суббота, 28 января 2017 г.

საავტორო ჭეშმარიტება


ღმერთი... შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან (საქმეები 17:27)

ორ ადამიანს ძალიან უნდა ჭამა. პირველი მაცივარს აღებს და საჭმელს იღებს: პურს, კარტოფილს, ბოსტნეულს, ხორცს, რძეს. მან იცის, რომ ეს პროდუქტები სრულყოფილებისაგან შორს არიან, მაგრამ სამაგიეროდ ის ჭამს და ძღება. მეორეც აღებს მაცივარს, მაგრამ არაფერს არ იღებს, იმიტომ რომ ბოსტნეულში საკმარისი ვიტამინები არ არის, რძე არასაკმარისად ცხიმიანია, პური მაგარი, ხორცი წითელი, მარილი ზედმეტად მარილიანი, შაქარი ზედმეტად ტკბილი, წყალი კი ზედმეტად სველია. ის გასტრონომიული იდეალისტია – და შიმშილობას განაგრძობს. რა იქნება შედეგი? ნათელია, მშიერი სიკვდილი.



დაახლოებით ასე ეძებენ ადამიანები ჭეშმარიტებასაც. ისევე როგორც საკვები, ჭეშმარიტებაც ყველას სჭირდება და ყველას ესაჭიროება კარგი ურთიერთობა საკუთარ მიზეზთან. ჩვენ ასე ვართ მოწყობილი. მაგრამ ერთნი ჭეშმარიტებას იმისთვის ეძებენ, რომ იპოვონ და მიიღონ, სხვები კი ამას საპირისპირო მიზნით აკეთებენ – რათა მასში შეცდომები, წინააღმდეგობები, შეუსაბამობები იპოვონ (საკუთარ მოლოდინებთან მიმართებით) და სიხარულით უარყონ. უარყონ, რათა აღარასოდეს იპოვონ. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მისი პოვნის მიზანი თავიდანვე არ ჰქონდათ. 

არსებობს ადამიანთა დიდი კატეგორია, რომლებიც თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ და ლოცულობენ კიდეც ღვთის მიმართ, მაგრამ რომლებიც თითქოს სპეციალურად კითხულობენ ბიბლიას (და არა მარტო მას) მხოლოდ ერთადერთი მიზნით – იპოვონ მასში შეცდომები და წინააღმდეგობები. მე შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც ბიბლიაში არსებულ ვითომდა შეცდომებზე სვავდნენ შეკითხვებს, მაგრამ კატეგორიულ უარს ამბობდნენ პასუხების მოსმენაზე. სადამდე მიჰყავს ასეთ მიდგომას? მე მცირედი ეჭვიც კი არ მეპარება, რომ მათ პირადად მთავარანგელოზი გაბრიელი რომ გამოეცხადოს ჭექაქუხილით, დიდებული ჭეშმარიტება გამოუცხადოს "საყვირის ხმის მსგავსი ძლიერი ხმით" და ამასთანავე დიდებული სასწაული მოახდინოს, ისინი ამ ყველაფერში მაშინვე შეცდომებს იპოვიან: ანგელოზის ფრთები არასწორი ფორმისაა, ჭეშმარიტება არაზუსტადაა ჩამოყალიბებული, სასწაული კი რაღაც დაუდევრად იქნა მოხდენილი. და ანგელოზი გაფრინდებოდა, დარცხვენილი. მაგრამ ვინ დარჩება წაგებული? ანგელოზი არა რა თქმა უნდა. 

გასაოცარია, რომ ასეთმა ადამიანებმა წინასწარ იციან, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტება ყველა მის გამოვლინებებში, მიკროსკოპულებშიც კი. მათ წინასწარ ჩამოაყალიბეს თავისთვის ყველა მისი დეტალები, ბიბლიისა და თავად ღვთისადმი ყველა მოთხოვნა, და ამ მოთხოვნებიდან უმცირესი გადახვევაც კი მათგან ისე განიმარტება, როგორც შეცდომა, და გამამტყუვნებელი ვერდიქტი გამოაქვთ. ასეთი «შეცდომების» მაგალითები: აქ ასე რატომ წერია, იქ კიდე ისე? რატომ არ გამომეცხადება ღმერთი პირადად და არ მეტყვის ყველაფერს, რაც საჭიროა, არამედ რაღაც წიგნი დატოვა ჩემთვის? რატომაა ამ წიგნში ესა და ეს, რაც მე არ მომწონს, მაგალითად ძალადობის სასტიკი სცენები? რატომ ვერ ვხედავ დღეს ვერანაირ სასწაულებს? რატომაა ბიბლიაში ზოგიერთი რამ ასე რთული გასაგები? რატომაა, რომ ქრისტეს შემდეგ აგერ უკვე 2000 წელი გავიდა, მაგრამ არაფერი არ იცვლება? რატომ არსებობს ამდენი რელიგია და აზრი და ყველა თავისებურად მართალია? როგორ შეიძლება ადამიანთა მცირე ჯგუფი მართალი იყოს, დანარჩენები კი არა? და ა.შ. და ამის მსგავსი.

მათ ამგვარ და მსგავს შეკითხვებზე გონივრული პასუხები არსებობს, მაგრამ პრობლემა ამ პასუხებში არ მდგომარეობს, იმიტომ რომ, როდესაც ნებისმიერ შეკითხვებზე პასუხებს იპოვის, ადამიანი მაშინვე ახალი შეკითხვების სიას წარადგენს. ეს სია აშკარად უსასრულოა. პრობლემის სათავე იმაში მდგომარეობს – რომ მათ არ სურთ იმ უბრალო ფაქტის მიღება, რომ ჭეშმარიტება შეიძლება ისეთი აღმოჩნდეს, როგორიც ჩვენ არ გვსურს რომ აღმოჩნდეს. ღმერთი თავის თავს შეიძლება იქ არ გვაცნობდეს, სადაც ჩვენ გვეგონა. ღმერთი შეიძლება ისე არ იქცეოდეს, როგორც ჩვენ გვინდა, ნებისმიერი მიზეზით, თუნდაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი. ბოლოს და ბოლოს, ის ღმერთია! უფლება აქვს. მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტების მაძიებელი მის საკუთარ, საავტორო ვერსიას ეფოფინება და ის წლიდან წლამდე  მისთვის სულ უფრო ძვირფასი, სულ უფრო ფასეული ხდება, სულ უფრო რთული ხდება მასთან განშორება. ზუსტად ამიტომ მოკლეს იესო ადამიანებმა, რომლებიც მის სასწაულებს ხედავდნენ. მათ იმდენად უყვარდათ ჭეშმარიტების საკუთარი ვერსია, რომ ის მათთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი გახდა, ნებისმიერ სასწაულზე და გამოცხადებაზე მნიშვნელოვანი.

ჭეშმარიტების ძიება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობით უნდა იწყებოდეს: ჭეშმარიტება შეიძლება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს, ვიდრე მე ველი. ღმერთი შეიძლება ისე არ მოქმედებდეს, როგორც მე მეჩვენებოდა სწორად და ის საკუთარ თავს შეიძლება ისეთი მეთოდით არ გვაცნობდეს, როგორც ჩემთვის იქნებოდა მოსახერხებელი. ამიტომ, როდესაც ამას გავაცნობიერებ, მე აღარ წავუყენებ ჭეშმარიტებასა და ღმერთს წინასწარ მოთხოვნებს, არამედ მზად ვიქნები თავდაბლად, ფართო და ღია ცნობიერებით მივიღო ჭეშმარიტება, მაშინაც კი თუ ის გარკვეულწილად რაღაცაში არ შეესაბამება ჩემს მოლოდინებს. 

კი, ჭეშმარიტება უნდა იყოს ლოგიკური და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საკუთარ თავს, მაგრამ მე სრულიად ვაცნობიერებ იმას, რომ მრავალრიცხოვანი «შეცდომები» და «წინააღმდეგობები» სასწორის ჩემს პინაზე დევს – ისინი ჩემი პირადი სუბიექტური აღქმით არიან გამოწვეული, ჩემი პირადი დამოკიდებულებითა და განწყობით, ჩემი ინფორმაციის ნაკლებობით, თვალსაზრისის  მცდარი კუთხით, იმის შეუძლებლობით, რომ სრული სურათი დავინახო ან თუნდაც სხვა, ჯერ ჩემთვის უცნობი ფაქტორებით. თუ მე ეს მესმის, მე შევეცდები მაქსიმალურად დაბალანსებული და მიუკერძოებელი მიდგომა მოვძებნო. მე არ ვიფიქრებ საკუთარ თავზე, რომ თითქოს ჭეშმარიტების ლიცენზირებული ექსპერტი ვარ და მით უმეტეს მისი ავტორი, არამედ მზად ვიქნები თავმდაბლად, როგორც ღრუბელმა, ყველაფერი შევისრუტო და შემდეგ თავად ჩამოვყალიბდე მისი გავლენით. მე მზად ვიქნები, რომ შევიცვალო.

ნებისმიერი სხვა მიდგომა უბრალოდ არაფრამდე მიგვიყვანს, გარდა ქრონიკული იმედგაცრუებისა.

----------------------------------------------------------------

ნათარგმნია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий