понедельник, 20 февраля 2017 г.

სიცრუის ხე

ეგოიზმის ნიადაგში ჩაგდებული, ცდომილების პატარა თესლიდან, ყოველთვის სიცრუის დიდი ხე იზრდება. 

ერთი ასეთი ხე, აგერ უკვე მრავალი ასწლეულია თქვენს გვერდით იზრდება. ამ ხის სახელია - "ქრისტიანობა". არა, ნამდვილი ქრისტიანობა არა, რომელიც პირველ საუკუნეში იესო ქრისტემ დარგო, არამედ ის, რომელიც იმ თესლიდან გაიზარდა, რომელიც მის გვერდით მისმა მტერმა - სატანამ დარგო. 


როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში სარეველა ჩათესა და წავიდა. (მათე 13:25) 


და ზუსტად ამ თესლიდან გაიზარდა დიდი დატოტვილი ხე, ლამაზი, ტანადი და მაღალი. მაგრამ მას ერთი პრობლემა აქვს: ამ ხეზე ნაყოფი თითქმის არ არის. ხოლო თუ არის კიდეც რამე, ისიც ძირითადად დამპალი და მომწამვლელი. და მთელი მსოფლიო ისტორია ბოლო 2000 წლის განმავლობაში - ამის ნათელი დადასტურებაა. ჯვაროსნული ომები, ინკვიზიცია, სისხლიანი ომები "ქრისტიანულ" ქვეყნებს შორის და ასე შემდეგ - ყოველივე ეს ის უვარგისი ნაყოფებია, რომლებიც ცუდ ხეზე იზრდება. 


ასევე კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს. (მათე 7:17) 

შეიძლება თუ არა რაიმეს შეცვლა, მაგალითად "ქრისტიანობის" მოდერნიზება, როგორც ამას თავის დროზე იგივე მარტინ ლუთერი ცდილობდა, ან როგორც ამას დღეს ცდილობენ ზოგიერთი რელიგიური ლიდერები? არა, ეს შეუძლებელია, როგორც ცხენის წაბლის გადაქცევაა შეუძლებელი მარწყვად, ხოლო ეკლის ბუჩქის - ვაზის ხედ. სიცრუის თესლის შეცვლა შეუძლებელია, განსაკუთრებით, როდესაც ის ღვთის სახელით მოვაჭრე უზარმაზარ ინდუსტრიად გაიზარდა. 



მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ წინასიტყვაობა იყო, ეხლა კი გთავაზობთ მოთხრობას იმის შესახებ, თუ როგორ ჩაანაცვლა სატანამ ჭეშმარიტების თესლი სიცრუის თესლით. 

"სინათლის შვილების", სასტიკი დევნებით, დაშინების უშედეგო მცდელობების შემდეგ, სატანა სხვა გზას დაადგა - შიგნიდან გახრწნის გზას. უფრო სწორად თუ ვიტყვით, ამ გეგმის განხორციელება მის სრულ რეალიზებამდე დიდი ხნის წინ დაიწყო. 


ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენს შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები. (საქმეები 20:29,30) 

ეს სიტყვები თავისი სიკვდილის წინ მოციქულმა პავლემ დაწერა, დაახლოებით ახ.წ. 65 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ სატანამ უკვე აქტიურად დაიწყო საკუთარი ჯაშუშების შეგზავნა ქრისტიანობის ზურგში. 

შტირლიცის შესახებ თუ წაგიკითხავთ, იგივე პოლკოვნიკი ისაევი, მაშინ გეცოდინებათ, რომ ჯაშუშებს ჩვეულებრივ იმაზე გაცილებით ადრე გზავნიან, ვიდრე ისინი "რეალური" სარგებლის მოტანას დაიწყებენ. ჯაშუში უნდა გაშინაურდეს, ნდობა დაიმსახუროს, წინ წაიწიოს კარიერულად, და მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყოს გამანადგურებელი ქმედებები მტრის ზურგში მთელი ძალით. 



თუ ოდესმე წაგიკითხავთ ეკლესიის მამები, ალბათ შეამჩნევდით, თუ რა ძლიერ განსხვავდება  1 საუკუნის ეკლესიის მამების წერილები - მე-2 საუკუნის ეკლესიის მამების წერილებისაგან, მე-2 საუკუნის ეკლესიის მამების წერილები - მე-3 საუკუნის ეკლესიის მამების წერილებისაგან... სიცრუის თესლი ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდებოდა. სწავლებები ტრანსფორმაციას განიცდიდნენ, მათზე ცრუსწავლებების ტოტები და ფოთლები იზრდებოდა. უკვე მეორე საუკუნეში იუსტინე წამებული წერდა: 


თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ქრისტიანებად აცხადებენ თავს და აღიარებენ მილურსმულ იესოს უფლად და ქრისტედ, და ამასთანავე ქადაგებენ არა მის სწავლებას, არამედ სიცრუის სულებისას... ყოველი მათგანი თავისებურად ასწავლის საკუთარი და ქრისტეს მამის ძაგებას, ..., აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთის; ჩვენ არცერთ მათგანთან არ გვაქვს ურთიერთობა, რადგან ვიცით, რომ ისინი უღვთოები, ბოროტნი, უსამართლონი და უკანონობის მოყვარულნი არიან, და იესოს კი არ ეთაყვანებიან, არამედ მხოლოდ სიტყვებით არიან მისი მორწმუნენი. ისინი ქრისტიანებს საკუთარ თავს ზუსტად ისევე უწოდებენ, როგორც წარმართები აწერენ ღვთის სახელს კერპებზე, და უწმინდურ და უღვთო წეს-ჩვეულებებში იღებენ მონაწილეობას (იუსტინე წამებული. საუბარი ტრიფონ იუდეველთან.)(თარგმანი აზრობრივია) 

იუსტინე წამებული ახ.წ. 167 წელს მოკვდა და მის დროს სიცრუის თესლი უკვე პატარა ხეს წარმოადგენდა, თუმცა ჯერ კიდევ პატარას, მაგრამ მრავლისთვის უკვე შესამჩნევს. და უკვე დაახლოებით ამ დროიდან იწყებს განხორციელებას სატანის ბოროტი განზრახვა - მოსპოს ჭეშმარიტების ხე. 

მთელი ხის მოსასპობად, მისი ტანის მოსპობაა საჭირო, იმიტომ რომ ხის ტანია - ყველა მრავალრიცხოვანი ტოტების - ანუ სწავლებების "საძირკველი", რომლებზეც შედარებით მეორეხარისხოვანი სწავლებების მრავალი ფოთოლი, ყვავილი და პატარა ნაყოფები იზრდებიან. თუ ფოთოლი დალპება, ის მოკვდება და ჩამოვარდება. თუნდაც ტოტი რომ დალპეს, არც ესაა დიდი უბედურება, ისიც მოძვრება. ხოლო ხის ტანი თუ დალპა - მაშინ მთელ ხეს ბოლო მოეღება! 



სატანას მშვენივრად ესმოდა ეს და მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქრისტიანობის ზურგში მყოფ მის ჯაშუშებს ზუსტად ხის ტანი მოესპოთ, ქრისტიანთა რწმენის საყრდენი. რას წარმოადგენს ეს ტანი? ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ეს ღვთის ყველაზე მთავარი მცნებაა. მისი დარღვევით, ან თუ უფრო სწორად ვიტყვით - მისი ჩანაცვლებით, ყველა დანარჩენსაც გაანადგურებ და მოსპობ. 


მან, ვინც თქვა: "არ იმრუშო", ისიც თქვა, რომ "არ მოკლა". და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, კანონს არღვევ. (იაკობი 2:11) 

მაგრამ მცნებები "არ იმრუშო", და თუნდაც "არ მოკლა", არ წარმოადგენენ მთავარს. 10 მცნებას თუ გადავხედავთ, ისინი სულაც არ დგანან პირველ ადგილას. მაშ რომელი მცნება წარმოადგენს მთავარს, მთელი რწმენის "ვარჯს"? წავიკითხოთ: 


"მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი, ... არ გყავდეს სხვა ღმერთები ჩემ გარდა. (გამოსვლა 20:2,3) 

აი ისიც, მთავარი მცნება, ჭეშმარიტების ხის ვარჯი: არის მხოლოდ ერთი ღმერთი და მისი სახელია იეჰოვა. მორჩა, წერტილი. თუმცა არა, უნდა დავამატოთ, რომ ეს უბრალოდ ღვთის თხოვნა როდია, რომ მხოლოდ მას ვემსახუროთ, არამედ მისი მკაცრი მცნება, რომლის დაცვასაც ღმერთი კიდევ უფრო მკაცრად მოითხოვდა, ვიდრე მცნებებისა "არ იმრუშო" და "არ მოკლა". 


თუ შენი ძმა, დედაშენის ვაჟი, ან შენი ვაჟი, ასული ან შენი საყვარელი ცოლი, შენი მეგობარი, რომელიც საკუთარი სულივით გიყვარს, ფარულად ეცდება შენ შეცდენას და გეტყვის, ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა, იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც ირგვლივ ცხოვრობენ, თქვენთან ახლოს თუ თქვენგან შორს, მიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე, არ აჰყვე არცერთ მათგანს და არ მოუსმინო.

არ შეიცოდოს იგი შენმა თვალმა და არ შეიბრალო, არც ხელი დააფარო, არამედ მოკალი. პირველმა შენ აღმართე ხელი მის მოსაკლავად და მერე დანარჩენმა ხალხმა. (კანონი 13:6-9) 

აი ასე ეპყრობა ღმერთი მათ, ვინც ზურგს აქცევს და ქმნილებების თაყვანისცემას იწყებს შემოქმედის ნაცვლად. გესმით, რამდენად სერიოზულია ეს? 



მაშ როგორ განახორციელა სატანამ თავისი გეგმა, როგორ მოახერხა ისე გაეკეთებინა, რომ ქრისტიანებმა თავი დაანებეს ასეთი უმნიშვნელოვანესი მცნების დაცვას? მორწმუნე ადამიანებისათვის ღმერთის წართმევა შეუძლებელია, სამაგიეროდ მისი ჩანაცვლებაა შესაძლებელი. ყველაფერი ეტაპობრივად იქნა გაკეთებული. თავიდან მან უბრალოდ ღვთის სახელი წაშალა ბიბლიიდან და ის ტიტულით შეცვალა. ეხლა შემოქმედი ღმერთი უკვე - უპიროვნო უფალი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე საუკუნეში, იუსტინე წამებულის დღეებში, ეს სიცრუე წარმატებით ყვაოდა სიცრუის ხის მომაკვდავ ტოტზე: 


ყოველივეს მამას, არ შობილს, არ აქვს განსაკუთრებული სახელი. ....მაგრამ იესოს სახელიც აქვს, მნიშვნელობაც და ადამიანიც, მხსნელი; (იუსტინე წამებული. აპოლოგია) (თარგმანი აზრობრივია) 

არაფერია გასაკვირი, რომ იუსტინე წამებული, სატანის ერთ-ერთი ჯაშუში, ისეთ რამეებს ამბობს, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიას. ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთს აქვს სახელი, იუსტინე კი გვასწავლის, რომ ღმერთს შეუძლებელია სახელი ჰქონდეს. ვის დავუჯეროთ? 


მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას, არც ჩემს ქებას - ქანდაკებებს. (ესაია 42:8) 

შემდეგ მისმა ჯაშუშებმა ქრისტიანობის ზურგში დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, რომ უფალი იეჰოვა და უფალი იესო - ერთი და იგივე პიროვნებაა. დრო გავიდა და აქცენტები სრულიად იესო ქრისტეზე გადავიდა, რადგამ მისი მამისაგან განსხვავებით, იესოს სახელი დარჩა. 

პირველივე საეკლესიო კრებაზე, რომელიც 325 წლის ივნისში გაიმართა ქალაქ ნიკეაში და რომელსაც წარმართი იმპერატორი კონსტანტინე ხელმძღვანელობდა, სატანა თავისი აგენტების მეშვეობით ზუსტად ამ ცრუ სწავლებას უწევს ლობირებას: იესო - ყოვლისშემძლე ღმერთია. ამგვარად იქცა ღმერთის ძე - ძე ღმერთად

ისინი, ვინც ამ ჩანაცვლებას არ დაეთანხმნენ, უბრალოდ რეპრესირებულნი იქნენ. ამჯერად ეს შესაძლებელი გახდა, რადგან ეხლა ქრისტიანობა ხომ - რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგია იყო. და როგორც ჩანს ზუსტად ამ მიზნისათვის, ჭეშმარიტი ქრისტიანების მხრიდან მომდინარე წინააღმდეგობის ჩასახშობად, აღძრა სატანამ იმპერატორი კონსტანტინე, რომ თავის წიაღში მიეღო დევნილი "ქრისტიანები". 



და უკვე შემდგომ საეკლესიო კრებაზე სატანა შემდეგ იდეას აფუძნებს: ღმერთი სამერთობაა. ეხლა ღმერთი უკვე - საიდუმლოა და მისი შეცნობა საჭირო არაა, ეს ხომ მაინც შეუძლებელია. და თუმცა მამა ფორმალურად ღმერთად რჩება, მისადმი მთელი თაყვანისცემა მხოლოდ "მამაო ჩვენოს" დაზეპირებით შემოიფარგლება. 

ხოლო, უახლოეს პერიოდში იდეების ლობირებით იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თაყვანისმცემლობაში ხატების გამოყენება, საჭირო საქმე დაასრულა - ამჯერად სახელს იესო, ხილული გამოსახულებაც დაემატა. ასე უფრო იოლი იყო, ასე უფრო ადვილი იყო, ასე ყველასათვის მოსახერხებელი გახდა... შემოქმედისადმი თაყვანისცემა მისი ქმნილებისადმი თაყვანისცემით შეცვალეს. 

ვინც რას არ უნდა ამბობდეს დღეს ამ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, პირადად მე იესოსი უფრო მჯერა, რომელიც თავისი მკვდრეთით აღდგომისა და ზეცაში ამაღლების შემდეგ, საკუთარი მამის, იეჰოვას, საკუთარ ღმერთად აღიარებას აგრძელებდა: 


მძლეველს სვეტად ვაქცევ ჩემი ღვთის ტაძარში ... დავაწერ მას ჩემი ღვთის სახელს და ჩემი ღვთის ქალაქის სახელს - ახალ იერუსალიმს, რომელიც ზეციდან ჩამოდის ჩემი ღვთისგან და ჩემს ახალ სახელს. (გამოცხადება 3:12) 

დღეს ჩვენ არ ვიცით ყველა წვრილმანი, თუ დეტალებში როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მშვენივრად შეგვიძლია სრული სურათის დანახვა. შეგვიძლია მივხვდეთ, თუ რატომ იყო იმ დროს ძნელი ჭეშმარიტების ხის ლპობისაგან დაცვა. 

იმ დროს საკუთარი ბიბლიის ქონა ყველას როდი შეეძლო, თანაც სრული ბიბლია იმ სახით, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, უბრალოდ არ იყო. ბევრი რამ სიტყვიერად გადაეცემოდა ადამიანიდან ადამიანს. როგორც წავიკითხეთ კიდეც ზემოთ, იუსტინე წამებულის დღეებში და მას შემდეგ კიდევ უფრო დიდი მაშტაბით, ძალიან ნაყოფიერად ყვაოდნენ ერესები და სექტები, რომლებიც არც კი ერიდებოდნენ იმას, რომ საკუთარი ყალბი სახარებები და მოციქულთა წერილები დაეწერათ. თავად იუსტინეც კი, როგორც თავადვე აღწერს თავის ნაშრომებში, სანამ ქრისტიანი გახდებოდა პლატონისა და სხვა ბერძენი ფილოსოფოსების მოტრფიალე იყო. 




ცნობილ პლატონისტთაგან ერთერთი, გონიერი ადამიანი, სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ჩვენს ქალაქში; დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობდი მასთან, ვსრულყოფილდებოდი და ყოველდღიურად სწრაფ წარმატებებს ვაღწევდი. ძლიერ აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში პლატონური სწავლება უსხეულოს შესახებ და იდეის თეორია ფრთებს ასხამდა ჩემს აზრებს; ძალიან მალე, თითქოს, ბრძენი გავხდი და ჩემს უგუნურებაში ვიმედოვნებდი, რომ მალე თავად ღმერთს ვიხილავდი, რადგან ასეთია პლატონური ფილოსოფიის მიზანი. (იუსტინე წამებული. საუბარი ტრიფონ იუდეველთან) (თარგმანი აზრობრივია) 
და თუმცა თავად იუსტინე ამტკიცებს, რომ ის ჭეშმარიტი ქრისტიანია და ერესს გაურბის, მაგრამ განა მათ, რომლებიც სხვა ერესებს ავრცელებენ, სხვაგვარად მიაჩნიათ? 


ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ცდება, ყოველთვის მიაჩნია, რომ ყველა დანარჩენი ცდება და მხოლოდ ისაა - მართალი! 

ძალიან ბევრი ეკლესიის მამა, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს ქრისტიანულ ეკლესიაზე, მანამდე ბერძნული ფილოსოფიის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ. და რა უნდა იყოს მაშინ გასაკვირი იმაში, რომ თავისი ძველი შეხედულებები ახლებთან შეათანხმეს? და რამდენად რთულია დღეს მრავალი ადამიანისათვის მათი პლატონური სიცრუის, ბიბლიური ჭეშმარიტებისაგან განსხვავება! 



ცოტა ხნის წინ ერთ ბაპტისტს ძალიან უნდოდა ჩემთან სამებაზე საუბარი. მას ვითომდა ჭეშმარიტების პოვნა სურდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მრავალი წლის განმავლობაში დადიოდა მის მახლობლად, მაგრამ ვერა და ვერ შეხვდა მას. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ის ჭეშმარიტების ნაყოფებს იმ ხეზე არ ეძებდა რომელზეც საჭირო იყო. მან მე ბიბლიური მუხლი მომიყვანა, რითაც შესაძლოა ჩემს ჩიხში შეყვანას ცდილობდა: 


იესომ მიუგო: "დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ". (იოანე 2:19)

აი ხედავ, მეუბნება მე, იესო - ღმერთია, იმიტომ რომ თავადვე აღიდგინა თავი მკვდრეთით. ბიბლიის სხვა ადგილებში ხომ წერია, რომ იესო ღმერთმა აღადგინა, აქ კი იესო ამბობს, რომ თავად აღადგენს საკუთარ თავს. რაც იმას ნიშნავს, ... რომ თავად იესოა ღმერთი! 

იმ ადამიანის ტიპიური "ლოგიკა", რომელიც მთელ თავის რწმენას არამყარ პარალელებზე აგებს. მაგრამ არის ერთი მაგრამ. უფრო სწორად ორი მაგრამ-იც კი. იესო თუ ნამდვილად მოკვდა, მაშინ მას არ შეეძლო საკუთარი თავის აღდგენა, რადგან მან ხომ არსებობა შეწყვიტა. ეს პირველი მაგრამ. იესო თუ ღმერთია, განა შეუძლია ღმერთს მოკვდეს, ის ხომ უკვდავია? 

და აქ ერთი ტყუილი მეორეს ითრევს თან, ერთი დამპალი ტოტიდან მეორე დამპალი ტოტი იზრდება. ჩემმა "მეგობარმა" რაღა თქმა უნდა თქვა, რომ იესოს მხოლოდ ხორციელი სხეული მოკვდა, უკვდავი სული კი, რაღა თქმა უნდა, ცოცხალი დარჩა. 



იმის ეჭვიც არ არსებობს, რომ ბიბლიაში არ არის სწავლება უკვდავი სულის შესახებ, ასეთი სითყვათაწყობაც კი არ არის მასში. ესაა სუფთა წყლის წარმართული სწავლება, რომელიც იქიდან "ქრისტიანობაში" გადმობარგდა იმისათვის, რათა მხარი დაეჭირა პირველი სიცრუისთვის. თუ იესოს სიკვდილს დავუბრუნდებით, იმ განაცხადს, რომ მხოლოდ მისი სხეული მოკვდა, შეგვიძლია წინასწარმეტყველი ესაიას სიტყვები გავიხსენოთ, რომლის პირითაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს სიკვდილი ღმერთმა: 


ამიტომ წილს მივცემ მას მრავალთა შორის, ნადავლს გაინაწილებს ძლიერთა შორის, რადგან სიკვდილს გადასცა თავისი სული, ..... (ესაია 53:12) 

ნახეთ: სული გადასცა სიკვდილს და არა სხეული. არავითარი უკვდავი სული არ ჰქონდა იესოს, ის მოკვდავი იყო, რადგან ბიბლიის თანახმად სული - თავად ადამიანია, მისი სიცოცხლეა. 


...ეს იგივეა, კაცი რომ თავის მოძმეს დაესხას თავს და მოკლას ის სული.       (კანონი 22:26) 

ეს სიცრუე კი თან შემდეგ სიცრუეს იყოლებს - ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვის შესახებ სწავლებას, რომელიც ასევე სუფთა წყლის წარმართული სწავლებაა. ეს სიცრუე კი კიდევ ერთ სიცრუეს მიითრევს თან. რადგან თუ ღმერთი ადამიანებს მარადიულად ტანჯავს ჯოჯოხეთში, მაშინ ის მოსიყვარულე და სამართლიანი კი არა, სასტიკი და შურისმაძიებელია. 

და აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი აბსურდი, რომ იესომ თავისი გამომსყიდველური მსხვერპლი საკუთარ თავს მიუტანა და თან ისიც მთლად მხვერპლი არ იყო, იმიტომ რომ თუმცა ის მოკვდა, მაგრამ სინამდვილეში არ მომკვდარა. და ასე შემდეგ და ამის მსგავსი... 

ამგვარად ამოიზარდნენ დამპალი ძირიდან ცრუსწავლებების დამპალი ტოტები, რომლებიც შემდეგ დამპალ ნაყოფს ისხამენ. და "ქრისტიანობის" ამ დამპალი ნაყოფების დამალვა შეუძლებელია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიკერძოების გარეშე იწყებს ბიბლიის კითხვას, მაშინვე ამჩნევს მრავალ ჩანაცვლებას. 

მაგრამ ყველა ადამიანს როდი შეუძლია ჩვეულ სწავლებებზე მაშინვე უარი თქვას, იმიტომ რომ აქ საკუთარი ცდომილებების მთელი ხლართის გარჩევაა საჭირო თავიდან - ბოლომდე. ამას კი უამრავი დრო და ნერვები სჭირდება. რადგან ტყუილად როდი ამბობენ: 


ყოველთვის, თავიდან სწავლა უფრო ადვილია, ვიდრე ხელახლა სწავლა. 

სატანამ ეს იცის. და ზუსტად ამიტომაც მოხარშა ადამიანების თავებში ეს აჯაფსანდალი, რომ ისინი სრულიად დაბნეულიყვნენ. ამასთანავე საკუთარ ცდომილებებზე უარის თქმა მრავალს კიდევ იმიტომ უჭირს, რომ სინამდვილეში მათ სჭირდებათ არა ჭეშმარიტება, არამედ ის, რაც მათ ყურს აამებს. 

აბა როგორ შეიძლება კეთილ და მოსიყვარულე ადამიანს სჯეროდეს იმის, რომ მოსიყვარულე ღმერთი მარადიულად ტანჯავს ადამიანებს ჯოჯოხეთში? მრავალს იმიტომ სწამს ჯოჯოხეთის, რომ თავად დაზარალდნენ ბოროტი ადამიანების მხრიდან, და გაბოროტებულებს სურთ, რომ დამნაშავეებმა სათანადო სასჯელი მიიღონ. ასეთ ადამიანებს შეიძლება გავუგოთ, მაგრამ მათი გამართლება შეუძლებელია, რადგან მათ არ სურთ ამ ღვთის შეურაცხმყოფელ სწავლებაზე უარის თქმა. 



გარკვეული ხნის წინ ამ საიტზე, სტატიის "სად იმყოფება ჯოჯოხეთი?" კომენტარებში, ერთმა ქალბატონმა უამრავი ბიბლიური მუხლი მომიყვანა, რომლებიც თითქოსდა მარადიული სატანჯველის შესახებ სწავლებას ამტკიცებდა. ეხლა ყველა მუხლს არ მოვიყვან, მხოლოდ იმ მუხლს მოვიყვან, რომელზეც ჩვენი დისკუსია დამთავრდა: 


ეშმაკი კი, რომელსაც შეცდომაში შეჰყავდა ისინი, ჩაგდებული იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იყვნენ. ისინი დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად. (გამოცხადება 20:10) 

ზედაპირულად თუ შევხედავთ, თითქოს ყველაფერი ნათელია: "დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად". ესეც თქვენ, თითქოსდა, ჯოჯოხეთი. მაგრამ მე ამ ქალბატონს ვკითხე: "თქვენი აზრით, ღმერთი ეშმაკს დღე და ღამე დატანჯავს? ჯოჯოხეთში არის დღე და ღამე? მათ თუ სხეული არ აქვთ, მაშ რომელ ტანჯვაზეა საუბარი? ვინაა ცრუწინასწარმეტყველი? ის მარტოა, რა ქვია მას? მხეცი ვინღაა? ლომია თუ ნიანგი?" 

მე ის ბოლომდე ვერ დავარწმუნე, მაგრამ, ვფიქრობ, ცოტა დავაფიქრე. რადგან ბიბლიაში თუ ყველაფერს აბსოლუტურად პირდაპირ გავიგებთ, მაშინ აბსურდამდე შეიძლება მისვლა. თქვენ თუ ბიბლიის გაგება გსურთ, მაშინ დროებით ყველა ის სწავლება მოისროლეთ, რომლებიც ბიბლიის წერის დამთავრებიდან ასწლეულების შემდეგ გაჩნდნენ ქრისტიანობაში. 

ერთხელ, როგორღაც მოვხვდი საიტზე, სადაც ერთი ევანგელისტი იმ ცრუ სწავლებებს ამხელდა, რომლებიც ქრისტეს შემდეგ, ასწლეულების შემდეგ გამოჩნდნენ: ხატების თაყვანისცემა, ჯვრის თაყვანისცემა, წმინდანების თაყვანისცემა და ა.შ. მე მივწერე: "და ის რატომ დაგავიწყდათ, რომ სამების შესახებ სწავლებაც ზუსტად იმ პერიოდში იქნა მიღებული? ის რატომ გამოტოვეთ?" 

მას არაფერი აზრიანი არ უპასუხია ჩემთვის და მე ვიცი რატომ: უბრალოდ ეს სწავლება თავისი რელიგიიდან მარტინ ლითერს არ ამოუღია, ამიტომ მანაც არ ამოიღო. და გამოდის, რომ საბოლოო ჯამში ეს ადამიანი ლუთერის მიმდევარი იყო და არა ქრისტესი. 

კი, მარტინ ლუთერმა მრავალი დამპალი ტოტი მოატეხა სიცრუის ხეს, მაგრამ არა ყველა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მას უბრალოდ არ შეეძლო იმ ტოტის მოჭრა, "რომელზეც თავად იჯდა" - ანუ თავად ხის ტანის, და იმის თქმა, რომ ღმერთი სულაც არაა სამება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი რწმენის მთლიანი ხე წაიქცეოდა და მხოლოდ კუნძიღა დარჩებოდა. 



იგივე იუსტინე წამებული ამბობდა ასეთი ადამიანებისათვის: 


ჭეშმარიტად ღვთისმოსავი და ბრძენი ადამიანები მხოლოდ ჭეშმარიტებას უნდა სცემდნენ პატივს და უნდა უყვარდეთ ის, და უარი უნდა თქვან წინაპართა მოსაზრებების მიყოლაზე, როდესაც ისინი ცუდია: ასეთია ვალდებულება, რომელსაც გონიერება გვკარნახობს. (იუსტინე წამებული. პირველი აპოლოგია)
(თარგმანი აზრობრივია)

მაგრამ მასაც კი არავინ უსმენს, და მეტიც, არც კი კითხულობენ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ეტყოდნენ პასუხად ადამიანებს, რომლებსაც მათთან ბიბლიაზე სურთ საუბარი: "არ მჭირდება მე თქვენი ბიბლია, მე ჩემი წინაპრების, ჩემი მამა-პაპის რწმენა მაქვს". 

კარგია, როდესაც ადამიანი ცდილობს მაინც ჭეშმარიტების პოვნას, როგორც ის ადამიანები, რომელთა შესახებაც მე ვწერდი. ხანდახან თვალახვეულმაც შეიძლება იპოვო საჭირო ნივთი. უარესია, როდესაც ადამიანს თვალები ღია აქვს, მაგრამ მას უბრალოდ არ სურს ჭეშმარიტების ხის ძიება.

რისთვის წამოვიწყე ეს მსჯელობა? მე ძალიან ხშირად მეუბნებიან ან გულისხმობენ: "და დარწმუნებული ხარ, რომ შენი რწმენა ყველაზე სწორია? იქნებ შენ ცდები, ჩვენ კი არა?" ვეთანხმები, ძალიან სახიფათოა თვითკმაყოფილი იყო. შენ თუ დარწმუნებული ხარ, რომ ჭეშმარიტ გზაზე დგეხარ, მაშინ არ უნდა გეშინოდეს თვითშემოწმების. 

მისი მათ ეშინიათ, რომლებმაც სადღაც სულის სიღრმეში იციან, რომ საკუთარი რწმენის შენება სახურავიდან დაიწყეს და არა საძირკვლიდან. და ზუსტად ამიტომ ეშინია მას საკუთარ რწმენაზე საუბარი, რათა მცირე ნიავმა, რომელიც ბიბლიის ფურცლების გადაშლით წარმოიქმნება, მისი რწმენის ბანქოს სახლი არ დაანგრიოს. 



პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსაზრება, რომ ნებისმიერი რელიგიის ჭეშმარიტების შემოწმება საძირკვლიდან, რწმენის ხის ტანიდან უნდა დაიწყოს. სწავლებების ნებისმიერი ფოთლები, იმის მსგავსი, როდის და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება, ბიბლიური გაგებების გარკვეული დეტალები, იმის მსგავსი, რამდენ ხანს გრძელდება "ეს თაობა" - ეს ყველაფერი არც თუ ისე მნიშვნელოვანია გადარჩენისათვის. 

ტოტებიც კი - ანუ სწავლებები, რომლებზეც ეს ფოთლები იზრდება, ისეთები, როგორებიცაა გამომსყიდველური მსხვერპლი, სწავლება მკვდრეთით აღდგომის შესახებ, სწავლება ანგელოზების შესახებ და ა.შ., თუმცა კი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა პრინციპული. გაიხსენეთ ენოქი, ნოე, აბრაამი და სხვა ძველი მსახურები. რა იცოდნენ მათ ამ ყველაფრიდან? თითქმის არაფერი. 

მაგრამ მათი რწმენა ჭეშმარიტი იყო, იმიტომ რომ მათ ყველაზე მთავარი იცოდნენ: არსებობს ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც უპირობო ერთგულებასა და მორჩილებას მოითხოვს და მას აქვს წმინდა სახელი - იეჰოვა. და ამ ვარჯიდან იზრდებოდა მათი რამოდენიმე ტოტი. მაგრამ ეს ვარჯი იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი საშუალებით, ისინი: 


... რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, სიმართლეს იქმოდნენ, დანაპირებს იღებდნენ, ლომებს პირს უკრავდნენ, ცეცხლის ძალას უძლებდნენ, მახვილის პირს თავს აღწევდნენ, უძლურები ძლიერდებოდნენ, ომში მამაცები ხდებოდნენ, უცხოელთა ჯარებს დევნიდნენ; (ებრაელები 11:33,34) 

აი ჩემი რწმენის საძირკველი, ყველაფერი დანარჩენი კი - მხოლოდ ტოტები და ფოთლებია. ჩემს გაგებაში რაღაცეები შეიძლება შეიცვალოს, რომელიღაც ტოტი შეიძლება მოტყდეს, ზოგიერთი ფოთოლი გახმეს. მაგრამ არასოდეს შეიცვლება ის, რასაც ჩემი რწმენა ეყრდნობა: 


მან (იესომ) უთხრა...: "გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით". ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. (მათე 22:36-38) 

რა თქმა უნდა, მე ყველაფერი არ ვიცი და ყველაფერი არ მესმის. და ვერც ვერასოდეს მეცოდინება ყველაფერი. მაგრამ მე ყველაზე მთავარი ვიცი: 


ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა. (ფსალმუნები 33:12) 


მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ხე - ჭეშმარიტების ხეა, იმიტომ რომ მისი ვარჯია ჭეშმარიტი.

და შენ რომელი ხიდან კრეფ ნაყოფს: ჭეშმარიტების ხიდან თუ სიცრუის ხიდან?
-----------------------------------------------

ნათარგმნია: www.teonote.ru

1 комментарий:

  1. შესანიშნავია მდიდარი ბლოგია ძაან დამაჯეტებელი არგუმენტებით

    ОтветитьУдалить