пятница, 9 июня 2017 г.

სიცოცხლის აზრი

გაგება ბედნიერებისა და გაგება სიცოცხლის აზრის ერთმანეთისაგან დაშორება არ შეიძლება, ისევე როგორც მიზეზის - შედეგისაგან და პირიქით. 

უკვე აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ დამისვია ეს შეკითხვა აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანებისათვის: რა არის სიცოცხლის აზრი? და არასოდეს არ მიმიღია მასზე უბრალო და გასაგები პასუხი. და ეს კანონზომიერია, რადგან თავად მეც კი ვერ გავცემდი ამ შეკითხვას პასუხს ორი სიტყვით. 

არა, მე ვიცი რაში მდგომარეობს ნამდვილი სიცოცხლის აზრი, მაგრამ ამის მოკლედ და ამასთანავე გასაგებად ფორმულირება, ცოტა არ იყოს ძნელია. აქ მე, ისევე როგორც მრავალი სხვა, იმ ძაღლს ვგევარ, რომელიც ჭკვიანი თვალებით შემოგცქერის, ყველაფერი ესმის, მაგრამ არაფრის თქმა არ შეუძლია.




მე გადავწყვიტე შევავსო ჩემს გონებაში არსებული ეს ნაკლოვანება და, უფრო ჩემთვის, ვიდრე სხვებისთვის, ხმამაღლა ვიმსჯელო ამ იდუმალ სიცოცხლის აზრზე, რომლის გაგებაც ყველას უნდა, მაგრამ ის, თუ სად ეძებონ, თითქმის არავინ არ იცის. და უკვე წინასიტყვაობიდანვე შეიძლება პირველი დასკვნის გაკეთება: 
დასკვნა №1: ნურასოდეს შეეკითხებით ადამიანს პირდაპირ: რა არის სიცოცხლის აზრი? 
უმეტეს შემთხვევაში იმ ძაღლს იხილავთ, ხანდახან კი სახლის, ხისა და ვაჟის შესახებ მოისმენთ. ასევე მრავალი ისეთიც შეგხვდებათ, ვინც უხეშად გიპასუხებთ, რომ ასეთი სისულელეებით თავის გამოჭედვა არ სურთ. თუმცა შეკითხვა სულელური კი არა, პირიქით, ზედმეტად ჭკვიანურიც კია ... ასე რომ იმედია მიხვდით ვინაა სინამდვილეში სულელი... შესაძლოა, მხოლოდ ერთეულებმა გითხრან პასუხად რაიმე აზრიანი. 
თავადაც სულ ცოტა ხნის წინ მივხვდი ამას და ჩემი ტაქტიკა შევცვალე. მე უფრო ტაქტიანად დავიწყე შეკითხვის დასმა, რათა ადამიანი უხერხულ სიტუაციაში არ ჩავაგდო, თანაც ამავდროულად მხოლოდ მამაკაცებს მივმართავ: 
თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ასაკში უნდა დაიწყოს დაფიქრება მამაკაცმა სიცოცზლის აზრის შესახებ? 
დიახ, მე არ ვუსვამ ამ შეკითხვას ქალბატონებს, და არა იმიტომ, რომ ქალები უფრო სულელები არიან და სიცოცხლის აზრს არ ეძებენ, არა. უბრალოდ პირადად ჩემი აზრით, ეს სუფთა მამაკაცური შეკითხვაა. ქალბატონს მე სხვა შეკითვას დავუსვამდი: 
რისთვის ღირს ცხოვრება? 
ქალბატონისათვის ეს შეკითხვა უფრო გასაგები იქნება, რადგან ნორმალური ქალისათვის, როგორც გამოცდილებიდან ვხედავ, უფრო ბუნებრივია ვინმესთვის ან რაიმესთვის იცხოვროს, ვიდრე იმაზე იფიქროს, თუ რისთვისაა ეს საჭირო. და ჩემი გამოცდილება ამას მუდმივად ადასტურებს, განსაკუთრებით როდესაც ვხედავ დედებს, რომლებიც თავისი ზრდასრული, უქნარა შვილებისთვისა და ლოთი ქმრებისთვის განაგრძობენ ცხოვრებას. მაგრამ ეს ცალკე თემაა და მომავალში აუცილებლად დავწერ ამაზე, რადგან მრავალი რამ ძალიან დიდ აღშფოთებას იწვევს ჩემში ამ "ბუნებრივ" და სულელურ სიყვარულში... 
მაგრამ მოდით ჩვენს ცხვრებს შეკითხვას დავუბრუნდეთ სიცოცხლის აზრთან დაკავშირებით. ეს შეკითხვა, რომელიც ასე ჟღერს, საერთოდ ღირს თუ არა სიცოცხლის აზრის ძებნა, მაშინვე გამორიცხავს მათ, ვინც არც კი ცდილობს ამაზე დაფიქრებას. 
იცით, ადამიანს თუ არასოდეს უფიქრია იმის შესახებ, რისთვის ვცხოვრობ, რა იქმენა ჩემი სიკვდილის შემდეგ, ნუთუ ესაა დასასრული, როგორ ვიცხოვრო ჩემი სიცოცხლე ისე, შემდეგ რომ მტანჯველი ტკივილი არ შემხვდეს და ასე შემდეგ, მაშინ ასეთი ინდივიდის ადამიანად მოხსენიება უბრალოდ რთულია. ეცადო ასეთ ადამიანს აუხსნა რაიმე სიცოცხლის ნამდვილი აზრის შესახებ და იმის შესახებ თუ რისთვისაა ის საერთოდ საჭირო, იგივეა, კატას რომ შეეცადო აუხსნა, თუ რატომაა წიგნების კითხვა ძალიან სასარგებლო.
 - რომც შემეძლოს, რაში მჭირდება კითხვის სწავლა? - გეტყოდათ კატა. - ვჭამ, მძინავს, პატრონი მეფერება, ხანდახან ქუჩის ფისუნიებთან ვერთობი, ცხოვრება მშვენიერია! მეტი რა არის საჭირო?

დასკვნა №2: არ ღირს სიცოცხლის აზრის შესახებ მათთან საუბარი, ვინც მას არ ეძებს. აზრი არ აქვს. 
ა ბატონო, ვინც არ ეძებს ყველა მათგანი ჩამოიფარცხა, მაშ იმათ რაღა ვუთხრათ, ვინც ეძებს ამ სიცოცხლის აზრს და ვისაც სულ ცოტა მაინც აინტერესებს ის? ცოტა ხნის წინ ერთ მამაკაცს შევხვდი, რომელმაც პირდაპირ მითხრა: 
- რა თქმა უნდა, მნიშნვნელოვანია სიცოცხლის აზრის ძებნა და მე გამუდმებით ამაზე ვფიქრობ. 
მე შევეკითხე: - "მეფე სოლომონის შესახებ თუ გსმენიათ?" მან მიპასუხა: - "რა თქმა უნდა." 
ამის შემდეგ მე მას წიგნი ეკლესიატეს შესახებ მოვუყევი, რომელიც ამ ბრძენმა მეფემ დაწერა და მოვუყევი იმის შესახებ, რომ მთელი ეს წიგნი იმაზეა მიძღვნილი, თუ როგორ ეძებდა მეფე სოლომონი სიცოცხლის აზრს, საუბარია იმაზე, რომ მას ცხოვრებაში ყველაფრის გასინჯვა შეეძლო, რადგან უსაზღვროდ მდიდარი იყო. შემდეგ კი ვაჩვენე, თუ რა დასკვნამდე მივიდა მეფე სოლომონი:
ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება. ყოველ საქმეს ჭეშმარიტი ღმერთი გაასამართლებს, ყველაფერს, რაც დაფარულია, და გაარჩევს, კარგია თუ ცუდი. (ეკლესიასტე 12:13,14)
და ზუსტად აქ იწყება ყველაზე დიდი სირთულე. სოლომონის ამ სიტყვებში არ არის ფრაზა "სიცოცხლის აზრი", ამიტომ საჭიროა სოლომონის სიტყვების ჩვენს რეალობასთან უბრალოდ და ლოგიკურად დაკავშირება. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? 
ზუსტად ამ წუთას მომივიდა თავში შესაფერისი მაგალითი. 
წარმოიდგინეთ, უკურნებელი სენით ხართ ავად. სულ ცოტა დროღა დაგრჩათ. მაგრამ უცბათ რომელიღაცა ექიმმა თქვენი დახმარება გადაწყვიტა და 100%-ით დაგარწმუნათ, რომ თქვენს განკურნებას შეძლებს. მან დაგინიშნათ წამალი, რომელიც უპირობოდ უნდა მიიღოთ და პროცედურები, რომლებიც მკაცრად უნდა დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა უშედეგო იქნება და მოკვდებით. მოუსმენდით თუ არა ექიმს და შეასრულებდით თუ არა ყველა მის მოთხოვნას? ძალიან იდარდებდით თუ არა სიცოცხლის ამ პერიოდში თქვენს დანარჩენ საქმეებზე: კარიერაზე, სახელის მოხვეჭაზე, გართობაზე, ყოველდღიურ საზრუნავზე და ასე შემდეგ? ან კიდევ, თუ უმრავლესობის ენით ვიტყოდით: ხის დარგვაზე, სახლის აშენებასა და ვაჟის გაზრდაზე? 
ყველა ჩვენთაგანი, უკურნებელი სენით ვართ ავად. კი, მრავალ ჩვენთაგანს ჯერ კიდევ დიდი ხანი აქვს დარჩენილი სიცოცხლის, მაგრამ ეს დრო ერთი წამივით გაიფრენს და ყველა ჩვენგანთან, ადრე თუ გვიან, ცელიანი მახინჯი - სიკვდილი მოვა. მას ვერ გაექცევი...

ეჭვი მეპარება ვინმემ უარყოს ეს უბრალო ჭეშმარიტება. მაგრამ სირთულე უფრო იმაში მდგომარეობს, რომ მრავალ უკურნებელი სენით დაავადებულს, არ სჯერა იმ ექიმის, რომელსაც მათი განკურნება სურს. 
ეხლა ბელორუსიაში ვცხოვრობ და ჩემს ქალაქში ძალიან ბევრი კათოლიკეა, ისინი მართლმადიდებლებზე მეტნიც კი არიან. მრავალ მათგანთან კარგი საუბარი მქონია, მაგრამ მე გამუდმებით ერთი და იგივე პრობლემას ვაწყდები: 
ადამიანებს ღმერთი კი სწამთ, მაგრამ არ სჯერათ მისი. 
ისინი ღვთისმოსავები არიან, ეკლესიაში დადიან, ლოცულობენ და ხანდახან ბიბლიასაც კი კითხულობენ, დრო და დრო ტაქტიანები და საზრიანებიც კი არიან. მაგრამ მათ არ სჯერათ ღმერთის. როდესაც მათ იმის შესახებ ეუბნები, რომ ქრისტე ყველას მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდება აქ, დედამიწაზე, ყველა ერთხმად პასუხობს: 
- ეს შეუძლებელია. 
ცოტა ხნის წინ კი ერთ ხანდაზმულ კათოლიკეს შევხვდი, რომელმაც განაცხადა, რომ კათოლიკე იყო და  მუშტსაც კი იცემდა მკერდში, მაგრამ ბიბლია, როგორც მან თქვა - სრული სიცრუეა. როდესაც ვცდილობდი იმის ახსნას, რომ სხვათაშორის მისი რწმენა ამ წიგნზეა დაფუძნებული, ჩემი სიტყვები მის ყურებში კი შედიოდნენ, მაგრამ იქ მომენტალურად კვდებოდნენ. მაგრამ აქ ასეთები ცოტანი არიან, მათ თუმცა კი არ სწამთ ბიბლიის, მაგრამ ჰყოფნით საიმისოდ ტვინი, რომ ხმამაღლა ამაზე არ ისაუბრონ. 
მაშ როგორ ავუხსნათ მათ, რომ თუ ექიმს არ დაუჯერებენ, ერთხელ და სამუდამოდ დაიხოცებიან? ვერანაირად. 
ადამიანს თუ არ უნდა რომ სჯეროდეს, ის თუ შეეგუა თავის მომავალ სიკვდილს, მაშინ მას ვერცერთი ექიმი ვეღარ უშველის.


მე გამუდმებით ვაწყდები ასეთ გარემოებას: ადამიანებს არ სურთ მარადიულად ცხოვრება, ან როგორც მინიმუმ ამბობენ, რომ არ სურთ. რა თქმა უნდა, მათი რელიგიის თანახმად მათ უკვდავი სულის საიქიო ცხოვრების უნდა სწამდეთ, მაგრამ მათ ისევე სწამთ ზეცაში მარადიული ცხოვრებისა, როგორც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების სწამთ. 
როგორც ხედავთ, სიცოცხლის ნამდვილი აზრი პირდაპირაა დაკავშირებული მარადიულ სიცოცხლესთან.  რა აზრი აქვს ნებისმიერ საქმეს, თუ ადრე თუ გვიან ადამიანი დაკარგავს მას? 
არის კაცი, რომელიც სიბრძნით, ცოდნითა და სიმარჯვით ირჯება, მაგრამ მისი საკუთრება მას შეხვდება, ვისაც ამისთვის არ უშრომია. ესეც ამაოებაა და დიდი უბედურება. (ეკლესიასტე 2:21) 
ადამიანი კვდება და მასთან ერთად კვდება მთელი მისი სიცოცხლის აზრიც. განა შეიძლება ეს აზრი, ნამდვილ აზრად მივიჩნიოთ? არა. ეს დროებითი სიცოცხლის აზრია, არსებითად კი იგივე ამაოება. 
თუ ადამიანი ათეისტია, მაშინ მისთვის ყოველივე ეს გაუგებარი და მიუღებელია. წაგიკითხავთ, თუ რას ფიქრობენ სიცოცხლის აზრის შესახებ ურწმუნო ადამიანები? 
ადამიანი თუ სიცოცხლის აზრით ან მისი ფასეულობით ინტერესდება - ეს იმას ნიშნავს, რომ ის ავადაა. (ზიგმუნდ ფროიდი) 
დაახლოებით აი ამას. რა თქმა უნდა ავადაა, რადგან ყველაფერი ხომ მაინც სიკვდილით დამთავრდება. და აქ თავის მხრივ ფროიდი მართალია - რა საჭიროა იმის ძებნა, რაც ათეისტის ცხოვრებაში არ უნდა არსებობდეს?. ან აი ამას: 
ზუსტად იმაშია სიცოცხლის აზრი, რომ სულელური შეკითხვები არ დავსვათ. (მიხეილ მამჩიჩი)
რა საჭიროა ისეთი შეკითხვების დასმა, რომელზე პასუხიც ისედაც გასაგებია - მთელი აზრი მის სიკვდილთან ერთად გაქრება, ვისაც კითხვები აქვს მის შესახებ. ათეისტების სწავლებები ოპტიმიზმში იხრჩობა.... 
დასკვნა №3: ათეისტებისა და ურწმუნოებისათვის სიცოცხლის აზრი ასეთია - კარგად გაატარონ ეს ცხოვრება. მორჩა. 
ათეიზმის საკითხი ცალკე თემაა. თავად ათეისტებს საკუთარი თავი ჭკვიანებად მიაჩნიათ, მე მათ ცბიერებად ან სულელებად მივიჩნევ, იმიტომ რომ ისინი ან ვერ ხედავენ იმას რაც თვალნათელია, ან არ სურთ მისი დანახვა. 
მაშ იმათ რაღა ვუყოთ, იმ მცირედს, ვინც თანახმაა, რომ "მკურნალობას" მიუძღვნას საკუთარი სიცოცხლე, რათა შემდგომ დიდხანს და ბედნიერად იცოცხლოს? 
ნებისმიერი მკურნალობა ექიმისადმი ნდობის გაჩენით იწყება. მე თუ ექიმს არ ვენდობი, არ მივყვები მის რჩევებს. ზუსტად ამას უნდა მიეძღვნას პირველი საუბრები. როგორ ვენდოთ ღმერთს? 
ძალიან ხშირად მომყავს ასეთი მაგალითი. 
წარმოიდგინეთ, რომ უცნობმა ადამიანმა მოგმართათ და დიდი ოდენობის თანხა გთხოვათ. მისცემდით? რა თქმა უნდა არა. ხოლო იგივე თხოვნით რომ ახლო მეგობარმა მოგმართოთ, რომელმაც არაერთხელ დაგიმტკიცათ უკვე თავისი პატიოსნება და საერთო ჯამში პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად წარმოაჩინა თავი? მაშინ უპრობლემოდ.

ასეა ღმერთთან მიმართებაშიც. მას რომ ვენდოთ, საჭიროა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ის ადრეც ყოველთვის ასრულებდა თავის დანაპირებს. საუკეთესო საშუალება - ესაა ზოგიერთი წინასწარმეტყველებებისა და მათი შესრულების გამოკვლევა. ბიბლიის გარდა არცერთ "წმინდა წიგნში" არაა, პრაქტიკულად წინასწარმეტყველებები. თუ არის, შემისწორეთ, მე არ შემხვედრია. ეს კი ერთ-ერთი საუკეთესო მტკიცებულებათა ხაზია ამ წიგნის ღვთივშთაგონებულობის დასამტკიცებლად. 
მე უკვე მრავალჯერ ვცადე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი ადამიანებისაგან მიმეღო პასუხი კითხვაზე, თუ რის საფუძველზე არიან ისინი დარწმუნებულნი, რომ მათი წმინდა წიგნები ღვთაებრივი წარმომავლობისაა, მაგრამ ვერაფერი საზრიანი ვერ მოვისმინე ვერცერთხელ. 
მაშ ასე, ეხლა შეგვიძლია შევაჯამოთ ყველა ეს აზრი და ერთი წინადადებით ვუპასუხოთ შეკითხვას: რა არის სიცოცხლის აზრი? 
ჯამი: თუ სიცოცხლის აზრი ადრე თუ გვიან მთავრდება, მაშინ ის ნამდვილი სიცოცხლის აზრი კი არა, უბრალოდ პატარა მიზანია. ნებისმიერი მიზანი კი ადრე თუ გვიან მთავრდება... 
სახლი დაძველდება და დაინგრევა, ხე გახმება, ვაჟი კი მოკვდება, ისევე როგორც თქვენ. ბოლოს კი ამ მშვენიერ პლანეტაზე თქვენი არსებობის შესახებ ხსოვნა მოკვდება.

ნამდვილი სიცოცხლის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ვესწრაფოთ მასთან
მეგობრობას, ვინც ეს სიცოცხლე შექმნა. მხოლოდ მას შეუძლია ისე მოაწყოს, რომ ჩვენი სიცოცხლე და მისი აზრი არასოდეს დამთავრდეს...
---------------------------------------------------------

ნათარგმნია: www.teonote.ru 

Комментариев нет:

Отправить комментарий