пятница, 20 января 2017 г.

ბიბლია საჭირო აღარ არის...



რამოდენიმე დღის წინ მონაზონთან საუბრის შესაძლებლობა მომეცა. სანამ გაჩერებაზე ავტობუსს ველოდებოდი, თვალში განცალკევებით სკამზე მჯდომი ფიგურა მომხვდა, როგორც იტყვიან, ბალზაკის ასაკში მყოფი ქალბატონის. მისი შავი ფერის სამოსის მიხედვით, ვივარაუდე, რომ ჩემს წინაშე მონაზონი იყო. საკვირველია, მაგრამ იმ ადამიანებიდან, რომლებიც გაჩერებაზე ჩემთან ერთად ელოდნენ ავტობუსს, არავინ არ დაჯდა მის გვერდით. 


«რატომ არ მივსულიყავი ამ ადამიანთან და რატომ არ გამესაუბრა მასთან?», - გავიფიქრე მე. ბევრი ფიქრის გარეშე, მონაზონს ყველაზე იოლი კითხვით მივმართე: 

- მითხარით, თუ შეიძლება, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ადამიანებს?» 

პასუხმა ცოტა არ იყოს გამაოცა.

- არ ვიცი, - მიპასუხა ქალბატონმა და ქვევიდან გამომხედა. შემდეგ, დაფიქრდა და დაამატა: - ღმერთის რწმენაა საჭირო…

- მე მწამს, - დავეთანხმე მას, - და შემდეგ რა? რა უნდა მომიტანოს ჩემმა რწმენამ საბოლოოდ?

მონაზონი ცოტა გამოცოცხლდა და მიპასუხა:

- ღმერთის თუ გვწამს, მაშინ მის ზეციურ სამეფოში ვიქნებით შემდეგ.

- ზეციურ? და აქ დედამიწაზე, განა არ იქნება მისი სამეფო? – შევეცადე დამეზუსტებინა.

- იქნება, იქნება… მაგრამ ეს მხოლოდ ღმერთმა იცის...

- და რისი გაკეთებაა ჩვენგან საჭირო, ამ სამეფოში რომ ვიყოთ?

- უნდა ვილოცოთ! ამის გარეშე როგორ იქნება?

- კონკრეტულად ვის უნდა მივმართოთ ლოცვით? რა არის ღვთის სახელი? – არ ვეშვებოდი მე.

ამჯერად მონაზონმა განსაკუთრებული დაკვირვებით შემომხედა. თითქოს მცდისო, ეხლა თავად დამისვა შეკითხვა:

- თქვენ რა, განა არ იცით?

მე პაუზა გავაკეთე, რადგან ვიმედოვნებდი, რომ მისგანვე მივიღებდი პასუხს... მაგრამ ტყუილად… მონაზონიც არანაკლები მონდომებით იცდიდა. კარგი, მაშინ თავად ვუპასუხებ.

- იესო ქრისტე?

- ზუსტადაც! – გამარჯვებულის ტონით დამიდასტურა მან.

- კი მაგრამ, ის ხომ ძეა. ლოცვაში «მამაო ჩვენო» კი იესო მამისადმი ლოცვას ასწავლიდა, - ავღნიშნე მე. როდესაც მისი ეჭვიანი გამოხედვა შევამჩნიე, მე მას რბილად შევახსენე: - გახსოვთ? «მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა…» მაშ მამის სახელი რომელიღაა, თუ იესო – ძის სახელია?    

როგორც ჩანს, მონაზონს ჩემთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვები გაუჩნდა. მან კიდევ უფრო დაჟინებით შემომხედა თვალებში და მკითხა:

- და თქვენ რომელ რელიგიაში ხართ?

რაზეც ვუპასუხე:
- აი ეხლა მე თქვენ მამის სახელს გეტყვით და თქვენ თავად მიხვდებით. ბიბლიაში ეს სახელი შვიდი ათასჯერაა მოხსენიებული. ის სინოდალურ თარგმანშიც (რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური თარგმანი) კი არის. ის ასე ჟღერს «იეჰოვა».

- ა-ა-ა, ეხლა გასაგებია, ვინც ბრძანდებით! – მოჭუტული თვალებით მითხრა მონაზონმა.  

- მიუხედავად ამისა, პასუხი ნათელია, - გავაგრძელე მე. – ძის სახელია – იესო. მამის სახელი – იეჰოვა. ყველაფერი ძალზედ ადვილია! ასე განმარტავს ბიბლია.

აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო! როდესაც ბიბლიის შესახებ გაიგო, მონაზონმა მკვეთრად დაიწყო:

- მორჩით ამ თქვენი ბიბლიით! რა საჭიროა ამ უღრანში ძრომიალი? ბიბლიის გაგება შეუძლებელია. ვინმე თუ მაინც გადაწყვეტს წაკითხვას, ბიბლია კი არა, სახარება და ფსალმუნები შეიძლება კიდე წაიკითხო... ბიბლიის კითხვა კი – დროის უსარგებლო ხარჯვაა. თანაც იმ… ძველი აღთქმის… ან თუნდაც ახლის… რა საჭიროა ამ ყველაფრის კითხვა?

მე ვცადე მონაზვნისათვის შემეხსენებინა, რომ სახარება, სხვათა შორის ახალი აღთქმის ნაწილია მეთქი. ხოლო ფსალმუნების წიგნი, გულწრფელად რომ ვთქვათ, ძველი აღთქმის ნაწილი. ერთიც და მეორეც – ბიბლიის ნაწილებია. და თუ ბიბლიის ამ წიგნების წაკითხვა საჭიროა, მაშინ დანარჩენების წაკითხვა რაღატომ არ ღირს? მაგრამ თანამოსაუბრე უკვე აზარტში შევიდა:

- აი ჩემთან ეკლესიაში უკვე სამი ადამიანი მოვიდა ბიბლიასთან დაკავშირებული შეკითხვებით. მეკითხებიან, როგორ მოვიქცეთო მასთან დაკავშირებით. ხოდა მეც ვკითხე მათ: «რაიმე მაინც თუ გაიგეთ ბიბლიიდან?» მიპასუხეს: «ვერაფერიო». ხოდა მეც ვუპასუხე: ხოდა თქვენც ნუ წაიკითხავთ! სახარება და ფსალმუნები წაიკითხეთ და გეყოფათ! …ხო, კიდე წმინდა მოციქულების წაკითხვაა საჭირო… 

მომკალით და ვერ გავიგე, რომელი «წმინდა მოციქულების» წაკითხვაზე მელაპარაკებოდა. თუ მახსოვრობა არ მღალატობს, მაშინ მოციქულების დაწერილი ყველა წიგნი ზუსტად იმ ბიბლიაშია შესული, უფრო სწორად – ახალ აღთქმაში. მარტო პავლე მოციქულმა დაწერა ახალი აღთქმის უმეტესი ნაწილი. ნუ, ხო კარგი…

- და თქვენ თუ სცემთ პატივს «წმინდა მოციქულებს»? კერძოდ, პავლე მოციქულს? – შევეკითხე მონაზონს.

- აბა როგორ? რა თქმა უნდა, პატივს ვცემ! – დამარწმუნა მან.

- მაშინ განა პავლე არ წერს ბიბლიაში, თუ რატომაა მნიშვნელოვანი «მთელი წერილის» კითხვა… 

და მე 2 ტიმოთეს 3:16,17-ის ციტირება გავაკეთე. შესაძლოა, ქალბატონი რომელიმე სხვა პავლეს გულისხმობდა, იმიტომ რომ ბიბლიურმა მუხლებმა ის გულგრილი დატოვეს. მან ძველებურად განაგრძო ღვთის სიტყვის კითხვის უაზრობაზე საუბარი. 

ჩვენი დიალოგის დასასრულად მონაზონის განაცხადი იქცა, იმის შესახებ, რომ მას ძალიან კარგად ესმის თუ რაზე საუბრობს, რადგან ის საეკლესიო ბიბლიოთეკის ზედამხედველია!

- უამრავი რამ მაქვს წაკითხული, - დამარწმუნა მან და დაამატა: - მაგრამ ბიბლიას არ წავიკითხავ. აზრი არ აქვს…

ჩვენ, მინდა მჯეროდეს, რომ მეგობრულად დავშორდით. როდესაც მას ვტოვებდი, ვუსურვე, რომ დიდი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა წმინდა წერილში ჩაწერილ ღვთის მითითებას, მისი სიტყვის ყოველდღიურად კითხვის თაობაზე (იესო ნავეს ძე 1:8; იოანე 5:39; 2 ტიმოთე 3:16,17). მაგრამ ჩემის მხრივ კი, იმაზე დავფიქრდი, თუ რამხელა ბედნიერებაა ის, რომ ღმერთმა უფლება მომცა არ მეხეტიალა უმეცრებისა და ცრურწმენების სულიერ წყვდიადში, რომლებიც, სამწუხაროდ, ასე ახასიათებთ თანამედროვე «მორწმუნეების» უმრავლესობას. თუმცა, თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, უფრო არა «მორწმუნეების», არამედ «ღვთისმოსავების», «რელიგიურების». 

ჩემთვის ამის თვალნათელ მაგალითს საქმეების მე-17 თავი წარმოადგენს. მასში ადამიანების განსხვავებული ჯგუფებია აღწერილი. ყველა მათგანს ჰქონდა რწმენა. მაგრამ მხოლოდ ერთ ჯგუფს ჰქონდა ღვთისადმი რწმენა ზუსტი ბიბლიური შემეცნების საფუძველზე. მათ შესახებ ასე წერია: «უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო. მათგან მრავალმა ირწმუნა» (საქმეები 17:11,12).

სხვებს კი, არა იმდენად ღმერთი სწამდათ, რამდენადაც თავად ღვთის რწმენის იდეა. ის – ეს «რწმენა», რომელიც რთულად დასამტკიცებელი დოქტრინებისა და წეს-ჩვეულებების უზარმაზარი სისტემებით იყო აშენებული – მათ თვალში პირველ ადგილას იდგა და იმას ეფარებოდა, ვისადმი რწმენაც, თითქოსდა მათ უნდა ჰქონოდათ. და როდესაც წმინდა წერილების დახმარებით მოციქულები ასეთ «მორწმუნეებამდე» ღვთის შესახებ ჭეშმარიტების მიტანას ცდილობდნენ, ისინი მზად იყვნენ, წმინდა წერილებიდან მომდინარე ხელმძღვანელობაზე უფრო ეთქვათ უარი, ვიდრე მათთვის ჩვეულ ჩამოყალიბებულ «რწმენაზე» (რელიგიური შეხედულებების სისტემაზე). 

თუმცაღა, საკუთარ თვალში ეს «მორწმუნეები» ძალიანაც «ჭეშმარიტები» იყვნენ ადამიანების მესამე ჯგუფთან – წარმართებთან შედარებით, მათთან, ვინც თავიდანვე ცრუ ღვთაებებს ეთაყვანებოდნენ. რა იოლი იყო ამ უკანასკნელების ფონზე საკუთარი თავის დარწმუნება, შეხედეთ, აი ჩვენ ხომ «ნამდვილი» ქრისტისნები ვართ, ჩვენ ხომ ვიღაც «ზევსებსა» და «არტემიდებს» არ განვადიდებთ, არამედ «იმ ღმერთს, რომელიც საჭიროა»!




და დღესაც ყველაფერი ძველებურად რჩება. ადამიანებს მცირედი სურვილიც კი არ აქვთ, რომ «უდიდესი გულმოდგინებით მიიღონ სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო.» (საქმეები 17:11). ალბათ, უფრო პირიქითაც კი: თავად ბიბლიის გამოკვლევის შესახებ აზრიც კი უკიდურეს დისკომფორტს იწვევს მათში. ისინი ნებისმიერ მიზეზს ეძებენ – «ბიბლია – უღრანი ტყეა», «ღმერთი არ მოელის ამას ჩემგან», «ცუდი მხედველობა მაქვს», «ამას მირჩევნია ეკლესიაში სანთელი დავანთო», «ადგნენ და სხვებმა იკითხონ, მე ისედაც მწამს ღმერთის» - ოღონდ კი ის არ აკეთონ, რასაც მათგან თავად ღმერთი მოელის. როგორც «მორწმუნეთა» მეორე ჯგუფის ერთგული წარმომადგენლები, ისინი საკუთარი თავის გამართლებას, მათთვის გაუგებარი დოქტრინების ფორმალურ აღიარებასა და ოდესღაც ვიღაცის მიერ დადგენილი წეს-ჩვეულებების ბრმად შესრულებაში ეძებენ. ბიბლია კი – თუ კიდეც აქვთ სახლში, სჯობს ლამაზად იდოს რომელიმე წიგნის თაროზე. მას არც კი გადავშლით – ვაიდა ფურცლები დაეჭმუჭნოს, ეს ხომ დიდი ცოდვაა!  

მე რომ ბიბლიური (!) ქრისტიანი არ ვიყო და ასეთივე «მეორე ჯგუფის მორწმუნეს» წარმოვადგენდე, ალბათ, მეც ასეთ რამეებს ვიტყოდი. ყველანაირად შევეწინააღმდეგებოდი, ოღონდ კი ღვთის სიტყვის გამოკვლევის შესახებ არავის არაფერი ეხსენებინა ჩემთვის. ვიტყოდი, რომ ბიბლიის გაგება შეუძლებელია, რომ ის ადამიანის გონებისათვის არაა დაწერილი (საინტერესოა, აბა ვისთვისაა მაშინ?) 

მაგრამ, ნახეთ რა საინტერესო რამე გამოდის! თუ «ტიტულოვანი რელიგიის» წევრებმა ვერ შეძლეს ბიბლიის გაგება, მაშინ რატომ ესმით მისი მშვენივრად «არატიტულოვან» მორწმუნეებს? თუ პირველებისათვის იესოსა და მოციქულების მიბაძვა, რომლებსაც სასიხარულო ცნობა მიჰქონდათ მასებში, უცხო და უცნაურ საქმეს წარმოადგენს, მაშინ როგორ გამოსდით ამ ყველაფრის წარმატებით შესრულება უკანასკნელებს? აქ აშკარად რაღაც რიგზე ვერაა! რაღაც არ გამოდის! აშკარად, ვიღაც «ტიტულოვანს» სული არ ჰყოფნის. ზუსტად ის სული, რომელსაც ბიბლია «წმინდას» უწოდებს. «იეჰოვას სული, სიბრძნისა და გაგების სული, რჩევისა და ძლევამოსილების სული, ცოდნისა და იეჰოვას შიშის სული» (ესაია 11:2). «ჭეშმარიტების სული, [რომელიც] წაგიძღვებათ ... ყოველი ჭეშმარიტებისაკენ» (იოანე 16:13).

იმიტომ რომ, ეს სიბრძნის, გაგებისა და ჭეშმარიტების სული რომ იყოს ასეთ მორწმუნეებში, მაშინ არ ილაპარაკებდნენ ყოველივე იმას, რისი მოსმენაც მე მომიწია იმ ღვთისმოსავ ქალბატონთან საუბრისას. მაშინ არ დაამცირებდნენ ბიბლიას უნდობლობით, არამედ, პირიქით, დაიცავდნენ მის ჭეშმარიტებასა და პრაქტიკულობას! არ ისხდებოდნენ დაღვრემილნი სკამებზე, არამედ თავად მივიდოდნენ ადამიანებთან წმინდა წერილებით ხელში. განა ამას არ უნდა მოველოდეთ მათგან, ვისაც ნამდვილად ღვთის სული უწევს ხელმძღვანელობას? და განა ასე არ იმოქმედებდნენ ისინი, ვინც გულწრფელად ცდილობს უფალი იესო ქრისტეს მაგალითს მიბაძონ?
---------------------------------------------------------------- 

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий