понедельник, 19 марта 2018 г.

ღვთის სახელის იუდაური აკრძალვა. მართლა ასეა ეს?


როდესაც საუბარი დღევანდელი «ქრისტიანების» მხრიდან ღვთის სახელის (იეჰოვა) გამოყენებაზე უარს შეეხება ხოლმე, ხშირად ამას სტანდარტული პასუხი მოჰყვება: "ჩვენ მას იმიტომ არ ვიყენებთ, რომ ჯერ კიდევ ძველმა იუდეველებმა შემოიღეს ჩვეულება, რომ ღვთის სახელი ტიტულით «ადონაი» («უფალი») ან «ელოხიმ» («ღმერთი») შეეცვალათ"
ამავდროულად ასეთი თავისმართლებისათვის წონის მისაცემად, როგორც წესი, ციტირებენ ბიბლიური ენციკლოპედიიდან ან ცნობარიდან რომელიმე ნაწყვეტს. 




აი, მაგალითად…  
«წმინდა სახელისადმი მოწიწების გამო, ძველი დროის ებრაელები მის წარმოთქმას საშიშად მიიჩნევდნენ და მას სახელი ადონაით ან ელოხიმით (უფალი) ცვლიდნენ» (არქიმანდრიტი ნიკიფორეს ბიბლიური ენციკლოპედია).

«ძალიან შორეული წარსულიდან ამ სახელის წარმოთქმა იუდეველებში იკრძალებოდა - ის შეცვლილია სიტყვა "ადონაი"-თ, ანუ "უფალი ჩემი"» (ბიბლიური ენციკლოპედია (Lion - РБО).

«ებრაელებმა განდევნის შემდეგ უარი თქვეს ღვთაებრივი სახელის ხმამაღლა წარმოთქმაზე, როდესაც წმინდა წერილებს კითხულობდნენ. ისინი მას ადონაით ცვლიდნენ, რაც ნიშნავს "ჩემი უფალი"» (დიდი ბიბლიური ენციკლოპედია. ელუელი, კამფორტი).

შემდეგ მოსდევს განმარტება, რახან იუდეველებმა ღვთის სახელის ტიტულით ჩანაცვლება გადაწყვიტეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ასევე ჩვენ, ქრისტიანებმაც უნდა ვცეთ პატივი ამ წესს და შესაბამისადვე მოვიქცეთო. სხვათა შორის, ზუსტად ამ მიზეზის გამოა, რომ ბიბლიის თანამედროვე თარგმანების უმეტესობაში სახელი იეჰოვა ან საერთოდ არ გვხვდება, ან თუ გვხვდება, ისიც თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით. 

ჩემი აზრით, ეს თავის მართლება ძალიან უცნაური და არალოგიკურია, თანაც, აუცილებლად იწვევს შეკითხვების მთელ რიგს. და აი რატომ…


პირველი, იმ დროის იუდეველების გადაწყვეტილება რატომ უნდა იქცეს ავტომატიურად მისაბაძ მაგალითად ქრისტიანებისათვის? იუდაიზმი სავსე იყო უამრავი წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო ღვთის ჭეშმარიტ სწავლებასთან. საკმარისია გავიხსენოთ, თუ როგორ დაახასიათა იესომ ორთოდოქსი იუდეველების შეხედულებების თავისებურებები, როდესაც მათ სწავლებებს «ადამიანთა მცნებები» და «მძიმე ტვირთი» უწოდა (მათე 15:9; 23:4). განა ამ მხრივ იესოს არ უნდა ჰბაძავდნენ ქრისტიანები, რომელიც ასწავლიდა «როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები» (მათე 7:29).

მანამ, სანამ უცნაურ ჩვეულებას დავიმოწმებდეთ, განა უკეთესი არ იქნება ჯერ ცოტა რომ გავერკვეთ, საერთოდ საიდან გაჩნდა ის იუდეველებთან და აქვს თუ არა ჭეშმარიტ ღმერთს მასთან რაიმე კავშირი?


სხვათა შორის (და ესეც, მეორე), საერთოდ როდის გაჩნდა ეს აკრძალვა იუდაიზმში? საკმაოდ თვალშისაცემია, რომ ცნობარებსა და ენციკლოპედიებში, რომლებიც ამ აკრძალვაზე საუბრობენ, რატომღაც არანაირი მკაფიო ინფორმაცია არაა მოყვანილი ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც წესი, ძალიან ზედაპირულადაა საუბარი, ეს მოხდა «მეორე ტაძრის პერიოდში». სხვათაშორის, ეს პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოიცავს – ძვ.წ. VI საუკუნიდან – ახ.წ. 70 წლამდე. კითხვა: კონკრეტულად როდის დანერგეს თავის რელიგიურ სისტემაში იუდეველებმა სახელი იეჰოვას არ-გამოყენების ჩვეულება? 

