსივე «წმენდა» მომხდარიყო, ოღონდ უკვე იესოს სახელთან დაკავშირებით? დავუშვათ, რომ ვიღაცამ წამოაყენოს წინადადება, რომ წაიშალოს სახელი «იესო», ხოლო მის ადგილას ტიტულები ჩაისვას, მაგალითად, «უფალი», «ძე» და ა.შ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გეუბნებიან: «დაივიწყეთ სახელი «იესო»! არასოდეს არ წარმოთქვათ ის – არც ლოცვებში, არც ქადაგებებში, არც ყოველდღიურ ცხოვრებაში! სრულიად საკმარისია მისი «ძედ» მოხსენიება. ღმერთი ისედაც მიხვდება, ვის გულისხმობთ»… 

ამასთანავე თქვენ რომ გითხრან ჭკვიანური სიტყვები იმის შესახებ, რომ თავად გამოთქმა «იესო»-ს არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, სინამდვილეში როგორც წარმოთქვამდნენ ებრაელები ამ სახელს, მაგალითად, მოციქულები. და მართლაც, რამდენად ჰგავს ქართული «იესო» ებრაულ «იეშუა»-ს ან «იეჰოშუა»-ს? სიმართლე რომ ვთქვათ, აბსოლუტურად განსხვავებული ჟღერადობაა. მაშ, იქნებ, გამოთქმის ორიგინალური ფორმის ნაცვლად, ქართულის გამოყენებით, ტრინიტარები, უნებლიედ, სხვა ვინმეზე ლაპარაკობენ და არა ღვთის ძეზე? 

მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ტრინიტარები აღშფოთდებოდნენ ასეთი თავხედობის გამო. დარწმუნებული ვარ, ისინი მრავალ, საკმაოდ გონივრულ განმარტებას იპოვიდნენ იმისა, თუ რატომ არ იქნება შეცდომა, თუნდაც ქართული გამოთქმა «იესო» (და არა ძველებრაული ორიგინალი) იმის გასააზრებლად და გასაგებად, თუ ვისზეა საუბარი. 

თუ ასეთი პირები დაუშვებელ ქმედებებს, სავსებით დაშვებულად მიიჩნევენ ძის სახელთან მიმართებაში, მაშინ რატომ მიიჩნევენ იმავე ქმედებებს დაუშვებლად, როდესაც საქმე მამის სახელს ეხება? ორმაგი სტანდარტებია?



პასუხი იმაში ხომ არ მდგომარეობს, რომ მსგავს პირებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან იესოსადმი საკუთარ სიყვარულში, სინამდვილეში «მამა არ უყვარ[თ]» (1 იოანე 2:15)? იესო ღიად მიუთითებდა ამის მსგავსზე, როდესაც მათ ეუბნებოდა, ვინც თავს ღვთის მსახურებად მიიჩნევდნენ: 

«კარგად ვიცი, რომ არ გიყვართ ღმერთი. მე მამაჩემის სახელით მოვედი, მაგრამ არ მღებულობთ» (იოანე 5:42,43).

იმის მიუხედავად, რომ ისინი, ვის მიმართაც იყო ეს სიტყვები ნათქვამი, ინერციით აგრძელებდნენ იმის მტკიცებას, რომ ზეციერ მამას ემსახურებოდნენ, იესომ ნათლად დაანახა მათ, თუ რეალურად რომელი «მამის» სურვილებს ასრულებდნენ ისინი: 

«"თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ". მათ უთხრეს: "ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს — ღმერთი". იესომ უთხრა მათ: "ღმერთი რომ მამათქვენი ყოფილიყო, გეყვარებოდით, რადგან მე ღვთისგან გამოვედი და ახლა აქა ვარ. არც ჩემით მოვსულვარ აქ, არამედ მან გამომგზავნა. რატომ არ გესმით, რასაც ვლაპარაკობ? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვის მოსმენა. თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ. ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა"» (იოანე 8:41-44).




კიდევ უფრო საგულისხმოდ ჟღერენ ქრისტეს სიტყვები მათეს 7:21-23-დან. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში იესო ეხება არა ურწმუნო ადამიანებს, არამედ მათ, ვინც ზუსტადაც რომ გულწრფელად და თავგამოდებით მიიჩნევენ თავს მის მიმდევრებად. ზუსტადაც მათზე ამბობს ის:  

«ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: „არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო“» (მათე 7:21-23).

რაც იესოს ამ სიტყვებიდან თვალში მხვდება ისაა, რომ მრავალი (!) ე.წ. «ქრისტიანი» სულ უკანასკნელ მომენტამდე აბსოლუტურად დარწმუნებული იქნება იმაში, რომ ზეცაში მას (და მის საქმეებს) იწონებენ. ძის მიმართ მათი «რწმენა», თითქოს, იმდენად ძლიერი იყო, რომ ისინი აღძრულები იყვნენ საჯაროდ მოეხდინათ მისი სახელის განდიდება და «მრავალი სასწაულიც» კი მოეხდინათ, «დემონების განდევნის» ჩათვლით. აბა როგორ შეიძლება ასეთი დიდებული გამოვლინებების შემდეგ დარწმუნებული არ იყო იმაში, რომ შენ გხელმძღვანელობს არა რაღაც, არამედ უშუალოდ ღვთის სული? ისინი იმდენად იქნებიან ამაში დარწმუნებულნი, რომ სასამართლო დღეს ასეთი «ქრისტიანები» გაბედავენ, ხატოვნად რომ ვთქვათ, ძესთან შედავებას და მისთვის იმის «შეხსენებას», თუ რამდენად განადიდებდნენ ისინი მის სახელს!

მაგრამ ამ ბიბლიურ მონაკვეთში იესო თავადვე იძლევა მკაფიო განმარტებას, თუ რატომ წარმოადგენდა მისი განდიდებისათვის გამოვლენილი მთელი ეს ძალისხმევა რეალურად «უკანონობის ქმედებას» (თითქოსდა, უცნაურია). თუმცა ისინი, რომლებსაც მთელი ამ დროის განმავლობაში მის მოწაფეობაზე ჰქონდათ პრეტენზია, სამჯერ ცდილობდნენ ყურადღების გამახვილებას ძის სახელის განდიდებაზე, თავად ძემ კი პირველ რიგში მათ ბრალად ის წაუყენა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი სრულიად უგულებელყოფდნენ მის მამას! ამდენი ლამაზი სიტყვები ძის შესახებ და ასეთი გულგრილობა მისი მამის მიმართ – აი, რა განმასხვავებელი ნიშანი ექნებოდათ იმ თავგამოდებულ «ქრისტიანებს», რომლებიც შედეგად ღვთის მოწონების მიღმა აღმოჩნდებიან!


იესოს ეს ნათელი და გამომაფხიზლებელი გაფრთხილება, ყველაზე კარგად სამების შესახებ სწავლებაში ვლინდება. მე ვხედავ, რომ ტრინიტარები, რომლებიც ჩემს დარწმუნებას ცდილობენ იმაში, რომ ამ სწავლებას მივყვე, ზუსტად იმ «მორწმუნეებივით» მსჯელობენ, რომლების შესახებაც იესო ზემოთ მოყვანილ სიტყვებში საუბრობდა. ისინი გამუდმებით საუბრობენ ძეზე და პრაქტიკულად არაფერს ამბობენ მის მამაზე. მათი გაგებით, მათი ხსნისათვის მთელ დიდებას უშუალოდ ძე იმსახურებს. მამა კი, რომელმაც ისინი ამ ხსნით უზრუნველყო, ერთგვარ განუსაზღვრელ, გაურკვეველ და უსახელო პიროვნებად რჩება, რომელიც სადღაც ის, იდუმალ სამებაშია დაკარგული. და როდესაც მათ ძის მსხვერპლის საშუალებით, მამის მიერ შემოთავაზებული ხსნის პრინციპს უხსნი, პასუხად საკმაოდ ხშირად შეიძლება ასეთი სიტყვების მოსმენა: «ისა და, მამა ხო არ მომკვდარა ჩემთვის, ძე მოკვდა»… უცნაური ლოგიკაა. უცნაური და ზეციერი მამის პიროვნების სრულიად არცნობის გამოააშკარავებელი.




წარმოვიდგინოთ, რომ ზღვაში ადამიანი იხრჩობა. ის გემის კაპიტანმა შეამჩნია. კაპიტანი თავის გემს მისკენ მიმართავს და ბრძანებს, რომ მას სამაშველო რგოლი გადაუგდონ. შედეგად, კაპიტნის ბრძნული და გულისხმიერი ქმედებების წყალობით, ადამიანი გადარჩა. შეკითხვა: ვის მიმართ უნდა გამოხატოს პირველ რიგში გადარჩენილმა თავისი მადლიერება? არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ კაპიტნის მიმართ! მაგრამ, რამდენად უგუნური იქნება ასეთი ადამიანის რეაქცია, თუ ის იტყვის: «არა! მე უშუალოდ სამაშველო რგოლმა გადამარჩინა!» ან «მე იმ მეზღვაურმა მიხსნა, რომელმაც კაპიტნის ბრძანება შეასრულა და სამაშველო რგოლი გადმომიგდო!». გასაგებია, რომ ადამიანის მადლიერება ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს, ვინც კი მის გადარჩენაში მონაწილეობდა. მაგრამ განა კაპიტანს არ ეკუთვნის პირველ რიგში მადლობა, რომელმაც გადარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და ყველა ქმედება შესაბამისად მოახდინა? ეჭვგარეშეა! 

თუმცა ცოდვისაგან ხსნის შემთხვევაში მრავალი «ქრისტიანი» რატომღაც ასევე უგუნურად იქცევა. ისინი «მადლობას უხდიან» იესოს, მაგრამ ამასთანავე ჯიუტად არ სურთ მადლიერება გამოხატონ მის მიმართ, ვისთანაც თავად იესოს სურს მათი მიყვანა – მამასთან! მაშ ასეთ შემთხვევაში როგორ შეფასებას მისცემს მათ «მადლიერებას» ძე? და მამა?

ან იმის პირდაპირი ბიბლიური მაგალითები ავიღოთ, თუ როგორ იხსნიდა იეჰოვა ღმერთი თავის ხალხს წარსულში. ადრეულ დროში ის ბრძნულად მოქმედებდა, როდესაც ისრაელს მის მიერ არჩეული ერთგული მსახურების მიერ იხსნიდა და თავისი ერის «მხსნელებად» აქცევდა.

«დაუყენა იეჰოვამ მათ მსაჯულები, რომლებიც მძარცველებისაგან იცავდნენ» (მსაჯულები 2:16).

«დაუნიშნა იეჰოვამ ისრაელის ძეებს მხსნელი, ოთნიელი, ქალებ იეფუნეს ძის უმცროსი ძმის, კენაზის ვაჟი» (მსაჯულები 3:9).

«დაუნიშნა იეჰოვამ ისრაელის ძეებს მხსნელად ეჰუდი» (მსაჯულები 3:15).

თავად მოსეც ასევე «მხსნელს» წარმოადგენდა ისრაელისათვის (საქმეები 7:25). უფრო მეტიც, როგორც უკვე ნათქვამი იყო, ებრაელების 11:26-ის თანახმად ის თავისი დროის «მესია», «ქრისტე» (ანუ ღვთის «ცხებული») იყო.



მოდი წარმოვიდგინოთ, როგორ აღიქვავდა ღმერთი იმ ადამიანების რეაქციას, რომლებსაც მისი ჭეშმარიტი მსახურების პრეტენზია აქვთ, თუ ისინი ღვთის ქმედებისა და მის მიერ მოვლენილი მხსნელების შეფასებისას, ცნობილ ტრინიტარულ «ლოგიკას» გამოიყენებდნენ. როგორი იქნებოდა მსგავსი ისრაელების განცხადებები, მათ რომ დაახლოებით შემდეგი ეთქვათ: «ოთნიელია – ჩვენი უმთავრესი "მხსნელი"!», «ჩვენი ხსნისათვის ჩვენ უპირველესად ეჰუდს უნდა ვუმადლოდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენს ზეციერ მამას» ან «ხსნა ჩვენ მოსეს მეშვეობით მოგვეცა, მას ეკუთვნის მთელი დიდება!»… ეს, როგორც მინიმუმ, უცნაური იქნებოდა. გასაგებია, რომ, თუმცა ამ ადამიანებს ღმერთმა «მხსნელები» უწოდა და უშუალოდ მათი მეშვეობით იღებდა ერი ხსნას, მაგრამ საღი აზროვნება მათ ნათლად აჩვენებდა: ისინი ზეციერი ღმერთის მიერ იყვნენ გამოგზავნილნი, მისი თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად და ზუსტად ამიტომ წარმოადგენს მამა ჭეშმარიტ მხსნელს! ამ «მხსნელების» მიმართ დიდი პატივისცემისა და სიყვარულის მიუხედავად, ისრაელს პირველ რიგში (!) ზეციერი მამისათვის უნდა გადაეხადა მადლობა მათი ხსნისათვის.   

მამის გეგმებში არა მხოლოდ ისრაელის ხსნა შედიოდა, არამედ ასევე მთელი კაცობრიობისაც. და ამისათვის მან უფრო დიდებული «მხსნელი» - თავისი ძე დანიშნა, რომლის შესახებაც ნაწინასწარმეტყველები იყო:

«ისინი შეღაღადებენ იეჰოვას მჩაგვრელთა გამო და ის გაუგზავნის მათ დიდებულ მხსნელს, რომელიც დაიხსნის მათ» (ესაია 19:20).

«დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე» (ლუკა 2:11).

მამამ განსაძღვრა, რომ მის მიერ შემოთავაზებულ ხსნას, თავმდაბალი ადამიანები მხოლოდ მისი მორჩილი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით მიიღებდნენ. და ეს ნათლად ჩანს ბიბლიის შესაბამის სიტყვებში:

«სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით» (საქმეები 4:12).

მამას არ მოუცია არავითარი სხვა «სახელი» «ცის ქვეშ» (ანუ კაცობრიობისათვის დედამიწაზე არ მიცემულა არავითარი სხვა «მხსნელი», იესოს გარდა).  




და ეს დიდებული მხსნელი – იესო ქრისტე – მამის განდიდებას ცდილობდა და არა საკუთარი თავის. ის ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ სიცოცხლის გადამრჩენი ცნობის წყაროს მამა წარმოადგენდა და არა თვითონ (იოანე 5:19; 14:24).  

«მაშინ იესომ მიუგო მათ: "რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა"» (იოანე 7:16).

«რადგან ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ თვითონ მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო» (იოანე 12:49).

სამწუხაროა, მაგრამ მოგვიანებით მრავალმა «ქრისტიანმა» გადაასხვაფერა ძის როლის არსი, და არსებითად, ის მამის ადგილას დააყენეს, თავად მამა კი ჩრდილში გარიყეს. რადგამ მხოლოდ ამგვარი ეკვილიბრისტიკა შეესაბამებოდა სამების იდეის მიღების პირობებს. მაგრამ შეესაბამებოდა თუ არა ეს თავად ძის განზრახვას? პასუხისათვის შორს წასვლა არ არის საჭირო – საკმარისია ის გავიხსენოთ, რაც მან ამასთან დაკავშირებით მათეს 7:21-23-ში თქვა… 



*************


დაე ეს სტატია პასუხი იყოს მათთვის, ვინც პერიოდულად მომმართავს შეკითხვით «რატომ არ გწამთ სამების?» ვაღიარებ, ძალიან დამღლელია ყოველ ჯერზე ერთი და იგივე განმარტების წერა ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი პოზიციის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ინფორმაცია, რომელიც სტატიაშია გადმოცემული, საკმარის შესაძლებლობას მისცემს გულწრფელ (!) მოსაუბრეს ჩემი თვალსაზრისის გასაგებად. მათთან კი, ვინც მხოლოდ მიზეზს ეძებს დავისა და ბრალდებებისათვის, მე არასოდეს ვსაუბრობ, რადგან აზრი არ აქვს.

----------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergriivanov.blogspot.com

1 комментарий:

  1. დიდი მადლობა ამ შესანიშნავი სტატიისთვის

    ОтветитьУдалить