вторник, 8 мая 2018 г.

ვინ იყო საჭირო გამოსასყიდად - ღმერთი თუ ადამიანი?



ზარალის ტოლმნიშვნელოვანი კომპენსაციის პრინციპი
ადამიანის მიერ ცოდვა, ადამიანის მიერვე გამოსყიდვა
არა პიროვნება, არამედ სრულყოფილი სტატუსი
«აბა რაში გამოვლინდა მაშინ ღმერთის სიყვარული?»
დასკვნა


მე არაერთხელ მომისმენია ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც დაახლოებით შემდეგს აცხადებენ: «იესო ყოვლისშემძლე ღმერთია, იმიტომ რომ მან საკუთარი სიკვდილით გამოისყიდა ადამიანების ცოდვები. სხვა ვის პირად მსხვერპლს შეეძლო კაცობრიობის ცოდვისაგან ხსნა, თუ არა თავად ღმერთის?» 

ჩემი აზრით, საკმაოდ პათოსური და უკიდურესად უცნაური განაცხადია. ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ რაზეა აგებული ის მოსაზრება, თითქოს და ცოდვის გამოსასყიდად მხოლოდ შემოქმედის პირადი მსხვერპლი შეიძლება გამომდგარიყო. შესაძლოა, მათ, ვინც ასე აცხადებს, მთლად კარგად არ ესმით თავად ცოდვისაგან გამოსყიდვის პრინციპი. ამ სტატიაში შევეცდები ეს საკითხი დაწვრილებით განვიხილო.





ზარალის ტოლმნიშვნელოვანი კომპენსაციის პრინციპი


ადამიანები ცოდვის მონები ედემის ბაღში მომხდარი ცნობილი მოვლენების შემდეგ გახდნენ, რის შესახებაც დაბადების წიგნის მე-3 თავში შეგვიძლია წავიკითხოთ. პირველმა ადამიანმა ადამმა, გამოავლინა რა სიცოცხლის მომცემისადმი დაუმორჩილებლობა, დაკარგა სრულყოფილება, მის ნაცვლად ცოდვა და, როგორც ამ ყველაფრის შედეგი, სიკვდილი შეიძინა (დაბადება 3:19). ესტაფეტის მსგავსად, არასრულყოფილების მთელი კომპლექსი და მისი სამწუხარო შედეგები მის შთამომავლებს გადაეცა, ჩვენი ჩათვლით. ბიბლია ამის შესახებ ასე ამბობს:  
«როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით - სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა» (რომაელები 5:12). 

კითხვა: როგორი პიროვნების საშუალებით გახდნენ ადამიანები ცოდვილნი? ადამიანის შეცდომის საშუალებით, თანაც, იმ მომენტში სრულყოფილის. ასეთ შემთხვევაში, სამართლებრივი თვალსაზრისით, რა იყო საჭირო იმისათვის, რომ ადამიანები ღვთის მიერ თავიდან ჩაფიქრებულ უცოდველ მდგომარეობას დაბრუნებოდნენ? მართლა პირადად ღმერთის მსხვერპლი იყო ამისათვის საჭირო? შეეძლო თუ არა, ასე ვთქვათ, იმაზე დაბალი სტატუსის მსხვერპლს, ვიდრე ღმერთია, ადამის შეცოდების შედეგების კომპენსირება? ამ კითხვაზე პასუხს, სასჯელისა და ზარალის კომპენსაციის ტოლმნიშვნელოვნების ცნობილი ბიბლიური პრინციპი სცემს, რომელიც ჯერ კიდევ მოსეს კანონში იყო ასახული. მის თანახმად, ნებისმიერი ზიანის კომპენსირება, რომელსაც ვინმე სხვა ადამიანს მიაყენებდა, ანალოგიური სახით უნდა მომხდარიყო: 
«უნდა ზღო სულის სანაცვლოდ სული, თვალის სანაცვლოდ თვალი, კბილის სანაცვლოდ კბილი, ხელის სანაცვლოდ ხელი, ფეხის სანაცვლოდ ფეხი, დამწვრობის სანაცვლოდ დამწვრობა, ჭრილობის სანაცვლოდ ჭრილობა, დარტყმის სანაცვლოდ დარტყმა» (გამოსვლა 21:23-25).

იგივე პრინციპი მოქმედებს ასევე იმ ზიანთან დაკავშირებითაც, რომელიც თითოეულმა ადამიანმა მიიღო ადამის შეცდომის გამო. თუ ქვეყნიერებაში ცოდვა სრულყოფილი ადამიანის მოქმედების საშუალებით შემოვიდა (და არა ღმერთის), მაშინ კაცობრიობისათვის მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვისაც საკმარისი იყო, სრულყოფილი ადამიანის მხრიდან ანალოგიური, თუმცა საპირისპირო ქმედება. არც მეტი იყო საჭირო და არც ნაკლები.
«როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი, ასევე ადამიანის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც» (1 კორინთელები 15:21). 
«ამრიგად, როგორც ერთმა შეცდომამ მოუტანა მსჯავრი ყველას, ასევე ერთ მოქმედებას, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა, ყველასთვის მართლებად აღიარება მოაქვს სასიცოცხლოდ. როგორც ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით გახდება მრავალი მართალი» (რომაელები 5:18,19).

ზემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლები ხაზს უსვამენ, რომ ცოდვისაგან გასათავისუფლებლად, რომელიც ქვეყნიერებაში სრულყოფილმა შემოიტანა და შედეგად დაუმრჩილებელ ადამიანად იქცა, საჭირო იყო ასეთივე სრულყოფილი ადამიანის მსხვერპლი, რომელიც სრულიად ერთგული იქნებოდა ღვთისა. მისი მსხვერპლის ფასი საკმარისი აღმოჩნდებოდა კაცობრიობის ცოდვისა და სიკვდილისაგან გამოსყიდვის განსახორციელებლად. შესაბამისად, არც არსებობდა და არც არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, თითქოს ასეთი მიზანი მხოლოდ ღმერთის მიერ გაღებული მსხვერპლით შეიძლება მიღწეულიყო.




ადამიანის მიერ ცოდვა, ადამიანის მიერვე გამოსყიდვა


მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა შეიქმნა: ვინაიდან ადამის ყველა შთამომავალმა მემკვიდრეობით მიიღო ცოდვა, დედამიწაზე არავინ იყო ისეთი, ვინც მოცემული მისიის შესასრულებლად გამოდგებოდა (ფსალმუნები 14:1; იგავები 20:9; ეკლესიასტე 7:20; რომაელები 3:9-12,23). ნიშნავდა ეს იმას, რომ ცოდვილი კაცობრიობის ხსნის საკითხი გადაუჭრელი ამოცანა იყო? არანაირად. ღმერთს ზეცაში სხვა სრულყოფილი გონიერი არსებებიც ჰყავდა – ანგელოზები. მათი სტატუსი ადამიანზე მაღალიც კია (შეადარეთ ფსალმუნები 8:4,5; ებრაელები 2:9). შემოქმედს, «ვის ხელშიცაა ყოველი ცოცხლის სული», ნებისმიერი ზეციერი პიროვნების გამოყენება შეეძლო, რომელიც ნებაყოფლობით წარადგენდა საკუთარ თავს ამ მიზნის განსახორციელებლად (იობი 12:10; ეზეკიელი 18:4). «ეს ადამიანებისთვის არის შეუძლებელი, ღვთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია» (მათე 19:26). მიუხედავად ამისა, ღმერთმა ამისათვის განსაზღვრა არა მილიონობით ანგელოზებიდან ერთ-ერთი, არამედ თავისი მხოლოდშობილი ძე, რითაც საკუთარი უდიდესი სიყვარული გამოავლინა (დანიელი 7:10; იოანე 3:16).
«მან შეგვიყვარა და გამოგზავნა თავისი ძე შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო» (1 იოანე 4:10).

და აი აქ ვხედავთ მნიშვნელოვან თავისებურებას, რომელიც კაცობრიობის გამოსასყიდის ფასთანაა დაკავშირებული. თუ, როგორც ზოგიერთებს მიაჩნიათ, გამოსასყიდად საჭირო იყო არც მეტი და არც ნაკლები თავად ღმერთის მსხვერპლი, მაშინ გაუგებარია ის მიზეზი, თუ რატომ დასჭირდა ძეს «ყველაფერზე უარის თქმა» და ხორციელ ადამიანად გახდომა (ლუკა 1:30-35; ფილიპელები 2:7). რაში სჭირდებოდა ღმერთს საკუთარი თავის ასე დამცირება, თუ გამოსასყიდად უშუალოდ მისი ღვთაებრივი არსება იყო საჭირო? თუმცაღა, გამოსყიდვის ბიბლიური პრინციპის მიყოლის შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ საჭირო მსხვერპლი უნდა ყოფილიყო უშუალოდ ადამიანური ბუნების, ადამის ბუნების ტოლმნიშვნელოვანი და არანაირად მასზე მეტი (1 კორინთელები 15:45).  შესაბამისადვე საუბრობს ბიბლია ადამზე «ვინც იმის მსგავსება იყო, რომელიც უნდა მოსულიყო», ანუ იმ სრულყოფილი ადამიანის, რომლის გამოსასყიდ მსხვერპლსაც შეეძლო ადამის ცოდვის შედეგების კომპენსირება (რომაელები 5:14).
«ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა. უფრო მეტიც, როცა ადამიანის სახე მიიღო, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე» (ფილიპელები 2:7,8).
«სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენს შორის დამკვიდრდა» (იოანე 1:14). 



ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საინტერესოს წარმოადგენს ბიბლიური განმარტება, რომელიც ებრაელების 2:14-17-შია ჩაწერილი:
«ამიტომ, რადგან შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, ისიც მსგავსადვე ეზიარა მათ, რათა თავისი სიკვდილით ბოლო მოუღოს მას, ვინც სიკვდილს იწვევს, ესე იგი ეშმაკს, და გაათავისუფლოს ყოველი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო, რადგან ის ანგელოზებს კი არ ეხმარება, არამედ აბრაამის შთამომავლობას. მაშასადამე, ის ყველაფერში თავის ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა გულმოწყალე და ერთგულ მღვდელმთავრად დანიშნულიყო ღვთის საკუთრებაზე, რომ შერიგების მსხვერპლი შეეწირა ხალხის ცოდვებისთვის».

მოცემული ბიბლიური მონაკვეთი გვიხსნის, თუ უშუალოდ როგორი მსხვერპლი იყო საჭირო კაცობრიობის გამოსასყიდად – «სისხლი და ხორცი», იმის მსგავსი, რომელიც ადამიანებს ჰქონდათ. ასეთი გათავისუფლება რომ წარედგინა, ძეს «ყველაფერში» ადამიანების დამსგავსება სჭირდებოდა, გარდა მათი არასრულყოფილებისა, - ის ისეთივე ადამიანი უნდა გამხდარიყო, როგორიც ისინი იყვნენ.



იგივე ბიბლიური მონაკვეთი მე-16 მუხლში აზუსტებს, რომ ასეთი მსხვერპლი სრულიად საკმარისი იყო ადამიანების გამოსასყიდად, ამიტომაც «ის [ძე] ანგელოზებს კი არ ეხმარება», არამედ ადამიანებს. ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში გამოყენებული ფრაზა «ევლინება მწედ» შესაძლოა ცოტა ძნელად გასაგებად ჟღერდეს მკითხველისთვის. ძველ ტექსტში აქ დგას სიტყვა «επιλαμβάνεται» (ეპილამბანეტაი), რომელიც ნიშნავს «საკუთარ თავზე აღებას» და შეიძლება საფუძვლიანი დახმარების, მხარდაჭერის აზრს ატარებდეს. მაგალითად, ეს სიტვა გამოიყენება ისეთ ბიბლიურ მონაკვეთებში, როგორებიცაა მათეს 14:31 და მარკოზის 8:23, სადაც აღწერილია, თუ როგორ ეხმარებოდა იესო ხალხს პირდაპირი გაგებით, ხელჩაკიდებული. ხოლო იმავე ებრაელების მიმართ მიწერილი წერილის 8:9-ში ეს სიტყვა ნათარგმნია როგორც «ხელი ჩავკიდე». 




მაშ ასე, ზემოთ განხილულ ბიბლიურ მონაკვეთში მოცემული ინფორმაციის თანახმად, შეგვიძლია დავასკვნათ: რადგან ძის წინაშე კაცობრიობის გამოსყიდვის ამოცანა იდგა და არა ანგელოზების, ამისათვის საჭირო იყო მსხვერპლი, რომელიც უშუალოდ მათი ადამიანური სტატუსის შესაფერისი იქნებოდა. «რადგან ის ანგელოზებს კი არ ეხმარება, არამედ აბრაამის შთამომავლობას. მაშასადამე, ის ყველაფერში თავის ძმებს უნდა დამსგავსებოდა» (ებრაელები 2:16,17). ანუ კაცობრიობის გამოსასყიდად სრულყოფილი ადამიანის მსხვერპლი იყო საჭირო. როგორც შედეგი, ჩვენ კვლავ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ სრულიად უსაფუძვლოა ის მოსაზრება, თითქოს პირადად ღმერთის მსხვერპლი იყო აუცილებელი, რომლის გარეშეც, თითქოსდა გამოსყიდვა ვერ შედგებოდა. ებრაელების 2:14-17-ში მოცემული პრინციპი, როგორც ვხედავთ, საპირისპიროზე საუბრობს… 


თავად ის ფაქტი, რომ გამოსასყიდი მხოლოდ სრულყოფილი ადამიანის სისხლისა და ხორცის მეშვეობით შეიძლება გადახდილიყო, ეწინააღმდეგება თავად ღმერთის მსხვერპლის აუცილებლობის იდეას. არც ღმერთს, არც ძეს და არც ანგელოზებს არ აქვთ სისხლი და ხორცი, რადგან სულიერ სხეულებს ფლობენ (იოანე 4:24; ფსალმუნები 104:4; 1 კორინთელები 15:50). მათ არც სჭირდებათ ასეთი სხეულები, ადამიანისაგან განსხვავებით, რომლის არსებობაც მრავალ ფიზიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჯერ კიდევ ძველიაღთქმისეული კანონის საფუძველზე იყო ხაზგასმული, რომ ცოდვებისაგან განწმენდა პირდაპირ იყო დამოკიდებული ფიზიკური არსების სისხლის დაღვრასთან და არა რომელიმე სულიერი პიროვნების მსხვერპლთან.  
«კანონის თანახმად, თითქმის ყველაფერი სისხლით წმინდავდება და სისხლის დაუღვრელად პატიება არ ხდება» (ებრაელები 9:22). 
«ვინაიდან ხორციელის სული მის სისხლშია; მე ის სამსხვერპლოსთვის დაგიწესეთ, რათა შესრულდეს გამოსყიდვის წესი თქვენი სულებისთვის, რადგან სისხლს შეუძლია გამოსყიდვა იმ სულით, რომელიც მასშია» (ლევიანები 17:11).

ამ არსებითი გარემოების გაგებაც ასევე გვეხმარება უკვე გაჟღერებულ დასკვნამდე მისვლაში: კაცობრიობის გამოსასყიდად სრულყოფილი ადამიანის მსხვერპლი იყო საჭირო, მისი სამსხვერპლო სისხლი. ცოდვა, რომელიც მიწიერმა ადამიანმა (ადამმა) გადასცა დანარჩენ მიწიერ შთამომავლებს, სხვა მიწიერი (სრულყოფილი) ადამიანის სისხლის მეშვეობით მოითხოვდა კომპენსაციას. მიწიერი დაშვებული შეცდომა მიწიერ მსხვერპლს საჭიროებდა. მიწიერი დამნაშავის დანაშაულის შედეგები, ისევ და ისევ მიწიერი მართლის მოქმედებით უნდა ყოფილიყო გადაფარული. ზუსტად ამიტომ არ არსებობს სულ მცირე ბიბლიური საფუძველიც კი იმის სამტკიცებლად, თითქოს ამ ამოცანის განხორციელება მხოლოდ ზეციერი ღმერთის სიკვდილს შეეძლო. 
«როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი, ასევე ადამიანის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც. როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში» (1 კორინთელები 15:21,22). 
«თუ ერთი ადამიანის შეცოდებით მრავალი მოკვდა, ერთი ადამიანის, იესო ქრისტეს მეშვეობით მრავალს უხვად მიეცა ღვთის წყალობა და წყალობასთან ერთად მისი უსასყიდლო ძღვენი… როგორც ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით გახდა მრავალი მართალი» (რომაელები 5:15,19).


იესომ, რომელიც სრულყოფილ ადამიანამდე დაიმცირა თავი, შეძლო გამხდარიყო ზუსტად ის აუცილებელი მსხვერპლი, რომელმაც კაცობრიობის ცოდვის გამოსყიდვა გახადა შესაძლებელი. მას მხოლოდ ხორციელი სხეულის გარეგანი სახე არ შეუქმნია, როგორც ეს აგნოსტიკოსებს მიაჩნდათ. და ის არ ქცეულა ერთგარ «ღმერთკაცად» ან «კაცღმერთად», როგორც ამას ტრინიტარები ამტკიცებენ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ფორმულირებებს ბიბლიაში ვერსად ვხვდებით. თუ წმინდა წერილი ადამზე საუბრობს, როგორც იმის მსგავსებაზე «რომელიც უნდა მოსულიყო», (ანუ იესოს), ნიშნავს ეს იმას, რომ ადამი «ღმერთკაცი» იყო, თუ იესოს ასეთად მივიჩნევდით? (რომაელები 5:14). პირიქით, ღვთის სიტყვა არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ ძე პირდაპირი გაგებით «ხორცი გახდა», ანუ ისეთივე, როგორიც თავად ადამი იყო (იოანე 1:14; ებრაელები 2:14,17).




არა პიროვნება, არამედ სრულყოფილი სტატუსი


თუ ჰიპოთეტურად (!) წარმოვიდგენთ, თითქოს დედამიწაზე ადამის შემდეგ კიდევ ერთი სრულყოფილი ადამიანი გაჩნდა, რომელმაც სრულყოფილად შეძლო ღვთის მოთხოვნების შესრულება და თავი აარიდა ნებისმიერი სახის ცოდვას, იქნებოდა კაცობრიობისათვის გაღებული მისი მსხვერპლი ადამის ცოდვის კომპენსაციის საფუძველი? და რა იქნებოდა ასეთი მსხვერპლის ფასეულობის საღიარებლად ხელის შემშლელი? თუ საფუძვლად გამოსვლის 21:23-25-ში ჩაწერილ ცნობილ პრინციპს ავიღებთ, სრულყოფილი ადამიანის ცოდვისათვის, ასეთივე სრულყოფილი ადამიანის მსხვერპლი იყო საჭირო. ამ პირობის შესრულების შემთხვევაში, გამოსყიდვის ფაქტი აღსრულდებოდა. იმიტომ რომ ცოდვის კომპენსაციის საფუძვლს წარმოადგენს არა პიროვნება, არამედ მსხვერპლის სრულყოფილი სტატუსი. 

მაგალითად, იესოს გაღებული მსხვერპლის პირველსახეს წარმოადგენდა პასექი (1 კორინთელები 5:7). პასექის წესდების თანახმად, ებრაელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცხვარი აერჩიათ მისი საპასექო მსხვერპლის სახით შესაწირად. არჩევის კრიტერიუმების შესახებ კანონში შემდეგი რამ ეწერა: 
«ცხვარი მამალი უნდა იყოს, საღი, ერთი წლის. აირჩიეთ ან ცხვარი, ან თხა» (გამოსვლა 12:5).

მთავარ კრიტერიუმს ცხვრის მდგომარეობა წარმოადგენდა – «საღი», ასევე სათანადო ასაკი და ჯიში. მოცემული პირობების დაცვით, ღვთისმოშიში ებრაელები შემდგომ პირადად არჩევდნენ იმ ცხვრებს, რომლებიც კანონის მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ. ამასთანავე თავადვე შეეძლოთ იმის გადაწყვეტა, თუ რომელ ცხოველს შესწირავდნენ საპასექო მსხვერპლად – ახალგაზრდა ცხვარს თუ თხას. 

არსებითად, ასევე მდგომარეობდა საქმე კაცობრიობისათვის გასაღებ მსხვერპლთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ უკვე ითქვა, გამოსყიდვის შესასრულებლად საჭირო იყო «უკანასკნელი ადამი», ანუ სხვა სრულყოფილი ადამიანი (1 კორინთელები 15:45). ასეთი თუ მოიძებნებოდა დედამიწაზე, მაშინ ადამიანის მეშვეობით გამოსყიდვის შანსი ჩნდებოდა. მაგრამ სრულყოფილი («საღი») ადამიანები აღარ იყვნენ. ამიტომ შესაბამისი «კრავის» არჩევა ღმერთს შეეძლო სხვა სრულყოფილი (თუმცა უკვე ზეციური) არსებებიდან. ასე ვთქვათ, «ახალგაზრდა ცხვარი ან თხა» (გამოსვლა 12:5). თანაც, ისევე როგორც საპასექო ცხვრების შემთხვევაში, საუბარი იყო უშუალოდ მსხვერპლის სრულყოფილ სტატუსზე  და არა კონკრეტულ პიროვნებაზე. ღმერთს დიდი არჩევანი ჰქონდა და მან ის გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მიზნის განსახორციელებლად, როგორც ჩანს, ნებისმიერი მისი ერთგული ანგელოზი შეიძლება გამომდგარიყო, მან ყველაზე ძვირფასი აირჩია, რაც კი მას გააჩნდა – საკუთარი მხოლოდშობილი ძე! (დანიელი 7:10; იოანე 3:16). და ამ აზრით გახდა ქრისტე ზუსტად «ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!» (იოანე 1:29).




«აბა რაში გამოვლინდა მაშინ ღმერთის სიყვარული?»


ყველა ზემოთგანხილული ფაქტების პასუხად, ტრინიტარიზმის მომხრეები ხანდახან ამბობენ: «თუ კაცობრიობის გამოსასყიდად თავად ღმერთის მსხვერპლი არ იყო საჭირო და სხვა ნებისმიერი მისი მსახური შეიძლებოდა გამოყენებულიყო, მაგალითად, რომელიმე ანგელოზი, მაშინ რაში გამოვლინდა ღვთის სიყვარული? მას ხომ საკუთარი თავი არ გაუღია მსხვერპლად!» როდესაც ასეთი რამ მესმის, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ადამიანი მთლად კარგად ვერ აცნობიერებს, თუ რას ნიშნავს მამობრივი სიყვარული.

ჩემი მხრიდან სურვილი მიჩნდება, რომ ასეთ ადამიანს ვკითხო: თქვენ თუ გყავთ შვილები? პირადად თქვენ მამა ხართ? რა უფრო მძიმე იქნებოდა თქვენთვის – საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება თუ შვილის სასიკვდილოდ გაწირვა, თანაც, უმეტეს შემთხვევაში უმადური ადამიანებისათვის? ნებისმიერი მშობელი, გინდ მამა იყოს და გინდ დედა, საკუთარ თავს უფრო გაიღებს მსხვერპლად, ვიდრე საკუთარ შვილს. იმიტომ რომ საკუთარი შვილის ტანჯვის ყურება, როდესაც მისი დაცვის საშუალება არ გაქვს, თანაც მისი ასეთი საშინელი სიკვდილის დაშვება, ყოველივე ეს წარმოუდგენელ წამებას წარმოადგენს თავად მშობლისათვის! ამიტომ თავად იმის მტკიცების ფაქტი, თითქოს, "ღმერთმა, რომელმაც სასიკვდილოდ საკუთარი თავი კი არა, საკუთარი მხოლოდშობილი ძე გაიღო, ამ ყველაფრით სათანადო სიყვარული არ გამოავლინა", მკრეხელურია! არსებითად, ასეთი ადამიანები არაფრად აგდებენ ღვთის გრძნობებს, რომელმაც მათ გასათავისუფლებლად ყველაზე ძვირფასი და ფასეული გაიღო, რაც კი მას გააჩნდა! მათ ეჭვი ეპარებათ მის მამობრივ სიყვარულში!

პატრიარქი აბრაამის მაგალითი ავიღოთ, რომლის ძეებიც ეწოდება მათ «ვინც რწმენას არის ჩაჭიდებული» (გალატელები 3:7; რომაელები 4:16). შეიტანს თუ არა გულქრფელად მორწმუნე ქრისტიანი ეჭვს აბრაამის მოტივებში და მამობრივ სიყვარულში, რომელმაც მზადყოფნა გამოავლინა მსხვერპლად გაეღო «ერთადერთი ვაჟი, რომელიც ძალიან [უყვარდა]»? (დაბადება 22:2). ან, შესაძლოა, ასეთმა «მორწმუნემ» აბრაამის მიმართაც დაიწყოს საყვედურებით ლაპარაკი, ვითომდა, "მან ისააკი შესწირა, არადა შეეძლო მის ნაცვლად საკუთარი თავი შეეთავაზებინა"? ღვთისათვის ცნობილი იყო ყველაფერი, რასაც იმ მომენტში გრძნობდა აბრაამი. აბრაამის შინაგანი განწყობა, მისი ძლიერი განცდები, მისი სიყვარული, ყველაფერ ამას იმის «სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა», თუ მომავალში თავად ღმერთი როგორ მოიქცა თავის მხოლოდშობილ ძესთან მიმართებით – «ვინც საკუთარი ძე გაიმეტა და ყველა ჩვენგანისთვის შესწირა» (ებრაელები 11:19; რომაელები 8:32).




ზუსტად ამიტომ არ მიმაჩნია ასეთი გამოთქმები გონივრული. ღვთის სიყვარულმა ზუსტად იმაში ჰპოვა თავისი უდიდესი გამოვლინება, რომ მან მსხვერპლად არ გაიღო მილიონობით სრულყოფილი და მისი ერთგული ანგელოზებიდან ერთ-ერთი (დანიელი 7:10). ამ ანგელოზებიდან ნებისმიერს, დედამიწაზე გამოგზავნის შემთხვევაში, შეეძლო ზუსტად ის სრულყოფილი ადამიანი გამხდარიყო, რომლის სიკვდილსაც კაცობრიობის ცოდვის გამოსყიდვისათვის აუცილებელი საფუძველი ჩაეყარა. პირიქით, ღმერთმა ამ მიზნისათვის ყველაზე ძვირფასი წარადგინა, იქიდან რაც კი გააჩნდა – თავისი მხოლოდშობილი ძე, რომლის სწორიც არ არსებობდა! და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ღვთის ასეთ გადაწყვეტილებაში მამობრივი სიყვარულის ნაკლებობაა, ასეთ ადამიანს მხოლოდ უნდა ვუთანაგრძნოთ…
«ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული ჩვენდამი იმით გახდა ცხადი, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე. სიყვარული ის კი არ არის, რომ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ ის, რომ მან შეგვიყვარა და გამოგზავნა თავისი ძე შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო» (1იოანე 4:8-10).




დასკვნა

მაშ ასე, ჩემთვის გაუგებარია თუ რის საფუძველზე ყალიბდება ის მოსაზრება, თითქოსდა ადამის ცოდვის კომპენსაციისათვის, მხოლოდ და მხოლოდ თავად ღმერთის მსხვერპლი იყო გამოსადეგი. როდესაც ამის შესახებ ტრინიტარებს ვეკითხები, პასუხად უამრავ ლამაზ და პათოსურ სიტყვებს ვისმენ, თუმცა ამავდროულად არცერთ მკაფიო ბიბლიურ არგუმენტს. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ასეთი თვალსაზრისის საფუძველი წმინდა წერილებში უბრალოდ არ არსებობს? სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებში აშკარა ხდება სერიოზული პრობლემა – ასეთი ადამიანებისაგან ძალიან ცოტას თუ ესმის საერთოდ გამოსყიდვის ბიბლიური პრინციპები. როგორც ჩანს, ზუსტად ამის გამო განაგრძობენ მსგავს საკითხებში «ხეტიალს», რაც აიძულებს მათ, რომ ასეთ პათოსურ რეპლიკებს მიმართონ.

ასეთი პოზიციის კიდევ ერთ მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს სამების თეორიის თავგამოდებული დაცვის სურვილი, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ძის ღვთაებრიობის დოგმატი წარმოადგენს. ბიბლიის თვალსაზრისით ტრინიტარული დოგმატების მცდარობის შესახებ ჩვენ ბევრი გვისაუბრია. ხოლო რაც შეეხება კაცობრიობის გამოსყიდვის საკითხს, მოსაზრება მსხვერპლის ღვთაებრივი არსის შესახებ მხოლოდ ხაზს უსვამს ამ დოგმატის შეუმდგარობას. ეს იმიტომაა ასე, რომ მოცემულ მოსაზრებას 1) არ გააჩნია ბიბლიური საფუძველი, და 2) მორიგ დაპირისპირებაში მოდის იმ ბიბლიურ პრინციპებთან, რომლებიც თავად გამოსყიდვის მექანიზმს არეგულირებენ.


მოცემულ სტატიაში მე ჩემი თვალსაზრისი გამოვხატე ადამის ცოდვისაგან კაცობრიობის გამოსყიდვის საკითხზე. მე არ ვთვლი ბიბლიური საფუძვლის მქონედ მოსაზრებას, თითქოს გამოსყიდვა მხოლოდ უშუალოდ ღვთის სიკვდილს შეეძლო შეესრულებინა. 

წმინდა წერილის პრინციპების შუქში, ადამის შეცოდებით მიყენებული ზარალის კომპენსირებისათვის საჭირო იყო უშუალოდ ისეთივე სრულყოფილი ადამიანის მსხვერპლი, როგორსაც შეცოდებამდე წარმოადგენდა თავად ადამი (შეადარეთ გამოსვლა 21:23-25; რომაელები 5:14-19; 1 კორინთელები 15:21,22). 

იმის გათვალისწინებით, რომ დედამიწაზე არცერთი სრულყოფილი ადამიანი არ იყო, ასეთი შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ დედამიწაზე გამოგზავნილი სულიერი პიროვნება (ფსალმუნები 14:1; იგავები 20:9; ეკლესიასტე 7:20; რომაელები 3:9-12,23). 

მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთს ამისათვის მილიონობით ანგელოზიდან ერთ-ერთის გამოყენება შეეძლო (დანიელი 7:10). 

თუმცა შემოქმედმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა, როდესაც მსხვერპლად ყველაზე ძვირფასი გაიღო – თავისი მხოლოდშობილი ძე (იოანე 3:16). 

მისმა ძემ, რომელიც მამამ დედამიწაზე გამოგზავნა და სრულყოფილი ადამიანი, იესო გახდა, ზუსტად შეასრულა მსახურების საქმე და თავისი მსხვერპლად შეწირვით სამართლებრივი საფუძველი მისცა კაცობრიობის ცოდვისა და სიკვდილის მონობისაგან გამოსყიდვას (საქმეები 20:28; რომაელები 3:24; კოლოსელები 1:14). 

ცოდვილი კაცობრიობისადმი ღმერთის სიყვარულისა და გულმოწყალების ასეთი მკაფიო გამოხატულება, ზეციერი მამისადმი დიდი სიყვარულის მქონე მის მსახურებში, ღრმა მოწიწებას, მადლიერებასა და საპასუხო სიყვარულს იწვევს! (1 იოანე 4:8-10)

---------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com 

Комментариев нет:

Отправить комментарий