განსაკუთრებით თამამი ვარაუდები აცხადებენ თითქოსდა ეს ტრადიცია იუდეველების ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებისთანავე გაჩნდა (ანუ ძვ.წ. 537 წლის შემდეგ) მაგრამ ეს თანხმობაში ვერ მოდის რეალურ ფაქტებთან. საკმარისია თუნდაც იმის გახსენება, რომ ძველი აღთქმის იმ წიგნებში, რომლებიც მეორე ტაძრის პერიოდში იქნა დაწერილი, სახელი იეჰოვა საკმაოდ ხშირად გამოიყენება. მაგალითად, ძველი აღთქმის ყველაზე ბოლო წიგნში – მალაქიას წინასწარმეტყველებაში – სახელი იეჰოვა დაახლოებით 50-ჯერ გამოიყენება! 

თუ თალმუდს ავიღებთ (ახ.წ. II საუკუნე), მასში საკმაოდ საპირისპირო ინფორმაცია მოიპოვება ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, მის ზოგიერთ მუხლებში, რომლებიც რუთის 2:4-სა და მსაჯულების 6:12-ს ეხებიან, არის «დადგენილება მისალმებებში (ღმერთის) სახელის [იაჰვე] მოხსენიების შესახებ» (მიშნა, ბერახოტ 9:5). ამავდროულად სხვა მუხლებში აღწერილია მისი გამოყენების შეზღუდვის რაბინული მცდელობები. 

ასეა თუ ისე, ჩვენ იმის ვერანაირ მკაფიო ფაქტებს ვერ ვხვდებით, რომ ქრისტიანობამდელი ეპოქის ისრაელში რაიმე სახის მკაცრი აკრძალვა არსებობდა სახელი იეჰოვას წარმოთქმასთან დაკავშირებით. თუ მაინც ვისაუბრებთ მსგავსი სახის რაიმე აკრძალვაზე, მაშინ ასეთ აკრძალვას მცირე ხნით ადგილი ჰქონდა ისრაელზე ბერძენთა ბატონობის პერიოდში (ახ.წ. II საუკუნე), როდესაც ელინიზმმა იუდეველთა რწმენის მოსპობა სცადა.

«ტრადიცია გვეუბნება, რომ სიმონ პირველის [მღვდელმთავარი, დაახ. ძვ.წ. 200 წელი] სიკვდილის შემდეგ, პატივისცემის ან ბერძნების მხრიდან დევნის გამო, მისალმებებში ღვთის სახელის გამოყენება შეწყდა. როდესაც საფრთხემ გადაიარა, სახელის ტრადიციული გამოყენება აღდგა» (S.S. Cohon, “The Name of God,” 588.).

ისრაელის შემდგომ ისტორიაში შეგვიძლია დავინახოთ რიგი რელიგიური ჯგუფების ცალკეული მცდელობები, რომლებიც ასეთი წარმოთქმის გარკვეული შეზღუდვებისკენაა მიმართული, თანაც, როგორც წესი, მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში. თუმცა, გასაგებია, რომ ეს მოსაზრება იმ პერიოდშიც კი ჯერ კიდევ არ შეესაბამებოდა შედარებით გვიანი, თალმუდური იუდაიზმის სურათს, როდესაც მოცემულმა აკრძალვამ ძალა მოიკრიბა. ის, რასაც დღეს ღვთის სახელის წარმოთქმის «აკრძალვას» ეძახიან, არსებითად, მხოლოდ იერუსალიმის ტაძრის მეორედ დანგრევის (ახ.წ. 70 წელი) შემდეგ ჩამოყალიბდა, როდესაც იძულებით შეიცვალა იუდაიზმის მთელი სისტემა, განსაკუთრებით მისი რიტუალური და წეს-ჩვეულებების მხარე. 



მესამე, (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია!) კონკრეტულად ვინ გახდა ღვთის სახელის წარმოთქმის აკრძალვის სულისჩამდგმელი და პრაქტიკაში დამნერგავი? თუ კვლავ ამ გამოთქმის თანდათანობითი აკრძალვის მცდელობების თავდაპირველ მაგალითებს დავუბრუნდებით, დავინახავთ, რომ მნიშვნელოვანწილად აქ თავი ფარისეველებმა გამოიდეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ აკრძალვის მცდელობასთან დაკავშირებული ისტორიული მონაცემები იმავე პერიოდში ჩნდებიან, როდესაც ისტორიულად ფარისეველთა რელიგიური მოძრაობა გამოჩნდა, ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს. არსებული წყაროების თანახმად, ძვ.წ. II და I საუკუნეების გასაყარზე ფარისეველები ჯერ კიდევ წარმოთქვავდნენ ღვთის სახელს, თუმცაღა ამას შერჩევით აკეთებდნენ (L. Finkelstein, New Light on the Prophets, 9–10). ახ.წ. I საუკუნეში კი, მოცემულმა ტენდენციამ ტრადიციად დაიწყო გადაქცევა. თუნდაც იგივე იოსებ ფლავიუსი, ავტორი ნაშრომისა «იუდაური სიძველეები» (ახ.წ. I საუკუნის 90-იანი წლები), ფარისეველთა წარმომადგენელი იყო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თავის ნაშრომებში ის ყველანაირად ცდილობს, რომ ღვთის სახელის წარმოთქმას გაექცეს და მას ცვლის ბერძნული სიტყვით «despotēs» («ბატონი», «მეუფე»). შედეგად, როდესაც თავის წიგნში მოსეს - ღმერთთან საუბარს აღწერს (წიგნი 2, 12.4), ფლავიუსი განმარტებას აკეთებს, რომ ვერ გაბედავს ღვთის სახელის წარმოთქმას, რაც ახ.წ. I საუკუნეში გაბატონებულ ფარისევლურ ტრადიციაზე მიუთითებს

ამ მიზეზის გამო, იმ თანამედროვე «ქრისტიანებს», რომლებიც ბიბლიის თავის თარგმანებსა და რელიგიურ პრაქტიკებში სახელი იეჰოვას გამოუყენებლობის გამართლებას ცდილობენ ვითომდა «ძველი იუდაური ტრადიციით», ურჩევნიათ უფრო თანმიმდევრულები იყვნენ და უფრო გულწრფელად აღიარონ, რომ სინამდვილეში ისინი «ძველ ფარისევლურ ტრადიციას» მისდევენ. რადგან უმეტესად ზუსტადაც რომ ამ რელიგიური სისტემიდან გადმობარგდა «ქრისტიანობაში» დღეს ასე პოპულარული შეხედულება ღვთის სახელის შესახებ. უფრო სწორად, მისი არ გამოყენების შესახებ. 


მეოთხე, როდესაც ღვთის სახელის გამოყენების მოწინააღმდეგეები ცდილობენ იუდეველების ტრადიციებს დაეყრდნონ, ხშირად რეალური ფაქტების დამახინჯება შეიმჩნევა. როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, პოპულარული არგუმენტი ასე ჟღერს: "ჩვენ, ბიბლიის ჩვენს თარგმანებში იმიტომ არ ვიყენებთ ღვთის სახელს, რომ ძველმა იუდეველებმა ის ტიტული «ადონაი»-თ («უფალი») ან «ელოხიმ»-ით («ღმერთი») შეცვალეს". 

თუმცაღა, ეს ტყუილია. სახელი იეჰოვას არ-გამოყენების გვიან ფარისევლურ ჩვეულებაზეც თუ ვისაუბრებთ, იქ საუბარი იყო მხოლოდ მისი წარმოთქმის აკრძალვაზე და არა წმინდა წერილიდან მის ამოღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანური ტრადიციები ჰქონდათ, იუდეველების ღვთისმოშიშება, უფლებას არ აძლევდა მათ, რომ ბიბლიური ტექსტის მთლიანობა დაერღვიათ. ამ მიზეზის გამო, იუდეველთა მიერ გადაწერილ წმინდა წერილის ტექსტებში მთელი სიმკაცრით ნარჩუნდებოდა ტეტრაგრამატონი. სეპტუაგინტის  (ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი) ადრეულ ასლებშიც კი, ღვთის სახელი თავის ადგილას რჩებოდა, თანაც, ორიგინალი ებრაული ასოებით იწერებოდა.  დიახ, გვიანი ტრადიცია იუდეველებს ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმას უკრძალავდა, მაგრამ ის ძველებურად რჩებოდა ბიბლიურ ტექსტში!

როგორ ხსნიდნენ რაბინული იუდაიზმის წარმომადგენლები ღვთის სახელისადმი საკუთარ დამოკიდებულებას? ყველაზე ხშირად, გამოსვლის 20:7-ში ჩაწერილი სიტყვებისადმი არასწორი დამოკიდებულებით, სადაც ნათქვამია:


«არ ახსენო უღირსად შენი ღვთის, იეჰოვას სახელი, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს იეჰოვა მას, ვინც უღირსად ახსენებს მის სახელს». 

როგორც ვხედავთ, ამ ბიბლიურ მუხლში საუბარია უშუალოდ ღვთის სახელის უპატივცემულოდ წარმოთქმაზე. და თუმცა რაბინებმა მოცემული გაფრთხილება მცდარად დაიყვანეს უკიდურესობამდე (რომაელები 10:1,2), მიუხედავად ამისა, ისინი იმის ფიქრსაც კი ვერ ბედავდნენ, რომ ეს მუხლი წმიდა წერილებში ღვთის სახელის შეცვლის მიზნით გამოეყენებინათ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით ერთ წყაროში ნათქვამია:
«ებრაული სიტყვა lešaw, რომელიც ნათარგმნია როგორც [«ამაოდ», «შეუფერებელი სახით»], ნიშნავს «ტყუილად» ან «უმიზნოდ». მიშნას დროინდელმა რაბინებმა ეს მუხლი ღვთის სახელის ცრუ დაფიცებებში და ლოცვისას ტყუილაუბრალოდ გამოყენების ასაკრძალად გამოიყენეს, მაგრამ პრინციპში არ კრძალავდნენ სახელის სხვა ნებისმიერი სახით გამოყენებას ან წარმოთქმას (L. Finkelstein, New Light on the Prophets, 428)» («The Role of Theology and Bias in Bible Translation», გვ. 191).

სხვათა შორის, ბიბლიის ებრაული თარგმანები დღემდე ინარჩუნებენ ტექსტში ტეტრაგრამატონს, რაშიც ნებისმიერი ასეთი თარგმანის გადაშლით შეგიძლიათ დარწმუნდეთ. გარდა ამისა, ტეტრაგრამატონი გვხვდება არა მხოლოდ ძველი აღთქმის ტექსტში, არამედ ხშირად ახალი აღთქმის მრავალ ადგილასაც.


ამ ყოველივედან გამომდინარე უნებლიედ მიდიხარ სამწუხარო დასკვნამდე: გვიანდელმა «ქრისტიანებმა» საკუთარ თავს იმის უფლება მისცეს, რის უფლებასაც ფარისეველებიც კი არ აძლევდნენ საკუთარ თავს – ბიბლიის წმინდა ტექსტში იეჰოვას სახელი ჩაანაცვლეს! ფანატიკოსი ფარისევლებისთვისაც კი დაუშვებელი ჩანდა წმიდა წერილებში კორექტირებების გაკეთება, რომელშიც ღვთის სულის მიერ იყო ჩაწერილი ტეტრაგრამატონი – ღვთის სახელი. მაგრამ, როგორც ჩანს, მსგავსი «ქრისტიანებისათვის» ბიბლიის ღვთივშთაგონებული ტექსტის ამგვარად დამახინჯება არ წარმოადგენდა რაიმე დასაძრახის საქმეს. შედეგად წმინდა წერილებში მათ მიერ შეცვლილი იქნა პრაქტიკულად 7 ათასი ადგილი, სადაც თავდაპირველად სახელი იეჰოვა იყო ჩაწერილი.   

მეხუთე, ის, რომ ღვთის სახელი ფართოდ გამოიყენებოდა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საუბრებში ახ.წ. I საუკუნეშიც კითავად სახარებისეული ტექსტებიდან ჩანს. წინააღმდეგ შემთხვევაში იესოს მრავალი სიტყვების აზრი დაიკარგებოდა. მაგალითად, როდესაც ის ხალხს ასწავლიდა ლოცვებში «განეწმინდათ ღვთის სახელი» (მათე 6:9). როდესაც ამტკიცებდა, «მე მამაჩემის სახელით მოვედი» და «საქმეებ[ს]... მამაჩემის სახელით ვაკეთებ» (იოანე 5:43; 10:25). როდესაც ღმერთს მიმართავდა თხოვნით: «მამა, განადიდე შენი სახელი» (იოანე 12:28). როდესაც ეუბნებოდა მას: «მე განგადიდე დედამიწაზე… შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს» (იოანე 17:4,6,26). ან როდესაც თავისი მიწაფეებისათვის სთხოვდა ღმერთს: «დაიცავი ისინი შენი სახელის გულისთვის...  ვიცავდი მათ შენი სახელის გულისთვის» (იოანე 17:11,12). 

გარდა ამისა, იესოს რომ ღვთის სახელი არ გამოეყენებინა, ასეთ შემთხვევაში არ შესრულდებოდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები, მაგალითად, კანონის [მეორე რჯული] 18:19-სა და მიქას 5:4-ში ჩაწერილი, რომელშიც მესიაზე წერია: «ის ჩემი სახელით ილაპარაკებს» და «უფლის [იეჰოვას] ძალით დამწყემსავს, თავისი ღმერთის სახელის სიდიადით».

სხვათა შორის, საკმაოდ საინტერესო ისაა, თუ როგორ ხსნიდნენ იესოს მოწინააღმდეგეები მის მიერ დიდებული სასწაულების მოხდენის შესაძლებლობებს. იუდაურ ანტი-ქრისტიანულ პამფლეტში «ტოლდოტ იეშუ» (ახ.წ. V საუკუნე) ნათქვამია, რომ იესოს ავადმოყოფებისა და კეთროვნების განკურნება, მკვდრების აღდგენა და სხვა მრავალი ძლევამოსილი საქმეების კეთება ზუსტადაც რომ ღვთის სახელის გამოყენებისა და წარმოთქმის წყალობით შეეძლო.

ახ.წ. I საუკუნეში, ისრაელში ღვთის სახელის წარმოთქმასთან დაკავშირებით მკაცრ აკრძალვას რომ ეარსება, მაშინ უკვე ის ფაქტიც კი, რომ იესოს თავის მსახურებაში იეჰოვას სახელი უნდა გაეხმოვანებინა, შეიძლება შეფასებულიყო როგორც ერთგარი ღვთის გმობა და ამისათვის გასამართლებულიყო და დასჯილიყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, იესოს მიმართ წამოყენებული სხვადასხვა სახის ბრალდებებში ჩვენ ვერ ვხვდებით მსგავსი სახის ვერცერთ ბრალდებას. მოცემული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახ.წ. I საუკუნეში, როგორც მინიმუმ, იესოს მიწიერი მსახურების პერიოდში, იუდეველთა შორის ჯერ კიდევ არ არსებობდა ღვთის სახელის წარმოთქმის მკაცრი აკრძალვა. 


სხვათაშორის, თუ გსურთ მოისმინოთ, როგორ წარმოთქვამენ ებრაელები იეჰოვას სახელს დღეს, ამ ბმულზე გადადით...



მაშ ასე, რა დასკვნების გაკეთება შეგვიძლია ჯამში?

1. იუდეველთა შორის ღვთის სახელის წარმოთქმის შესახებ აკრძალვა თანდათან ყალიბდებოდა, საუკუნეების განმავლობაში. მსგავსი აკრძალვის პირველმა ნიშნებმა მხოლოდ ძვ.წ. II მეორე საუკუნეში დაიწყეს გამოჩენა.

2. მოცემული აკრძალვა ბევრით დაკავშირებულია ფარისეველთა ტრადიციასთან და მას არ გააჩნია
ბიბლიური საფუძველი.

3. იუდაური წესი ღვთის სახელის ტიტულით ჩანაცვლების შესახებ გამოიყენებოდა მხოლოდ მის
წარმოთქმასთან დაკავშირებით. ის ეჭვქვეშ არ აყენებდა წმინდა წერილებში ტეტრაგრამატონის შენარჩუნებას.  

4. ახ.წ. I საუკუნეშიც კი იუდეველთა შორის ღვთის სახელი ყოველდღიურ ცხოვრებასა და საუბრებში გამოიყენებოდა. მის წარმოთქმაზე მკაცრი აკრძალვა დადგენილი იქნა მხოლოდ მეორე ტაძრის დანგრევის შემდეგ (ახ.წ. 70 წელი).

5. ღვთის სახელს იესო ქრისტე იყენებდა, რაც თანხმობაშია როგორც სახარებისეულ ცნობებთან, ასევე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებთან. ასევე ქრისტიანობის მოწინააღმდეგეებიც ადასტურებენ მსახურებაში იესოს მიერ ღვთის სახელის გამოყენების ფაქტს.

6. გვიანდელი «ქრისტიანები», რომლებიც უარს აცხადებენ სახელი იეჰოვას გამოყენებაზე და საფუძვლად ძველი ტრადიცია მოჰყავთ, ფაქტობრივად, მისდევენ არა იმდენად იუდაურ, რამდენადაც ფარისეველთა ტრადიციას.

7. ამასთანავე, ისინი ღვთის სახელს ტიტულებით ცვლიან არა მხოლოდ წარმოთქმისას, არამედ ბიბლიურ ტექსტშიც, რითაც მსგავსი «ქრისტიანები», სამწუხაროდ, ისეთ რამეს აკეთებენ, რისი გაკეთების უფლებასაც ფარისეველებიც კი არ აძლევდნენ საკუთარ თავს – ამახინჯებენ წმინდა წერილების ღვთივშთაგონებულ ტექსტს.  

-------------------------------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий